ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის საჯარო სკოლაში „დედა ენის“დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია გაიმართა.

დაილოცოს „დედა ენის“ შემოქმედი. 14 აპრილი ხომ ,,დედა ენის“დღეა. გაზაფხულის მზიანი დილა ბორითის საჯარო სკოლაშიც იგრძნობოდა.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთენ, რათა პრეზენტაცია საინტერესოდ წარმართულიყო. მათი განწყობა ხალისიანი და საზეიმო გახლდათ.

მათ პატივი მიაგეს „დედა ენის“ დიდ სიყვარულს; განძს, რომელიც ქართველ კაცს მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება.

მონაწილეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს მობრძანებულ სტუმრებს, რომ ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა. ენა ხალხის საკუთრებაა. მას მოვლა, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.

„ენა ქართული, მოვლენილი მადლი ზეცისა“ – ამ სათაურით წარმოადგინეს ღონისძიებაზე პრეზენტაცია. მოსწავლეებმა წარმოთქვეს „დედა ენაზე“ სიტყვები, ლექსები. მათ გააცოცხლეს დიდი იაკობის ცხოვრება და შემოქმედება. ისაუბრეს ქართული ენის სიძველესა და სიდიადეზე. დადეს ფიცი, რომ თუ საჭირო გახდა, „დედა ენას“ კვლავაც დაიცავენ.

მზიანი დილა ერთიანად ალამაზებდა მოზეიმეებს. თავის სხივებში ახვევდა და გაღიმებული ჩურჩულებდა: „დედაო ენავ, დედაო ენავ“…

ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ეს ლამაზი დღესასწაული სკოლის დირექტორმა სერგო ლაბაძემ და მისმა მოადგილემ მაია ბარბაქაძემ მიულოცეს. მათ  წარმატებები უსურვეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს.

შორენა ტაბატაძე
ბორითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
პრეზენტაციის ავტორი