სპორტის საერთაშორის დღე მსოფლიოში 6 აპრილს 2013 წლიდან აღინიშნება. სწორედ ამ დღეს, 6 აპრილს, 1896 წელს  ათენში პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები გაიმართა.

სპორტის მსოფლიო დღე ხარაგაულში კალათბურთსა და ფეხბურთში შეჯიბრებებით აღინიშნა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტი სპორტის საკითხებში უჩა ცხადაძე ამბობს, რომ რადგან ხვალინდელი დღე, 6 აპრილი, „წითელი პარასკევი“ და უქმე დღეა, ამიტომ სპორტის საერთაშორისო დღე 5 აპრილს აღნიშნეს.

კალათბურთში ექვსი სკოლის გუნდი მონაწილეობდა – ნადაბურის, ხევის, ვერტყვიჭალის, ბორითის, ბორის საჯარო სკოლებისა და სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის გუნდები. ფინალში ერთმანეთს ვერტყვიჭალისა  და სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის კალათბურთელები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება სპორტსკოლის გუნდს ხვდა წილად. ფინალისტები სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ხარაგაულის სპორტულ დარბაზში მინი ფეხბურთში შეჯიბრება ვეტერანი სპორტსმენების მონაწილეობით ჩატარდა.

ფოტოებზე: კალათბურთის ფინალის მონაწილე გუნდები შეჯიბრების ორგანიზატორებთან და მწვრთნელებთან ერთად