საკრებულოს სხდომაზეხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომა დეპუტატებმა განიხილეს ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის (დირექტორი ალექსანდრე ბარბაქაძე) მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში და დაამტკიცეს ამავე ცენტრის მიერ 2014 წელს განსახორციელებელი პროგრამა. დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარდგა ა(ა)იპ მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჭიპაშვილი.

იგეგმება ახალი სამსახურის შექმნა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა საკრებულოს წინაშე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახურის შექმნის საკითხი დააყენა. გამგებლის თქმით, შიდა აუდიტის  შესახებ კანონი ადგილობრივ თვითმმართველობას აძლევს უფლებას, რომ ასეთი სამსახური არსებობდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

„ეს სამსახური იქნება ძალიან მობილური და რეაგირებას მოახდენს ბიუჯეტიდან გასული და სხვადასხვა სუბიექტების მიერ დასახარჯი საბიუჯეტო თანხების კონტროლზე, მათ შორის ეფექტიანობის, ეკონომიურობისა და რაც მთავარია, კანონიერების თვალსაზრისით,“ – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

გამგებლის ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს სამსახურების შიდა დისციპლინას და სხვა იურიდიული პირების მიერ კანონდარღვევის შემთხვევებს – ტერიტორიების დანაგვიანების, მშენებლობის პირობების დარღვევის ფაქტებს. გამგებლის თქმით, შიდა აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახური ძალიან მასშტაბურია თავისი უფლებამოსილებით და ის იქნება ერთ-ერთი ხერხემალი წესრიგის დამყარების კუთხით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

კობა ლურსმანაშვილი აპირებს, რომ უახლოეს დღეებში დააყენოს საკრებულოს წინაშე რიგგარეშე სესიის მოწვევის საკითხი, რადგან, მისივე თქმით, ამ სამსახურის შექმნა ძალიან პრინციპული საკითხია. გამგებელი დარწმუნებულია, რომ საკრებულო მხარს დაუჭერს შიდა აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახურის შექმნას.

 

საკითხი უნდა განიხილოთ მხოლოდ სამართლებრივი კუთხით და არა პოლიტიკურ ასპექტში

საკრებულოს სხდომაზე გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა დეპუტატებს დაბა ხარაგაულის ტერიტორიული ორგანოს მხრიდან მის სახელზე შესული წერილი გააცნო.

„მოგახსენებთ, რომ გვიწევს მუშაობა გაუსაძლის პირობებში, გვაქვს ოთახი 7 მ2 ფართის, ორი მაგიდა და ოთხი სკამი, მოძველებული კომპიუტერი. არ გვაქვს წყალი და სველი წერტილი. დაბა ხარაგაულის ტერიტორიული ორგანოს კუთვნილ ფართს ფლობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაცია. გაფორმებული აქვთ საიჯარო ხელშეკრულება ძველი ხელისუფლების დროს და დაკავებული აქვთ ორი დიდი ოთახი კომპიუტერებით, გამათბობელით და კონდიციონერით. გთხოვთ, გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები,“ – ნათქვამია წერილში.

კობა ლურსმანაშვილმა განაცხადა, რომ ის გაეცნო „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს. მისი თქმით, 2008 წელს გაფორმდა ხელშეკრულება მუნიციპალიტეტის გამგებელსა და„ნაცმოძრაობის“ გენერალურ მდივანს შორის. 2008-2012 წლებში პარტია იხდიდა ქირას 15 ლარს.

გამგებლის ინფორმაციით, 2012 წელს მოხდა ცვლილება აღნიშნულ ხელშეკრულებაში დაზოგიერთი მუხლი ამოიღეს ხელშეკრულებიდან. ქირის ოდენობა 15 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა, ხოლო კომუნალური გადასახადების გადახდა (წყალი, ელენერგია) დაეკისრა მუნიციპალიტეტს.

გამგებლისთვის მიუღებელია, რომ ბიუჯეტმა გადაუხადოს პოლიტიკურ პარტიას კომუნალური გადასახადები და ამ დროს ტერიტორიული ორგანო ვერ ფლობდეს შესაბამის ფართს და არ ჰქონდეს სამუშაო პირობები.

გამგებელი გაფორმებული ხელშეკრულებების უკანონობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისივე თქმით, ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ ის იყოს ნოტარიულად დამოწმებული და საჯარო რეესტრში გატარებული. გამგებელი ამბობს, რომ ეს მოთხოვნები არ შესრულებულა.

„თქვენს წინაშე ვაყენებ საკითხს, რომ 2008 წელს და შემდეგ 2012 წლებში გაფორმებული ხელშეკრულებები უკანონოა. როგორც კი ეს ფაქტი გახდა ჩემთვის ცნობილი, საჭიროდ ჩავთვალე, რომ მაშინვე მეცნობებინა თქვენთვის. ვაყენებ საკითხს საკრებულოს წინაშე, რადგან გამგეობა არ არის უფლებამოსილი ქონების ნაწილში გააუქმოს ან გააფორმოს ხელშეკრულება სუბიექტთან ან ეს ფართი დაუბრუნდეს დაბა ხარაგაულის ტერიტორიულ ორგანოს – კანონიერ მფლობელს. გთხოვთ იმსჯელოთ ამაზე და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. პარტიას მიეცით ერთი თვის ვადა, მოძებნოს სხვა ფართი. თქვენი გადაწყვეტილება იქნება საინტერესო საზოგადოებისთვის, რადგან არაერთხელ მომისმენია, რომ სასათბურე პირობები აქვს ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას.

ამ საკითხს ვაყენებ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და მსურს განიხილოთ. ვითხოვ სამართლებრივ რეაგირებას, რადგან ხელშეკრულება კანონის შესაბამისად არ არის დარეგისტრირებული საჯარო რესტრში და არ არის ნოტარიულად დამოწმებული. სამოქალაქო კოდექსის 94-ე მუხლის თანახმად, ბათილია ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ფორმის დაუცველად,“ – განაცხადა გამგებელმა.

კობა ლურსმანაშვილმა საკრებულოს შესთავაზა, რომ „აცნობონ პოლიტიკური პარტიის ცენტრალურ ოფისს, წარმოადგინოს საჯარო რეესტრში ხელშეკრულების რეგისტრაციის დოკუმენტი. თუ ასეთ დოკუმენტს პარტია ვერ წარადგენს, საკრებულომ დააყენოს ხელშეკრულების ბათილობის საკითხი. თუ უკანონოდ ჩათვლის ხელშეკრულების გაუქმებას მხარე, მიმართოს სასამართლოს.“

გამგებელმა საკრებულოს თავმჯდომარეს უთხრა, რომ საკრებულო უფლებამოსილია ხელახლა გააფორმოს ხელშეკრულება „ნაცმოძრაობის“ გენერალურ მდივანთან. „ჩვენ პარტიის ადგილობრივ ოფისს არ ვედავებით. ჩვენ საქმე გვაქვს ცენტრალურ ოფისთან და მის გენერალურ მდივანთან,“ – აღნიშნა გამგებელმა. მისივე თქმით, საკრებულომ საკითხი უნდა განიხილოს მხოლოდ სამართლებრივ და კანონის ფარგლებში და არა პოლიტიკურ ასპექტში. „თუ ეს საკითხი არ იქნება განხილული და სამართლებრივი შეფასება არ მიეცემა,  ჩვენ აღმოვჩნდებით კანონის დამრღვევები. თქვენ შეიძლება არ იცოდით, რომ ხელშეკრულება არ გატარებულა საჯარო რეესტრში. ამიტომ როცა შეიტყვეთ, თუ არ მოაგვარებთ, თქვენ თანამონაწილეები გახდებით ამ უკანონობის. მე 28 იანვარს მომმართა დაბა ხარაგაულის ტერიტორიულმა ორგანომ და მაშინვე შეგატყობინეთ.“

საკრებულოს წევრებმა იური ლურსმანაშვილმა და რუსუდან გურგენიძემ 2012 წელი გაიხსენეს, თუ როგორ ავიწროებდა ყოფილი მმართველი პარტია იმ კერძო პირებს, რომელთაც ფართი მიაქირავეს მაშინდელ ოპოზიციურ პარტიას. იური ლურსმანაშვილის თქმით, წარმოუდეგენელია, რომ ერთი პარტია იყოს განსაკუთრებულ მდომარეობაში.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კობა გოგსაძის თქმით, აღნიშნული საკითხი შესასწავლი დ გადასამოწმებელია შესაბამისი კომპეტენციის პირებთან. მისი ინფორმაციით, ფართი, რომელშიც ამჟამად იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაცია, პარტიის თანხებით გარემონტდა. მანვე გამოთქვა აზრი, რომ საკრებულოს მხრიდან პარტიისთვის ფართის მიქირავების ხელშეკრულების შეწყვეტა ხომ არ იქნება პოლიტიკური დევნა. კობა გოგსაძე მიიჩნევს, რომ ჯობია, ფინანსური საკითხები პარტიის სათაო ოფისთან მიწერ-მოწერით გაირკვეს.

დეპუტატ გია არევაძის მოსაზრებით, ეს საკითხი არ უნდა გახდეს საკრებულოს განსახილველი, თორემ აუცილებლად მიიღებს პოლიტიკურ ელფერს. მისივე თქმით, ეს სასამართლოში სადავოა.

გია არევაძის განცხადებით, ყველაზე მთავარია, რომ ადგილობრივი ქონების იჯარით გაცემა არ მოხდეს აღმასრულებელი რგოლების შევიწროების ხარჯზე.

დეპუტატმა იუზა კელენჯერიძემ აღნიშნა, რომ საკითხი სწორად დადგა. მისი თქმით, აუცილებელია დაიდოს იურიდიული დასკვნა და დღესვე გადაეგზავნოს პარტიის ცენტრალურ ოფისს.

დეპუტატმა თემურ გამცემლიძემ საკითხის შესასწავლად სპეციალური ჯგუფის გამოყოფა ითხოვა.

საკრებულოს აპარატის უფროსის, ლენა კალანდაძის და იურისტ ინგა ლურსმანაშვილის თქმით, კანონის თანახმად, ადმინისტრაციულ შენობაში პოლიტიკური პარტიის ოფისი არ უნდა იყოს განთავსებული.

საკრებულოს თავმჯდომარემ, აკაკი მაჭავარიანმა აღნიშნა: „მე ვიცი, რომ პარტიის ოფისში არსებული სკამები, მაგიდები, კომპიუტერები და გამათბობელი არის პარტიის კუთვნილება. ეს თუ მუნიციპალტეტის არის, გამოდის, რომ ფართი ძალიან იაფად გვაქვს მათზე მიქირავებული. საქმეში უნდა ჩაერთონ იურისტები. ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს უნდა მივწეროთ, რომ მოიყვანონ კანონის ფარგლებში ხელშეკრულება. ახლა რომ ისინი ჩვენ გარეთ გავყაროთ, ამას ჩაგვითვლიან პოლიტიკურ დევნად. გავიგოთ, რატომ არ გატარდა საჯარო რეესტრში ხელშეკრულება. საკითხი შესასწავლია.“

 

„ერთი სკამი გეყიდათ საავადმყოფოს ლაბორატორიისთვის“

„თუ დღეს ყველაზე მეტად საჭირობოროტო საკითხი ის არის, რომ „ნაცმოძრაობას“ ოფისი უკანონოდ აქვს დაკავებული და არა ის, თუ რა მდგომარეობაა ხარაგაულის ჯანდაცვის სფეროში, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვერაფერი საიმედო გვითხრა. დღეს ვიხილავთ საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრის ინფორმაციას და გამგეობის შესაბამისი სამსახური არ დაინტერესებულა ამით. თუ ჩვენ ყავლგასულები ვართ და არავინ გვისმენს?! ვალდებულები ვართ, ბოლო დღემდე ვიყოთ აქ და ჩვენი აზრი გამოვთქვათ. ძალიან მეწყინა, – აქ იყვნენ რწმუნებულები და თუ ის არის მათი მიზანი, რომ ენახათ, აი, რა მოუვა ნაციონალურ მოძრაობასო და არ აინტერესებთ მათ ზონაში რა მდგომარეობაა ჯანდაცვის კუთხით, ღმერთმა გაუმარჯოთ. არავინ არ მიყვება ნაციონალურ მოძრაობას საფლავში, მაგრამ ჩვენ ახლა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ვიხილავთ. თუ ასე პასიურები უნდა ვიყოთ, მოვა არჩევნები და ყველა მოვიმკით იმას, რაც დავიმსახურეთ,“ – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვისას.

რუსუდან გურგენიძის თქმით, აუცილებელია, რომ ჯანდაცვის სამსახურს სან-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლი დაევალოს. მისივე თქმით, ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებისთვის მეტი ძალისხმევაა საჭირო.

თემურ გამცემლიძემ განაცხადა, რომ „ჩვენ არ შეგვწევს უნარი, რომ ხარაგაულის ჯანდაცვაში არსებული პრობლემები მოვაგვაროთ, მაგალითად – ავაშენოთ საავადმყოფო“. ამიტომ, მისივე თქმით, არაფერს შეცვლიდა გამგეობის სამსახურები მოისმენდნენ თუ არა ამ საკითხს.

რუსუდან გურგენიძის თქმით, არის მთელი რიგი საკითხები, რომელსაც სწორედ საკრებულოს მხრიდან რეაგირება სჭირდება. „ბევრ სოფელში ლეში ყრია ღელეში, მდინარეები ივსება ნარჩენებით. ამ პრობლემების მოგვარებაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ.“

საკრებულოს სხდომაზე მყოფმა მოქალაქე მარინე გოგიამ განაცხადა, რომ უმთავრესია, ადამიანის სიცოცხლე. „ერთი სკამი გეყიდათ საავადმყოფოს ლაბორატორიისთვის, რომ არ დაიმტვრეს იქ მისული ადამიანი. ადამიანი რომ უცბად ცუდად გახდეს, სანამ ტრანსპორტს მოძებნის და სხვაგან წავა, ერთი ოთახი ხომ უნდა იყოს ნორმალური ხარაგაულის საავადმყოფოში, რომ ადამიანი გადარჩეს. ჯერ ეს არის მნიშვნელოვანი.“

 

მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი ამბიციური პროექტებით

ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე ა(ა)იპ მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ხელძღვანელმა მამუკა ჭიპაშვილმა რამდენიმე საინტერესო სიახლე გააცნო დამსწრეთ. „რამდენიმე დღის წინ თბილის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი, წარმოშობით ხარაგაულული, იმყოფებოდა ხარაგაულში. ის აპირებს მარელისში ტურისტული ცენტრის აშენებას 50 კაციანი სასტუმროთი და ინფრასტრუქტურით. უახლოეს ხანში ის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს შეხვდება. იმედია, ადგილობრივი ხელისუფლება ამ პროექტების განხორციელებას მხარს დაუჭერს.

მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულში მოსწავლეთა სასახლის სტუდია „პიონერფილმის“ ინიციატივით ზაფხულში მოეწყობა ორკვირიანი ბანაკი „კინოქალაქი“. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან არჩეულ ახალგაზრდებს ათი ხარაგაულელი ახალგაზრდა დაემატება. ისინი სპეციალურ სწავლებას გაივლიან ცნობილი რეჟისორებისგან და ფილმებს გადაიღებენ. პროექტს აფინანსებს მთლიანად „პიონერფილმი.“ მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი მოსწავლეთა თვითმმართველობის დარბაზს დააფუძნებს. „ვმუშაობთ და საკმაოდ ამბიციური პროექტებიც გვაქვს,“ – აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე მამუკა ჭიპაშვილმა. მისი თქმით, ორგანიზაციის სერიოზული პრობლემა უკავშირდება ტრანსპორტირებას, რაც საკმაოდ ძვირი უჯდება. მამუკა ჭიპაშვილის თქმით, მათთვის არასაკმარისია ოფისის ფართი.

მორიგი ცვლილება ფრაქციებში

საკრებულოს სხდომაზე სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ფხალაძემ კოლეგებს ღორეშის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა გლუნჩაძის განცხადება გააცნო. ზაზა გლუნჩაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა ფრაქცია „მაჟორიტარი“ და გაწევრიანდა ფრაქციაში „ქართული ოცნება – ხარაგაული“. მისი განცხადება კოლეგებმა ცნობად მიიღეს.

 

დეპუტატმა კოლეგებს მოსახლეობის მოთხოვნა გააცნო

ბორითის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ გამცემლიძემ მაქათუბანში იმ გზის გაკეთების აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელზეც სასკოლო ავტობუსი დადის. მისი თქმით, შედგა ხარჯთაღრიცხვა და დაზამთრების გამო ტენდერის გამოცხადება გაზაფხულისთვის გადაიდო. „მაქათუბნელებმა დამაბარეს მადლობის გრძნობით, რომ არ დაგვავიწყდეს ეს საკითხი პირველ კვარტალში რომ უნდა განხორციელდეს,“ – აღნიშნა დეპუტატმა. მისი ინფორმაციით, სოფელი ერეთა მოწყვეტილი იყო ბორითს. გასულ წელს აშენდა ნაპირდამცავი გაბიონი და 5-6 თვეში ჩაინგრა. მოსახლეობა ითხოვს, რომ ეს საკითხი მალე მოგვარდეს.

თემურ გამცემლიძემ განაცხადა, რომ სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიაში შესულია მოქალაქეების განცხადება და ისინი ითხოვენ გარე ვაჭრობის დარეგულირებას. „საკრებულო ვალდებულია, ორგანიზება გაუწიოს გარე ვაჭრობას – გამოყოს შესაბამისი ტერიტორია. რადგან არ გვაქვს შესაბამისი ნორმატიული აქტი მიღებული. მე მივმართე გამგეობის შესაბამის სამსახურს, რომ მომზადდეს მათ მიერ პროექტი საკრებულოში განსახილველად.

დეპუტატებმა აუდიტის მოწვევას მხარი დაუჭირეს

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა გამგეობის ანგარიშის განსახილველად და დასამტკიცებლად აუდიტის მოწვევას დაუჭირეს მხარი. სხდომის დასასრულს კომისიის წევრებს აპარატის უფროსმა ლენა კალანდაძემ მიმართა. მისი თქმით, კომისიებმა დროზე უნდა განიხილონ გამგეობის მიერ შემოტანილი პროექტები.

ნინო კაპანაძე