„ასეთი შეხვედრა იმისთვის არის საჭირო, რომ თქვენთან ერთად სწორად განვსაზღვროთ პრიორიტეტები, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი მახათაძემ ხარაგაულში საავადმყოფოს, ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების მედპერსონალთან ხარაგაულის საავადმყოფოში შეხვედრისას, – შპს „ადითთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოსახლეობას უნდა მიეღო ხარაგაულის საავადმყოფოში ელემენტარული სამედიცინო მომსახურება. ამიტომ სახელმწიფომ ივალდებულა და შევინარჩუნეთ ძველი მდგომარეობა. ახლა გარკვეული მონაცემები იმედს იძლევა, რომ საქმე წინ წავიდეს. ყველაფერს უნდა დათვლა.“
მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის ინიციატორი ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე გახლდათ. შეხვედრაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გუბერნატორის მოადგილე ალეკო იოსებაშვილი მონაწილეობდნენ.
ნოდარ ებანოიძის თქმით, იმ უამრავ პრობლემათა შორის, რომელიც დღეს ხარაგაულელების წინაშეა, ერთ-ერთი მწვავეა სამედიცინო მომსახურება, – ის უმძიმესი პირობები, რაც ხარაგაულის საავადმყოფოშია. „იმედია, ამ შეხვედრის მერე ნათელი მოეფინება, თუ რას და როგორ ვაპირებთ,“ – აღნიშნა შეხვედრის დასაწყისში დეპუტატმა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დიმიტრი მახათაძემ განაცხადა, რომ დიდი პატივისცემითაა განწყობილი მედიცინის თითოეული მუშაკის მიმართ. „გულწრფელად მინდა ბოდიშიც მოგიხადოთ, რადგან გარკვეულ წილ პასუხისმგებლობას სამსახურებრივად და მოქალაქეობრივად ვგრძნობ და ვიზიარებ. ამ პირობებში პროფესიული საქმიანობა გმირობის ტოლფასია,“ – აღნიშნა მან.
დიმიტრი მახათაძემ შეკრებილთ გააცნო სოფლის ამბულატორიებსა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაგეგმილი სიახლეები, ხარაგაულის საავადმყოფოს განვითარების პერსპექტივები.
„რადგან სოფლის ექიმისა და სასწრაფო დახმარების მომსახურება მოსახლეობისთვის ყველაზე პრიორიტეტულია, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ პირველი იანვრიდან სრულად დააფინანსოს ეს სერვისები, – აღნიშნა დიმიტრი მახათაძემ შეხვედრაზე, – საკმაოდ უცნაურია ის, რაც აქამდე იყო განსაზღვრული სოფლის ექიმის საკონტრაქტო პირობებით – ექიმი ინდმეწარმედ არის დარეგისტრირებული და ვალდებულია, რომ საქმიანობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტი შეიძინოს, უზრუნველყოს სამუშაო გარემო საკუთარი ხელფასით. დიდი ალბათობით, მივიღებთ თანხმობას მთავრობისგან, რომ სოფლის ექიმებს მოეხსნათ ეს გაუმართლებელი ტვირთი. დაწყებულია ზრუნვა, რომ გაანალიზდეს მთლიანად საჭირო დანახარჯები და შესაძლებლობის ფარგლებში სოფლის ექიმის ხელფასი გაიზარდოს, დარეგულირდეს სტანდარტი და განისაზღვროს კომპეტენციები, სამუშაო პასუხისმგებლობა და რაც მთავარია,სოფლის ამბულატორიაში მოწესრიგდეს სამუშაო გარემო. სოფლის ექიმებს მოეხსნებათ ინდმეწარმის სტატუსი და შეუსაბამობაც გასწორდება.“
დიმიტრი მახათაძის ინფორმაციით, სამინისტრომ მიიღო ზომები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის გადასარჩენად. იანვრიდან მას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. „შეიქმნა სახელმწიფო სტრუქტურა სიპ-ის სახით, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელებს სასწრაფო დახმარების სამსახურის ადმინისტრირებას. რეგიონული პრინციპით მოხდება მართვა. აღარ იქნება ის შეფერხება, რომ ვთქვათ, ხარაგაულში შემავალი სოფელი 5-10 წუთის სავალზეა სხვა მუნიციპალიტეტებიდან და იმ მუნიციპალიტეტის სასწრაფოს არ ჰქონდეს პაციენტთან მისვლის უფლება. პირველი თებერვლიდან ხარაგაულის სასწრაფო სამსახური სტრუქტურულად ახალ ერთეულში შედის. დარწმუნებული ვარ, პაციენტები და მედპერსონალი რეალურად იგრძნობენ სასიკეთო სიახლეებს,“ – განაცხადა დიმიტრი მახათაძემ. მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, მაისიდან სასწრაფო დახმარების სამსახური აღიჭურვება ახალი ავტომანქანებით.
რაც შეეხება იმას, თუ როგორი ტიპის სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება გვექნება ხარაგაულში, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს საკითხი გადაწყდება დარგის პროფესიონალებთან და სპეციალისტებთან ერთად – აიგოს ახალი თუ მოხდეს ძველი შენობის რეაბილიტაცია.
„ხარაგაულში სამედიცინო დაწესებულება შეიქმნება მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით. აუცილებელია, მათ მიეწოდოთ ყველა საჭირო სერვისი. ჩვენი ამოცანაა, რომ შევაფასოთ რეალობა, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც დაგეგმილი სერვისების მიწოდება იქნება ხარისხიანი, კომფორტული და შედეგის მომტანი, პირველ რიგში, პაციენტისთვის. წელს გადაწყდება, რა სახის სამედიცინო დაწესებულება გვექნება ხარაგაულში. ჩემი აზრით, ამ გარემოს აღდგენას, სხვა ახალი ტიპის შენობის აშენება აჯობებს, თუმცა ესეც არ არის ერთი ადამიანის გადასაწყვეტი,“ – განაცხადა დიმიტრი მახათაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, გადაწყვეტილია, რომ საქართველოში, სავარაუდოდ სექტემბრიდან, ან შეიძლება უფრო ადრეც, მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფაზე დახარჯული თანხები სახელმწიფოს მიერვე იყოს ადმინისტრირებული და განხორციელდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. დიმიტრი მახათაძის განმარტებით, ეს უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების აბსოლუტურ თავისუფლებას. მოქალაქე თავისუფლად აირჩევს თავისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებას და მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას.
ხარაგაულის სამედიცინო სფეროში არსებულ პრობლემებზე მინისტრის მოადგილესთან ისაუბრეს ქირურგმა ზაური ჭუმბურიძემ, სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა გია ბარბაქაძემ, საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ქეთევან აბრამიშვილმა, ნევროპათოლოგმა ირინე ბიბიჩაძემ, თერაპევტმა თინა მჭედლიძემ, ექთნებმა ტატო ბერაძემ და ლუიზა ბერაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა, საკრებულოს წევრმა რუსუდან გურგენიძემ, გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა.
ზაურ ჭუმბურიძის თქმით, ხარაგაულში, უმჯობესია, 15 საწოლიანი საავადმყოფო აშენდეს. მანვე ისაუბრა ექიმისთვის ღირსეული ანაზღაურების აუცილებლობაზე.
გია ბარბაქაძის თქმით, უმჯობესია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მედიკამენტების შეძენისთვის გათვალისწინებული თანხა (ასი ლარი) სამედიცინო სფეროს სხვა მიმართულებით მოხმარდეს. მისივე ინფორმაციით, ხშირად ბენეფიციარების უმრავლესობა მედიკამენტის მაგივრად შამპუნს იძენს აფთიაქიდან. „უმჯობესია, საბიუჯეტო თანხა მიიმართოს კონკრეტულ სამედიცინო პროგრამაზე, რომელიც დათვლადი იქნება,“ – ამბობს გია ექიმი.
ქეთევან აბრამიშვილის ინფორმაციით, ხარაგაულში მოსახლეობის უმრავლესობა დაზღვეულია „ირაოში.“ ამ კომპანიას ხარაგაულში ჰყავს წარმომადგენელი. პაციენტს არ აქვს არჩევანის უფლება და იძულებულია მივიდეს „ირაოს“ წარმომადგენელთან იმის მიუხედავად, რომ საავადმყოფოში კიდევ არის ორი თერაპევტი.
ირინა ბიბიჩაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხშირად სოფლებიდან მასთან ავადმყოფები სოფლის ექიმის მიმართვის გარეშე მიდიან. უკან გაბრუნებული პაციენტი კი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მიდის.
ექთანი ტატო ბერაძე დაინტერესდა, როგორ მიეცემა მას ანაზღაურება – შესრულებული სამუშაოს მიხედვით თუ ფიქსირებული ხელფასის სახით. „მაინტერესებს, მომავალში მორიგეობისთვის მივიღებ თუ არა ანაზღაურებას. თუ არადა, მეც სახლში ვიქნები და მაშინ მოვალ საავადმყოფოში, როცა პაციენტი იქნება. ვფიქრობ სამსახურიდან წასვლაზე, მაგრამ რა ვქნა, მიყვარს ეს საქმე და ვერ მივდივართ ვერსად,“ – ამბობს ტატო ბერაძე.
ექთანი ლუიზა ბერაძე დაინტერესდა, როდის აიღებენ ექვსი თვის სახელფასო დავალიანებას.
დიმიტრი მახათაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილ სოციალურ პაკეტში ჩარევა სწორი არ იქნება. მისივე თქმით, ამ საკითხის მოწესრიგება თავისთავად მოჰყვება დაგეგმილ რეფორმას.
რაც შეეხება პაციენტების მიღებას სოფლის ექიმის მიმართვის გარეშე, მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ეს მთლად ხელსაყრელი და მოსახერხებელი არ არის, მაგრამ არც ამ წესის შეცვლაა მართებული. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ სოფლის ექიმთან უნდა მივიდეს და სპეციალისტისგან გაკეთებული ჩანაწერიც უკან უნდა მიიტანოს.
დიმიტრი მახათაძემ აღნიშნა, რომ პაციენტის არჩევანი არ უნდა შეიზღუდოს. საყოველთაო ჯანდაცის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ეს პროცესი დარეგულირდება.
ხელფასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ფიქსირებული ხელფასის შემთხვევაში დაფინანსება უნდა იყოს გლობალური. მანვე მედპერსონალს ურჩია, რომ არსად წავიდნენ, რადგან, მისივე თქმით, მალე მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვლება. რაც შეეხება ძველ ხელფასებს, მიმდინარეობს სასამართლო დავა შპს „ადითთან“ და სახელფასო დავალიანების საკითხიც ამასთან ერთად გადაწყდება.
საკრებულოს წევრმა რუსუდან გურგენიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხარაგაულის საავადმყოფოში შესაბამისი სერვისების არსებობა გაზრდის პაციენტთა რიცხვს. მანვე ისაუბრა ხარაგაულელი ექიმების მაღალკვალიფიციურობაზე. საკრებულოს წევრმა მინისტრის მოადგილეს აცნობა, რომ რამდენიმე სოფელში ამბულატორიების შენობები არ მარაგდება ელექტროენერგიით, რადგან მოუგვარებელია შენობების ფლობის საკითხი.
დიმიტრი მახათაძე დამსწრეთ სასოფლო ამბულატორიების ქონების საკითხის მოგვარებას დაჰპირდა. მისივე ინფორმაციით, ამბულატორიები მუნიციპალიტეტების ბალანსზე გადმოვა.
გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მთელ რიგ სოფლებში არ არის არც ექიმი და არც ექთანი. „მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ვაყენებ საკითხს, – რამდენად შესაძლებელია, რომ გაიზარდოს სოფლის ექიმების და ექთნების რაოდენობა,“ – კითხულობს გამგებელი.
მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამბულატორიების რეფორმა, სავარაუდოდ ივნისში დასრულდება. „ერთია მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის მოთხოვნა და მეორე – ჩვენი შესაძლებლობები. დღეს 1300 ექიმი და1400 ექთანი ფინანსდება. კიდევ რომ დავამატოთ, ამას სჭირდება დათვლა-გაანალიზება. ჩვენი ამოცანაა, რომ თქვენთან ერთად მოგროვდეს ეს წინადადებები. ამაზე მუშაობს სპეციალისტთა ჯგუფი, სად და როგორ გავანაწილოთ – გადამზადების პროგრამა გავაკეთოთ, თუ სხვაგვარად მოვიქცეთ.“
შეხვედრა ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ შეაჯამა: -ბატონი დიმიტრის ჩამოსვლა ხარაგაულში იმის დასაწყისად მივიჩნიოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება. ამ მდგომარეობასთან შეგუება არ შეიძლება. იმედია, ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც პაციენტებზე იქნება გათვლილი. იმედით დავშორდეთ ერთმანეთს.
ნინო კაპანაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,