ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი მომავალი კვირიდან დაიწყებს სასკოლო ავტობუსებით მომსახურებისა და ჟურნალების წარმოების მონიტორინგს. ეს ინფორმაცია რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ სკოლის დირექტორებს 3 თებერვალს გამართულ თათბირზე მიაწოდა. სპეციალური ჯგუფი შეამოწმებს, რამდენად ეფექტურად და მიზანმიმართულად ხორციელდება ეს პროექტი.

„სახელმწიფომ თანხები გამოყო იმისთვის, რომ მოსწავლეებმა, რომელთაც დიდი მანძილიდან უხდებათ სკოლაში სიარული, შვება იგრძნონ და კომფორტულად გადაადგილდნენ,“ – ამბობს დავით კიკნაძე.

რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, სკოლებში მისვლით შეისწავლიან სასკოლო ჟურნალების წარმოების მდგომარეობას. ამით რესურსცენტრი დროულად, ჟურნალის წარმოების პროცესშივე, დაეხმარება მასწავლებლებს ხარვეზების აღმოფხვრაში.

საგანმანათლებლო რესურსცენტრებს დაემატება საქმის მწარმოებლის შტატი, რაზეც, სავარაუდოდ, თებერვალში გამოცხადდება კონკურსი. ასევე კონკურსი გამოცხადდება იურისტის თანამდებობაზე. დღემდე რესურსცენტრის იურისტი, გასაუბრების საფუძველზე, შტატგარეშედ იყო დანიშნული.

დავით კიკნაძის ინფორმაციით, რესურსცენტრებში საშტატო ერთეული ექვსამდე იზრდება და ზედამხედველობისა და მონიტორინგის ფუნქციები ემატება. დავით კიკნაძის თქმით, სკოლებს კონკურსით შერჩეული პროფესიონალები მოემსახურებიან.

რესურსცენტრის უფროსმა სკოლების დირექტორებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა და 2014 წლის პრიორიტეტები გააცნო. როგორც ამ ანგარიშშია ასახული, სამინისტროს მთავარი მიღწევა ისაა, რომ სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან. მანდატურის სამსახური გარდაიქმნა ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიის სამსახურად, რომლის ძირითადი ფუნქცია გახდა უსაფრთხო და პოზიტიური სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა. ეს სამსახური მუშაობს შემდეგი მიმართულებით: ბავშვთა დაცვის ოფიცერი, მოსწავლეების დაცვა, პრევენციული პროგრამები, ფსიქოლოგიური მომსახურეობა, მოსწავლეების კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის პროგრამა. ფსიქოლოგიური ცენტრები გაიხსნა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. დაგეგმილია ახალი ცენტრების გახსნა. მარტში გადაწყდება, როგორი უნდა იყოს მანდატურის სამსახურის ურთიერთობა სკოლებთან. სკოლები გაუფორმებენ ხელშეკრულებას და თავიანთი ბიუჯეტიდან გადაუხდიან მანდატურს ხელფასს. დაგეგმილია, რომ 2017 წლამდე ყველა სკოლაში მუშაობდეს მანდატური.

„ვაშლევის სკოლაში უკვე გვყავს სპეციალური მასწავლებელი ინკლუზიური მოსწავლეებისთვის. რამდენიმე სკოლაში პროცედურებია გასავლელი მოსწავლეებისთვის ინკლუზიურის სტატუსის მისანიჭებლად იმისთვის, რომ მათ დაენიშნოთ სპეციალური მასწავლებელი, – ამბობს დავით კიკნაძე, – ინკლუზიური მოსწავლეებისთვის მასწავლებელი ინიშნება მულტიდისციპლინარულ გუნდთან შეთანხმებით.“

სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმგვა. სკოლადამამთავრებელ მოსწავლეებთან ამ პროცესს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მარიკა ბააკაშვილი წარმართავს.

ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტით. 2013 წელს განხორცილდა 600-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში. რესურსცენტრის უფროსის თქმით, ის ინტენსიურად მუშაობს ინფრასტრუქტურის სააგენტოსთანაც. სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს ამ სააგენტოს წარმომადგენლები თითოეულ სკოლაში გაეცნობიან ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

კიცხის სკოლაში ჩამოვა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოამზადებს დასკვნას, რამდენადაა შესაძლებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. „წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულად უნდა ვიფიქროთ კიცხში სკოლის ახალი შენობის აშენებაზე,“ – ამბობს დავით კიკნაძე.

იგეგმება ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლების გაზიფიცირება.

2014 წლის გაზაფხულზე სკოლები აღიჭურვება ახალი სასკოლო ავეჯით.

ქვეყნის მასშტაბით სკოლის ადმინისტრაციას და ტექნიკურ პერსონალს გაეზარდათ ხელფასი 25%-დან 60%-მდე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, იმის გამო, რომ საშტატო განრიგები არ არის დამტკიცებული, გაზრდილი ანაზღაურება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა, ისინი გაზრდილ ხელფასს სექტემბრიდან მიიღებენ.

დავით კიკნაძემ სკოლების დირექტორებთან ასევე ისაუბრა სამინისტროს მიღწევებსა და გეგმებზე პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებებით და აღნიშნა, რომ 2014 წელი განათლების ხარისხის ზრდისა და სისტემის კონსოლიდაციის წლადაა გამოცხადებული.

ლაურა გოგოლაძე