ზოგადად, ქალებისა და მამაკაცების დიფერენცირება სუსტი და ძლიერი სქესის წარმომადგენლებად, არამართებულია. მტკიცე ხასიათი, ძლიერი სული, ნებისმიერ სიძნელესთან გამკლავების უნარი, როგორც წესი, მამაკაცების მახასიათებლებად მიიჩნევა. მაგრამ ყველა დროსა და ეპოქაში არსებობდნენ ქალები, რომლებიც არა მხოლოდ თანამედროვეებს აოცებდნენ სიმამაცითა და თამამი გადაწყვეტილებებით, არამედ დღესაც იწვევენ განცვიფრებას.

პირადად მე ამაყი ვარ, რომ ჩემს ირგვლივ არსებობენ გოგონები, რომლებიც ფიზიკური ძალის თვალსაზრისით ბიჭებს უტოლდებიან და მათ სახეებზე გაოცებული თვალების მიზეზნი ხდებიან. ერთ-ერთი ასეთი ხარაგაულელი გოგონა, რომელმაც გადამაწყვეტინა ამ სტატიის დაწერა, არის სოფიო ჭანკოტაძე – საღანძილის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე. სოფიო არაჩვეულებრივი სპორტსმენია, ამასთანავე ჩამოყალიბებული პიროვნება, რომელმაც იცის, რა უნდა ცხოვრებაში.

სამი წელია, სოფიო ჭანკოტაძე კუნგფუ-სანდას სპორტსმენია. სოფიომ მრავალი წარმატება მოიპოვა და იგი უკვე „შავი ქამრისა“ და ევრაზიის თასის მფლობელია. სოფიო დასახელებულია 2015-16 წლების საუკეთესო სპორტსმენად. სპორტსმენი გოგონასთვის ყოველი წარმატება დიდი სტიმულია. ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება გაიცნოს კუნგფუისტი გოგონა.

რამ გადაგაწყვეტინა, რომ სპორტის ამ სახეობაში ჩაბმულიყავი?
-ძალიან აქტიური ვიყავი სპორტში და როცა გავიგე, რომ ხარაგაულში კუგფუსანდას წრე გაიხსნა, დავინტერესდი და ბედი ვცადე.
თუ გაქვთ თქვენი წარმატების ფორმულა?
-ვფიქრობ, რომ წარმატების ფორმულა არის დაუღალავი შრომა და მუშაობა საკუთარ თავთან. დამარცხების გამო არ უნდა დანებდე.
იყო თუ არა შენს ოჯახში ან შენს ირგვლივ აზრი „კარატე რა გოგოს საქმეა“?
-კი, ძალიან ხშირად მესმოდა ამგვარი რეპლიკები ჩემი ოჯახის წევრებიდანაც, მაგრამ ჩემმა სიჯიუტემ გადაჯაბნა. როდესაც პირველ წარმატებას მივაღწიე, ჩემს ოჯახში ამან დიდი გარდატეხა გამოიწვია. თუმცა საზოგადოებიდან კვლავ მესმის აზრი, რომ „ჩხუბი არ არის ქალის საქმე“, მაგრამ ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
რა სირთულეებთან არის დაკავშირებული, იყო წარმატებული სპორტსმენი გოგონა?
-მართლაც რომ რთულია. ძალიან დიდი შრომა სჭირდება არამარტო ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური და სულიერი, რადგან როცა შეჯიბრზე გადიხარ, ძალიან დიდი ზეწოლაა დამსწრე საზოგადოებიდან.
შეიცვალა თუ არა ადამიანების დამოკიდებულება მას შემდეგ, რაც წარმატებული სპორტსმენი გახდი?
-დიახ, შეიცვალა. დადებითი დამოკიდებულება წამოვიდა საზოგადოების მხრიდან. ჩემი სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, სპორტს უკავშირდება. ამავე დროს, სწავლის გაგრძელებაც მსურს.

სოფიოს მიმართ მეგობრული დამოკიდებულება აქვთ ბიჭ სპორტსმენებს.

სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორი დავით გელაშვილი ამბობს, რომ მაქსიმალურად ხელს უწყობენ ყველა სპორტსმენს.

„ჩემს ბავშვობაში გოგონები არ იყვნენ სპორტით დაინტერესებულები. ახლა კი ძალიან ბევრი გოგონაა ჩაბმული სპორტში. რაც შეეხება სოფიოს, ძალიან კარგი სპორტსმენია – მოწესრიგებული, შრომისმოყვარე ბავშვია და კარგს შედეგებს აღწევს,“ – ამბობს დავით გელაშვილი.

მწვრთნელი ზვიად კურტანიძე სოფიოს ძალიან ძლიერ სპორტსმენად ახასიათებს და ამბობს, რომ სოფიომ იმედები გაუმართლა. ზვიად კურტანიძე დარწმუნებულია, რომ სოფიო დიდ წარმატებას მიაღწევს მსოფლიო ასპარესზე.

წარმატებებს ვუსურვებთ სოფიოს.

თამარ ჭიპაშვილი
ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტი

ფოტოზე: სოფიო ჭანკოტაძე მწვრთნელ ზვიად კურტანიძესთან ერთად