ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე მეგი იჩქიტიძე მრავალმხრივ ნიჭიერი ახალგაზრდა და აქტიური მოქალაქეა.

სწავლაში წარმატებასთან ერთად ის კინგბოქსინგში პირველი ხარისხის დიპლომების მფლობელია. მისი ჰობია ცხენით ჯირითი, ხატვა და ველოსიპედით სეირნობა. მოპოვებული აქვს „ორიგინალური მხატვრის“ წოდება. გასულ წელს იუსტიციის სამინისტროს ტრენინგები გაიარა და სერტიფიკატი მიიღო. ამჟამად, უმეტესად, სასკოლო ცხოვრებაშია ჩართული. უმაღლესი ქულები მიიღო ინგლისურის, ქართულისა და მათემატიკის ოლიმპიადებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეგი ხარაგაულის ახალგაზრდული საკრებულოს წევრად ზედიზედ სამჯერ აირჩიეს. ამჟამად საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობს.

„პასუხისმგებლობას თავს არ ვარიდებ და დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის ვასრულებ, – ამბობს მეგი, – ალბათ ესაა იმის მიზეზი, რომ საკრებულოში მესამედ ამირჩიეს.“

როგორც თავად მეგი ამბობს, საკრებულოში ყოფნა საკუთარი იდეების რეალიზებაში ეხმარება. მისთვის საკრებულო მეორე ოჯახივითაა. მეგის ერთ-ერთი იდეა ბორჯომში დამწვარი ტყის ადგილზე ნერგების გაშენებაა.

პროფესია უკვე არჩეული აქვს – ქირურგობა სურს. აპირებს, რომ ავღანეთსა და ერაყში იმუშაოს. შეკითხვაზე, ხართ თუ არა წარმატებული, მეგიმ გვიპასუხა:

-ვფიქრობ, წარმატებული ვარ, რადგან რასაც ვგეგმავ ცხოვრებაში, ყველაფერს ვაღწევ. ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩემი გეგმები განვახორციელო. ადამიანი საკუთარ წარმატებას თავად გეგმავს და მიზნის მისაღწევად თავი არ უნდა დაზოგოს.

მეგი ამბობს, რომ გვერდით უდგანან მშობლები და მაქსიმალურად ხელს უწყობენ, ერთმანეთის აზრებს პატივს სცემენ. მეგის სურვილია, რომ საკუთარ ქვეყანას, მშობლიურ მხარეს გამოადგეს.

ნათია ბურჯანაძე
ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტი