ხარაგაულში, დღეს, 29 მარტს, მუსიკალური კონკურსის„იმერეთის ხმა“ რაიონული ტური გაიმართა.

შესარჩევ ტურში 12 ხარაგაულელი ნორჩი მომღერალი მონაწილეობდა. კონკურსის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ – ლეილა ხიჯაკაძე, თამარ ბერაძე, მარიამ მანჯავიძე, თამარ ლურსმანაშვილი და გიგი ცხადაძე.

„იმერეთის ხმის“ დასკვნითი ტური ქუთაისში 13 აპრილს, ოპერის თეატრში, ჩატარდება. მეორე დღეს გაიმართება გალა კონცერტი, სადაც დასახელდებიან საპრიზო ადგილების მფლობელები და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები.

კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი, ჟიურის წევრები არიან მომღერალი თემურ თათარაშვილი, მუსიკათმცოდნე ლია ბახტაძე, ქუთაისის კოლორიტად წოდებული მერაბ კვიცარიძე.

„იმერეთის ხმა“ მეოთხე წელია ტარდება, – ამბობს კონკურსის ორგანიზატორი სტუდია „ალილოს“ ხელმძღვანელი ნანა იამანიძე, – ჩვენი მხარდამჭერია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია. აღსანიშნავია, რომ კონკურსის დონე წლიდან წლამდე იზრდება. ფესტივალის მთავარი დანიშნულება ქართული სიმღერის პოპულარიზაციაა. ქართულ სიმღერას მხარდაჭერა დღეს ნამდვილად სჭირდება. სიმღერებს კონკურსანტები შეასრულებენ ცოცხალი მუსიკის, ბენდის – „სამი ზნე“ თანხლებით. დარწმუნებული ვართ, „იმერეთის ხმა“ წელსაც წარმატებით ჩატარდება. ამ მომენტისთვის დასკვნით ეტაპზე, იმერეთის მასშტაბით, 50-მდე კონკურსანტი გადავიდა. მადლობა ხარაგაულის კულტურის სამსახურს და მის უფროსს, ქალბატონ ირინე ჩხეიძეს თანადგომისთვის.“

ფოტოზე: „იმერეთის ხმის“ ორგანიზატორები ნანა იამანიძე და ბექა ბანძელაძე კონკურსანტ გიგი ცხადაძესთან და მის მასწავლებელ რუსუდან თაბაგართან ერთად