დაარსებიდან 150 წლისთავი ღონისძიებით აღინიშნა კიცხის საჯარო სკოლაში.

საიუბილეო საღამო ფოლკლორულმა ანსამბლმა „ოდილამ“ გახსნა. მოსწავლეებმა მშობლიურ სოფელსა და სამშობლოს უმღერეს, წაიკითხეს პატრიოტულ თემაზე დაწერილი ლექსები, სახელოვანი წინაპრების, მწერლებისა და ისტორიული პირების მიმართ მოკრძალება და პატივისცემა გამოხატეს. მხატვრულ ნომრებს ეკრანზე ფილმები ცვლიდა. ფილმები დღევანდელ სასკოლო ცხოვრებასა და სკოლის ისტორიას ასახავდნენ.

ღონისძიების მონაწილებმა საინტერესოდ გადმოსცეს სოფელ კიცხის, სკოლის დაარსებისა და განვითარების ისტორია, გაიხსენეს ღვაწლმოსილი პედაგოგების საქმიანობა, სკოლის კურსდამთავრებულთა მიღწევები.

აღნიშნეს, რომ სოფელში სკოლის ამოქმედების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი თავის ისტორიულ-გეოგრაფიულ ნაშრომში წერდა. სოფელში ჯერ საეკლესიო-სამრევლო სკოლა, შემდეგ კი სახალხო ანუ სამინისტრო სკოლა გახსნილა, 1934 წლიდან სახალხო სკოლა საშუალო სკოლად გადაკეთდა.

დღეს კიცხის საჯარო სკოლაში 100 მოსწავლის სწავლა-განათლებაზე 28 მასწავლებელი ზრუნავს. აღსანიშნავია, რომ სკოლის შენობა უკიდურესად მძიმე მდგომაროებაშია. სოფელში სასწრაფოდ საჭიროა სკოლისთვის ახალი შენობის აგება.

სკოლას საიუბილეო თარიღი მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს სკოლის ყოფილმა დირექტორმა თემური ქურციკიძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ ბოჭორიშვილმა.

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მედეა ნიქაბაძე ამაყობს, რომ იმავე სკოლაში აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას, სადაც ცოდნას ეზიარა. მან შოთა ნიშნიანიძის ლექსი თავის მასწავლებელ თემურ ქურიციკიძეს მიუძღვნა.

კიცხის საჯარო სკოლის დირექტორმა თამარ წიწილაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს სკოლის საიუბილეო ღონისძიებაზე მობრძანებისთვის. „დღეს ჩვენთვის იუბილესთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, – აღნიშნა თამარ წიწილაშვილმა, – სკოლიდან ვაცილებთ ჩვენს მეგობარს, მშვიდობის კორპუსის ამერიკელ მოხალისეს, დანიელ ფერრის.

ორი წლის მანძილზე ჩვენ ისე დავმეგობრდით, რომ დანიელმა ისიც კი გვითხრა, კიცხი ჩემი სახლიაო. ძალიან ბევრი რამ გაგვიკეთა – ინგლისურის მასწავლებლები დაახელოვნა, სკოლისთვის 3 ათას დოლარიანი გრანტი მოიპოვა – უახლესი აპარატურა და ძალიან კარგი მხატვრული ლიტერატურა. დანიელს ისე ძალიან შეუყვარდა ბავშვები, რომ მასწავლებლობა გადაწყვიტა – ამერიკაში განათლების განხრით აგრძელებს სწავლას მაგისტრატურაში.“

დანიელ ფერრიმ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა სკოლას. ჩემი გული აქ იქნებაო, – აღნიშნა მან.

კიცხის სკოლის წარსული და დღევანდელობა იმედს გვაძლევს, მომავალში კვლავ მრავალი საინტერესო და წარმატებული ფურცელი ჩაიწერება სკოლის ისტორიაში.

ლაურა გოგოლაძე