პაპილომა ვირუსის შესახებ და ამ ვირუსით გამოწვეულ დაავადებებზე ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის იმუნიზაციის ექიმის თანაშემწე ნანა ბერაძე უფროსკლასელებსა და მათ მშობლებს ვირუსის გამომწვევ მიზეზებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე ესაუბრა.

პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. პაპილომა ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა სქესობრივი გზით და დედიდან შვილზე მშობიარობის მომენტში. დაავადების რისკ-ფაქტორებია: მრავალი სქესობრივი პარტნიორის ყოლა და სქესობრივი ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყება. როგორც წესი, პაპილომა ვირუსის გადამცემები მამაკაცები არიან, თუმცა მათ დაავადების არავითარი გარეგნული გამოვლინება არ აქვთ.

ნანა ბერაძის ინფორმაციით, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 2017 წლის დეკემბრიდან დაინერგა. ვაქცინაცია თბილისში, ქუთაისსა და აჭარაში 9-14 წლის ასაკის გოგონებს ჩაუტარდებათ. პროექტი ვაქცინების გლობალური ალიანსის მხარდაჭერით ხორციელდება.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრმა პაპილომა ვირუსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები რამდენიმე საჯარო სკოლაში უკვე ჩაატარა.