

ოთხი ათეული წლის წინ ჩაერთო ნიკო დეკანოსიძე ხარაგაულის მდიდარი კულტურული ტრადიციების ფერხულში. ამაყობს, რომ საუკეთესო და გამორჩეული ხელოვანების გვერდით პროფესიონალად ყალიბდებოდა.
ხარაგაულის კულტურის სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბარი ბატონ ნიკოსთან, როგორც აქტიურ მოქალაქესთან, გადავწყვიტეთ.
-თქვენ აღიზარდეთ ოჯახში, სადაც წიგნიერებასა და კულტურას განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ. გაიხსენეთ თქვენი ბავშვობისა და ახალგაზრდობის დროინდელი ხარაგაული. რა ეტაპზე იყო მაშინ ხარაგაულის კულტურული ცხოვრება?
-ჩემი ცხოვრება მთლიანად კულტურას უკავშირდება. ბაბუაჩემი, ნიკალა დეკანოსიძე, ერთ-ერთი პირველი სცენისმოყვარე გახლდათ. თან რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. მე ბავშვობიდან ვმღეროდი. სკოლაში მუსიკას პავლე სახვაძე მასწავლიდა, სკოლამდე – ჩემი ბიძაშვილი თეიმურაზ დეკანოსიძე. თემური ხარაგაულის სამუსიკო სკოლის პირველი კურსდამთავრებულია. ერთ სახლში ვცხოვრობდით და კონცერტმეისტერობას მიწევდა.
მერე ამაზე ოთარ აბაშიძემ ლექსი დაწერა. ვაჟა აზარაშვილის სიმღერა „მგზავრულს“ ვასრულებდი. ბატონი ოთარი აცხადებდა:
„თოლიასავით ფრთაგაშლილია
ჩვენი სამშობლოს განი და სიგრძე,
„მგზავრულით“ ფიქრობს ამის შემოვლას
პატარა ნიკო დეკანოსიძე.“
იმ დროს სარაიონო კულტურის სახლში ხარაგაულის ინტელიგენცია იკრიბებოდა. თეატრი და მომღერალთა ანსამბლი, ძირითადად, სცენის მოყვარულებით კომპლექტდებოდა. გრიგოლ ტაბატაძე, გივი ლომსაძე, თენგიზ დეკანოსიძე, რუსლან ალექსიძე, მიხეილ კამკამიძე, კუკური მაღრაძე, მიშა გაბუნია, ჟანა დევდარიანი, გიული ლომიძე, ლილი ბუაჩიძე, ნუნუ ასათიანი – ეს ადამიანები შინაგანი მოწოდებით კულტურასთან ძალიან ახლოს იყვნენ. კულტურის განვითარება განათლების გარეშე წარმოუდგენელია. ძირითადი ძარღვი ხარაგაულის კულტურაში პედაგოგები იყვნენ.
ბიჭიკო აბაშიძე უნიკალური პიროვნება გახლდათ – წერდა სიმღერას, დგამდა სპექტაკლებს, მსახიობობდა, გუნდს დირიჟორობდა. უფრო დიდი დროის განმავლობაში საქმიანი ურთიერთობა ოთარ აბაშიძესთან მქონდა. საოცრად განათლებული, ერუდირებული პიროვნება იყო.
ჩემთვის გამორჩეულია თამაზ კიკნაძე. მან ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე სპექტაკლში „ამბავი ორი ბიჭისა“ მათამაშა. თამაზ კიკნაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში „ჭირვეული მოხუცი ანუ სად იყო ჭკუა“ მივიღე პირველად მეორე ხარისხის დიპლომი. საქართველოს თეატრების სარაიონოთაშორისო დათვალირებაზე ამ სპექტაკლმა მთავარი პრიზი მოიპოვა. დაჯილდოვდნენ თამაზი კიკნაძე, ჯონდო გიორგაძე, როლანდი ბაკურაძე, პაშა გიორგაძე, ლია თანიაშვილი, როლანდი ხიჯაკაძე.
დიდ სტიმულს გვაძლევდა და ბევრს ვსწავლობდით ჭიათურის თეატრისგან. ისინი ხარაგაულში სპექტაკლებს მართავდნენ. ზოგი ჩემი ხარაგაულელი კოლეგა გაჰყვა ამ საქმეს, ზოგი – არა. მე შემოვრჩი ხარაგაულის კულტურულ ცხოვრებას და სცენაზე დგომისას ძალიან ბედნიერი ვარ. თუ სპექტაკლში არ ვთამაშობ, მაშინ გუნდთან ერთად ვმღერი.
-ბატონო ნიკო, დღეს, ფაქტობრივად, სოფლებში მოსახლეობა კულტურულ ღონისძიებებს მოკლებულია. რა ეტაპზეა კულტურული ცხოვრება ხარაგაულში, რა პრობლემების წინაშე დგას და როგორია მათი გადაჭრის თქვენეული გზები?
-გასულ საუკუნეში ყველა სოფელში კლუბი ფუნქციონირებდა. ღორეშაში კლუბის გამგეს, გოგი კაპანაძეს გუნდი ჰყავდა როგორც თემში, ისე სკოლაში. ვასილ (ბუდუნა) ბლიაძე იგივე საქმიანობას ვერტყვიჭალაში ეწეოდა, გულიკო თავზარაშვილი – საღანძილეში, სიმონ შარიქაძე – ლეღვანში, ლევან ლურსმანაშვილი – თეთრაწყაროსა და კიცხში. სულიკო ციმაკურიძე, ალიკო გიორგიძე, თამარ იორდანიშვილი სოფლებში მოსახლეობას ხელოვნებას აზიარებდნენ.
ყოველ ორ წელიწადში ერთხელ საკლუბო დაწესებულებების ოლიმპიადები ტარდებოდა. დღეს, ფაქტობრივად, მოშლილია ყველაფერი. კულტურის ცენტრს თანამშრომლები მხოლოდ ვერტყვიჭალასა და ბორითში ჰყავს.
პირველ რიგში, აუცილებელია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეიქმნას. ხარაგაულში ორ-ორი ანსამბლი არ გვჭირდება. შეიძლება ასაკობრივი ნიშნით შექმნა, მაგრამ ჯობია, ყველაფერი ერთად იყოს თავმოყრილი.
სოფლებში სკეტჩს და სპექტაკლს ღია ცის ქვეშ ვერ ჩაატარებ. მინდორში შეიძლება იმღერო, თოჯინების თეატრის სპექტაკლი გამართო, მაგრამ თუ შესაბამისი ბაზა არ იქნება, კარგად ვერ ითამაშებ. არც მსახიობი დარჩება კმაყოფილი და არც მაყურებელი.
-ფაქტია, რომ მძიმე სოციალურ და ეკონომიურ მდგომარეობაში ვართ. თითქმის ყოველ დღე ხარაგაულიდან ოჯახები საცხოვრებლად სხვა ქალაქებში ან უცხოეთში მიდიან. განათლებამიღებული ახალგაზრდები უკან აღარ ბრუნდებიან. რა უნდა გაკეთებულიყო ხარაგაულის სინამდვილეში საიმისოდ, რომ უკეთეს მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით?
-ხარაგაულის პრობლემებს ასე ცალკე განყენებულად ვერ ავიღებთ. ყველაფერი გლობალურად მისახედია. ბალტიისპირეთში ვნახე, რომ საკუთარ ქვეყანას ძალიან უვლიან. ჩვენ გვგონია, რომ ვისაც ქუჩის დასუფთავება ევალება, ამაზე მხოლოდ იმან უნდა იზრუნოს. ერთმანეთისა და საკუთარი ქვეყნის მიმართ თანადგომა და თანაგანცდა ევროპულ ქვეყნებში უფრო მეტია.
ხარაგაული დაცარიელდა. ჩემი ქალიშვილი გაისად ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტს ამთავრებს. ხარაგაულში სამსახურს ვერ იშოვის, რადგან იქ, სადაც შესაძლოა მან იმუშაოს, ან მეელსმენეა მიღებული, ან ისეთი ვინმეა დასაქმებული, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს. სამსახურში რომ იღებ ადამიანს, შესაბამისი ცოდნა და განათლება უნდა ჰქონდეს.
-ბატონო ნიკო, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება ზრდის სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ვერ ვართ საკმარისად კრიტიკულები და ხშირად ვიშველიებთ გამოთქმას, რომ „ეს ხარაგაულია“ და „ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს.“ თქვენი აზრით, ეს რიტორიკა ვინ, როგორ და რა გზებით უნდა დაძლიოს?
-დავიწყოთ იმით, რომ სიყვარული ცალმხრივად ვერ იარსებებს. მე შენ მიყვარხარ და პრობლემაზე გავჩუმდე, ეს არასწორია. ერთი რამ მაღელვებს, ვერ ამიხსნეს, ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე, ტრანზიტული გზა გაივლის თუ არა. ამ საკითხზე თუ ახლავე არ ვიზრუნეთ, მერე გვიან იქნება. სახელმწიფოს არ სურს მეტი ფული დახარჯოს დაბა ხარაგაულზე შემოვლითი გზის მოსაწყობად და ჩვენ „ვიღაცის სიყვარულით“ რატომ უნდა გავჩუმდეთ?!
მომწონს, ბორჯომში საკრებულო მერიაში ხელფასების ზრდას რომ არ ეთანხმება. ცენტრალური ხელისუფლება ხელფასის უმაღლეს ზღვარს აწესებს, მაგრამ შენ ხომ იცი, რომ გვერდით მეზობელს შია. რიტორიკა, რაზეც თქვენ მკითხეთ, ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა დავძლიოთ.
-როგორია ხარაგაულელი მოქალაქის ფსიქოლოგიური პორტრეტი?
-არ არის ძალიან გალაღებული, მაგრამ არც ძალიან დათრგუნულია. დააკვირდით ტანსაცმლის ფერებს – ძირითადად, გასაყიდად შავი ფერის სამოსი შემოაქვთ. ზოგჯერ ძალიან მინდა ფერადი ვიყიდო, მაგრამ ნაკლებად მხვდება.
ხარაგაულელები პურმარილიანი ხალხია. უფრო უკეთესი ხარაგაული მახსოვს. ძველი ფოტოები რომ ნახოთ, ქუჩების გამწვანებიდან დაწყებული, რა ლამაზი და კოხტა იყო გარემო. ერთ დღეს ყველაფერი ვერ აღდგება, მაგრამ რასაც ვაკეთებთ, ხარისხიანი უნდა იყოს და მეორე წელს მის ხელმეორედ გაკეთებაზე თანხა აღარ უნდა დავხარჯოთ. სუფთავდება, კეთდება, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა.
-ბატონო ნიკო, თქვენ ჩვენი გაზეთის საიუბილეო ნომრის სტუმარი ბრძანდებით. 24 მარტს „ჩემი იმერეთი“ 20 წლის გახდა. თქვენი აზრით, რა როლი ითამაშა 20 წლის გაზეთმა ხარაგაულელთა ცხოვრებაში?
-პირველ რიგში გილოცავთ. თქვენი გაზეთის აქტიური მკითხველი ვარ. გაზეთის ფურცლებზე 20 წლის მანძილზე არა მარტო ხარაგაულსა და საქართველოში განვითარებული მოვლენები შემოგვინახეთ, არამედ აქტიურად გვაცნობდით უცხო ქვეყნების განვითარებას, როცა სტაჟირებაზე იმყოფებოდით. თქვენ ხართ ბოლო ოცი წლის მემატიანე. რაც შეეხება ობიექტურობას, ტყუილად ლაპარაკი არ მიყვარს და ხანდახან დროს ასწრებთ ხოლმე.
მინდა საუკეთესო ტექნიკური აღჭურვილობა გქონდეთ. მინდა, რომ ხშირად იმოგზაუროთ საზღვარგარეთ, რათა მეტ ევროპულ განათლებასა და გამოცდილებას გვაზიაროთ.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ გაჭირვებულ და
22 დეკემბერს 11 ტენდერი გამოაცხადა ხარაგაულის თვითმმართველობამ,
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია, ხელშეკრულებით
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს,