ოცი წლის წინ, გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ რომ პირველ ნაბიჯებს დგამდა, საქართველოში თვითმმართველობის პირველი არჩევნები გაიმართა. ხარაგაულის პირველმა საკრებულომ თავმჯდომარედ ცეზარ ბუბულაშვილი აირჩია. ბატონი ცეზარი ჩვენი გაზეთის ერთ-ერთი პირველი და ერთგული მკითხველია. ამიტომ, ბუნებრივია, რომ განვლილი ოცწლიანი პერიოდის თვალის გადავლება მასთან დიალოგით განვიზრახეთ. მან საუბარი იმდროინდელი ვითარების გახსენებით დაიწყო:

– ჩვენმა თაობამ ყველა ის სირთულე გამოცადა, რაზეც ბავშვობაში წინაპრები გვიამბობდნენ და ზღაპარი გვეგონა, – სიცივე, შიმშილი, ომი, კაცთაკვლა, უწყლობა, უშუქობა. გაღატაკების პირას მისული მოსახლეობა, სული რომ გაეტანა, ყიდდა ყველაფერს, თუკი რამ სახლში გააჩნდა.

ასეთ დროს ხარაგაულში დაიბადა გაზეთი, რომელმაც მე, პოლიტიკაში მყოფ კაცს, იმედის ნაპერწკალი გამიჩინა.

ბევრი სიძნელე იყო… ისიც კარგად მახსოვს, ადამიანებს გაზეთი რომ შეეძინათ – 20 თეთრი რომ ღირდა – იმის ფულიც არ ჰქონდათ. ერთმანეთისგან ნათხოვრობდნენ და ისე კითხულობდნენ.

ამ ხნის განმავლობაში თითქმის ყველა ნომერი წამიკითხავს და გაზეთის ყოველი ნომრის გამოსვლას ველი. ეს დაუღალავი შრომითა და უპირველესად იმითაა მიღწეული, რომ სიმართლეს ემსახურებით.

ადამიანები დღესაც კითხულობენ, ახლაც ნათხოვრობენ და ეძებენ იმ ნომერს, ამ ნომერს… „იქ ყოფილა“, „ეს ყოფილა“… – ასე შემთხვევით არ ხდება. ამ გაზეთს ხარაგაულის მაჯისცემაზე უჭირავს ხელი. ამიტომაა ასე წარმატებული და გამარჯვებული.

მძიმე ცხოვრება იყო. შეიძლება დღეს ვინმემ არ იცოდეს, თუნდაც ხელისუფლებაში იყოს, რომ მაშინ ადამიანები 24 საათი მუშაობდნენ სიცივეში, უხელფასობაში, შიმშილსა და უდენობაში. ხელფასი ძალიან მინიმალური იყო, პენსია – 8 ლარი. მე რომ საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, 72 ლარი მქონდა ანაზღაურება. ამდენივე იყო გამგებლის ხელფასიც. მერე, 180 ლარამდე რომ გაიზარდა, მრცხვენოდა, რომ სხვები ნაკლებ ანაზღაურებას იღებდნენ.

დღეს კარგია, ცოტა მეტი ხელფასი რომ არის (ღმერთმა მისცეთ) – სახელმწიფოებრივი შესაძლებლობიდან გამომდინარეობს, მაგრამ ამდენ რთულ პერიოდს რომ ჟურნალისტები გაუძლებენ და 20 წლის მანძილზე ასეთ გამარჯვებულ და წარმატებულ გაზეთს მოგიტანენ, ის ადამიანები პატივისცემასა და ყურადღებას იმსახურებენ.

თქვენმა აქტიურობამ განაპირობა ის, რომ „ჩემი იმერეთი“ ხარაგაულს გასცდა და პირადად მე, ერთ-ერთ კარგ რეგიონურ გამოცემად მიმაჩნია. ვიცი, რომ ჯერ არ ხართ მიღწეულით კმაყოფილი და ჩვენც კიდევ ბევრ სიურპრიზს ველოდებით.

-ბატონო ცეზარ, თვითმმართველობა ოცი წლის წინ და დღეს, თქვენი შეფასებით – რა განსხვავება და რა მსგავსებაა?

-ჩვენ არ გვქონდა ძალიან ბევრი უფლება, მაგრამ ჩემი დროის საკრებულოს თავმჯდომარეს ცოტა უფრო მეტი უფლებამოსილება გააჩნდა რაიონის მასშტაბით, ვიდრე დღევანდელი საკრებულოს თავმჯდომარეს. მაგალითად, პოლიციის უფროსი და პროკურორი ყოველკვირეულად, ორშაბათობით, ანგარიშს აბარებდნენ რაიონის ადგილობრივ ხელისუფლებას. თვითმმართველობას მეტი დამოუკიდებლობა ჰქონდა. სრულ დამოუკიდებლობამდე ჯერ კიდევ მისაღწევია.

დღევანდელ საკრებულოს, თუ პოლიტიკური ნება არ იქნა, ვინც არ უნდა აირჩიონ, ვერაფერს გააკეთებს. ყველა დეპუტატი კარგია ცალ-ცალკე, მაგრამ სისტემაა ისეთი, – სიმართლე რომ თქვას, დაკარგავს იმ შემოსავალს, რასაც ახლა ღებულობს. ამიტომ ურჩევნია, „ზემდგომის“ ყურმოჭრილი იყოს. ჩვენ დროს ასე არ იყო. 72 ლარს დავკარგავდი თუ არა, – სულ არ მანაღვლებდა, ჩემსას ვამბობდი და ბოლომდე გამქონდა.

დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლება მაშინდელს დაფინანსებითა და ხელფასების უზრუნველყოფით გვჯობია.

მე რომ საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, ხარაგაულის რაიონის ბიუჯეტი 320 ათასი ლარი იყო.

და იცით, ეს ბიუჯეტი საიდან იკრიბებოდა? 72-72 ლარს რომ ღებულობდნენ ხელფასად საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი, სხვა თანამშრომლებს 20-35 ლარზე მეტი რომ არ ჰქონდათ ხელფასები, აქედან დაქვითული საშემოსავლო გადასახადით ივსებოდა. არაფერი ფუნქციონირებდა. პენსიონერს წლობით ვერ ვაძლევდით 8-ლარიან პენსიას. ქართველმა ხალხმა ასეთი მძიმე წლები მომავლის რწმენითა და იმედით გადაიტანა.

მერე ცოტა სიკეთის ნაპერწკალი გამოჩნდა… მაგალითად, დენის საკითხი მოწესრიგდა. ღამით ხარაგაულში ქუჩაში ვერ გაივლიდი. ჩემ დროს ქუჩის განათებას ვნატრობდი, – მაღაზიის მესაკუთრეებს ვეხვეწებოდი, რომ კარებთან ერთი ნათურა ანთებული დაეტოვებინათ, რომ ქუჩა ოდნავ მაინც განათებულიყო.

დღეს ხარაგაულში კი არა, სოფლებში გვაქვს ღამის ცენტრალური განათებები. ცხოვრება წინ წავიდა, ბევრი რამ მოწესრიგდა, მაგრამ გასაკეთებელი მაინც ბევრი დარჩა, – ადამიანებისთვის მტკივნეული პრობლემები, რომელთაც ხელისუფლებისგან ყურადღება სჭირდება.

დღეში 50-60 მოქალაქე მოსულა მიღებაზე ჩემთან და შინ დაბრუნებულს, ჭამის თავიც არ მქონია. დღეს, ალბათ, სხვა პრობლემებით აწუხებენ ხელისუფლებას, მაგრამ, მაშინ ხელისუფლების მიმართ სხვანაირი რწმენა, იმედიანი დამოკიდებულება იყო. ღმერთმა ყველას მისცეს, მაგრამ ჩვენ 72 ლარად ვმუშაობდით და დღევანდელზე ნაკლები საქმე არ გვქონდა.

ყოფილა შემთხვევები, რომ ღამის 2-3 საათზე გავუღვიძებივართ, ძირულას ხეობაში, სხვადასხვა სოფლებში გავქცეულვარ და კონკრეტული საკითხი მომიწესრიგებია. დღეს ასეთი პრობლემები აღარაა.

პოლიტიკაში ვინც მოდის, ხშირად წინაპარს ლანძღავს და უკეთეს მომავალს გვპირდება. ასეთებს მინდა შევახსენო ქართული ანდაზა, – წინაპრის მაგინებელი მომავალს ვერ შეიქმნისო.

ხარაგაულს მეტი ყურადღება სჭირდება. ხარაგაულში ოჯახის სიმტკიცე და სტუმართმასპინძლობა მაღალ დონეზეა. მან, ვინც კისრულობს დღეს ხარაგაულის მართვა-გამგებლობაზე პასუხისმგებლობას, ხარაგაულის ტრადიცია უნდა გაითვალისწინოს.

– ამაში რას გულისხმობთ?

– ადგილობრივ კადრებს უნდა გავუფრთხილდეთ. რამდენი ოჯახიც გარბის სადღაც იმიტომ, რომ აქ სამუშაო ვერ იშოვნა, იმდენი ოჯახი გაუქმებულია ხარაგაულისთვის. კარგამოკეტილი ოჯახების კარგი ტრადიციების საუკეთესო შვილები სხვაგან ეძებენ სამსახურსა და სამუშაოს. ასეთ ადამიანებზე უნდა იზრუნოს დღევანდელმა ხელისუფლებამ. კი ბატონო, ვიღაცას პრივილეგია მიეცა, ჩამოვიდა, ხელმძღვანელობს, მაგრამ თუ შიდა ტრადიციას პატივს არ სცემ, ვერ დაგიფასებს ამას ისტორია.

შენ სტუმარი ხარ ჩემი და მიგიღებ, როგორც მასპინძელი; ჩემთან სტუმრად მოსული რომ მასპინძლობას იკისრებ, ამას ჩემი ქართული ოჯახის ტრადიცია არ ითვალისწინებს.

ხარაგაულში ერთმანეთს შორის ჯანსაღი დამოკიდებულება უნდა აღდგეს. ვინც დღეს ხარაგაულში თანამდებობაზეა და სახელმწიფოსგან ხელფასს იღებს, მუდამ იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ წასვლის შემდეგ კარგი სახელი დატოვოს. სხვაგვარად არაფერი გამოვა.

– ახლა რომ იყოთ ხარაგაულის რაიონის ხელმძღვანელი, პირველ რიგში რას გააკეთებდით?

– პირველ რიგში, თუ რამ შეცდომა დამიშვია, რაღაც უნებლიეთ დამიკლია საქმისთვის, იმას გამოვასწორებდი და საკადრო საკითხებს გადავწყვეტდი კომპეტენტური, რეპუტაცია შეულახავი, განათლებული, ერუდირებული, ღირსეული ადგილობრივი კადრებით.

– ცხოვრებაში რა არის მთავარი?

– ცხოვრებაში მთავარია, მართალი ადამიანი იყო საკუთარი თავისა და ღვთის წინაშე და არავისი შეგეშინდება.

– სხვადასხვა დროის ხელისუფლების წარმომადგენლებს დამოუკიდებელ მედიასთან ურთიერთობა რატომ უჭირთ ხოლმე, თქვენი აზრით?

– შეიძლება, მეც მიჭირდა, რაღაც მომენტებში, საკრებულოს თავმჯდომარე როცა ვიყავი. ჩვენს შორისაც ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ კამათში ყოველთვის ჭეშმარიტებამდე მივსულვართ. ამაში ხომ მეთანხმები? სიმართლე მწარეა და ბევრს არ უყვარს. არადა, ამის გარეშე არ შეიძლება. გაზეთი რომ მწვავედ წერს, შველა უნდა იმ პრობლემას.

ხელისუფლებაში რომ ხარ, გგონია, რომ ეს მარადიულია და ყველაფრის უფლება გაქვს. ყველა ხელისუფალი ცდილობს საკუთარი თავის ისე წარმოჩენას, როგორც თავად სურს. თუმცა ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება ცხოვრებაში, როგორც ჩვენ გვინდა; როგორც ხელისუფალი, თუნდაც ნებისმიერი ადამიანი, ფიქრობს.

ხელისუფალს მეტი კომპეტენცია, მეტი ცოდნა, მეტი გამოცდილება, მეტად მოთმენა მართებს იმიტომ, რომ ხელისუფალია და სხვების ცხოვრებას წარმართავს.

– რას გვირჩევთ და რას გვისურვებთ იუბილარ გამოცემას?

– უფრო მეტად გააგრძელეთ სიმართლეზე სუბარი. ის პრესტიჟი არ დაკარგოთ, რითაც მოხვედით და ამას მე ჯერ ვერ ვხედავ. ამასწინათ ყოფილ კოლეგას შევხვდი ჭიათურიდან და მსიამოვნებს, რომ ჭიათურაში თქვენი თანამშრომლობა მოსწონთ. მითხრა, ჭიათურაში კაცი არ გამოიძებნა, კარგი გაზეთი რომ გაეკეთებიაო.

1998-2003 წლებში რაიონის ხელმძღვანელი დღევანდელ ადგილობრივ ხელისუფლებას რას ურჩევთ და რას უსურვებთ?

– ხშირად საზოგადოება ხელისუფლებას სკეპტიკურად უყურებს. ყველა მეტს ითხოვს და ელოდება. ამიტომ რთულია, იყო ხელისუფალი. დღევანდელ ხელისუფლებას მეტი შრომა და გარჯა სჭირდება. შემიძლია მათ ვურჩიო, უფრო მეტად გაითავისონ ხარაგაულის წარსული, ამით იზრუნონ მის მომავალზე და აქედან როცა წავლენ, მათი მმართველობა ყოველთვის ტკბილად მოსაგონრად დარჩეთ ხარაგაულელებს, რამეთუ ყველაფერი მარადიული არ არის.

– ბატონო ცეზარ, ჩვენ ისეთ ეპოქაში დავიბადეთ და ვცხოვრობდით, როცა რელიგიისადმი ტაბუირებული დამოკიდებულება მძლავრობდა. მოსწავლეობიდან კომკავშირის მდივნად ნამუშევარი, შემდგომში კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი და პარტიული მუშაკი, საინტერესოა, როგორ აღმოჩნდით ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მშენებელი?

– 2000 წელს, რაიონის საკრებულოს თავმჯდომარედ რომ ვმუშაობდი, ზესტაფონის რაიონის გამგებელი მირეკავს, – დასავლეთში პატრიარქი მობრძანდება და „ოდაში“ უნდა შევხვდეთო. ერთ-ორ მეგობარს დავუძახე და სტუმართან შესახვედრად გავიქეცით. ჩვენ რომ მივედით, მაგიდასთან უკვე ისხდნენ პატრიარქი, თითქმის მთელი სინოდის შემადგენლობა, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, გუბერნატორები… მეუფე დანიელი ბრძანდებოდა თამადა.

პატრიარქი რომ მიბრძანდებოდა, მანიშნა, გვერდით გავყოლოდი. მითხრა – ხალხს არ უსვამს და არ უჭამია. მე რომ გამაცილებთ, შემოტრიალდით და ამათ მამა-პაპურად – იმერლებმა რომ იცით, – აჭამეთ პურიო. მაშინ ცხოვრებაში პირველად ვეახელი და შევეხე პატრიარქს. მხლებელ დიაკონს დიპლომატის მოტანა სთხოვა. პატრიარქმა ჩანთიდან ვერცხლის ბოლნური ჯვარი ამოიღო, პირჯვარი გადამსახა, ჯვარი დალოცა და გულზე ჩამომკიდა. ამ ჯვარს დღემდე ვატარებ.

ალბათ ამან განაპირობა, თუმცა მაშინ არც კი მიფიქრია, რომ მე ტაძრის მშენებლობას ჩავუდგებოდი სათავეში. უდიდესი პატივი იყო, პატრიარქმა რომ ჯვარი მაჩუქა.

2003 წელს, – უკვე აღარ ვიყავი საკრებულოს თავმჯდომარე, – საკრებულოში დამიძახეს და მთხოვეს, ეკლესიის მშენებლობას ჩავდგომოდი სათავეში. საპატრიარქოში გავიარე კონსულტაციები. მადლობელი ვარ იმდროინდელი ხელისუფლების, რომ ნებისმიერი საკითხი, რაც დამიყენებია, ყველაფერი დადებითად წყდებოდა. საკუთარი ხელით დაუდგამთ შემოწირულობათა ყუთები მაშინდელ საკრებულოს თავმჯდომარეს, მაშინდელ დეპუტატს, გამგებელს. დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლებაც აქტიურად გვეხმარება.

პირველები ვიყავით საქართველოში, ავტომაგისტრალებსა და სავაჭრო ობიექტებში შემოწირულობათა ყუთები ვინც დავდგით. 5-6 წლის მანძილზე 140 ათას ლარზე მეტი შემოვიდა ამ ყუთებიდან. მანამდე მოსამზადებელ სამუშაოებს ვაწარმოებდით. პირველი სამშენებლო ქვა 2009 წლის 24 აპრილს დაიდო. 9 წლის შემდეგ, 2018 წლის 27 თებერვალს, ბოლო სამშენებლო ქვის დადების მოწმენი გავხდით. ახლა გუმბათზე ვმუშაობთ, ტაძარი უნდა გადაიხუროს. მერე შიდა სამუშაოებია ჩასატარებელი.

პროექტი არ ითვალისწინებდა ჩუქურთმებს. ჩვენ გაგვიჩნდა შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი ძალებით ჩუქურთმებით გაგვემშვენიერებინა ეს ტაძარი. ამის მნიშვნელობა ისტორიამ უნდა განსაზღვროს. სახელობითი ჩუქურთმების შემოღება რაღაც განგებამ გვიკარნახა. შეკვეთები მივიღეთ ამერიკიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან. საეკლესიო კანონიკა დაცულია. ყველა ჩუქურთმასა და კომპოზიციას საპატრიარქოს სპეციალიტებს ვუთანხმებ.

ისტორიას რომ გადავხედოთ, ტაძრის ასაგებად ცხრა წელიწადი ბევრი არ არის, რადგან მისი მშენებლობა ძნელია. ზოგჯერ სასოწარკვეთილებამდე მივსულვარ, რადგან, თუ დაფინანსება არ გვექნებოდა, უკვე გაკეთებული ფუჭდებოდა. მთელი ღამე ბორგვასა და უძილობაში გამითენებია და მითქვამს, გადავალ ხვალ გამგეობაში და ვეტყვი – აჰა, ჩაიბარეთ და ვისაც გინდათ, ააშენეთ ეს ტაძარი!

მოვსულვარ დილას და ის პრობლემა მოგვარებული დამხვედრია… როგორ შეიძლება, ამას უღალატო. ღმერთის ნებას ვუმადლი, რომ ამის შესაძლებლობა მომცა.

ლაურა გოგოლაძე