დიდმარხვის მეხუთე კვირას მართლმადიდებელი სამყარო წმიდა მარიამ მეგვიპტელს იხსენიებს. დღეს, 25 მარტს, საქართველოს ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენას აღნიშნავს.

საკვირაო წირვის შემდეგ ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებასა და ავტოკეფალიის აღდგენის მნიშვნელობაზე იქადაგა:

-მარიამ მეგვიპტელი განსაკუთრებული წმინდანია, – აღნიშნა მოძღვარმა, – მან ღვთის მადლით, იმედითა და უდიდესი მოშურნეობით უმძიმესი ცოდვა – მრუშობა დაძლია, მარხვითა და ლოცვით მოიპოვა ცათა სასუფეველი და ზეციური გვირგვინი. ქრისტეს ეკლესია ამით გვიჩვენებს, რომ შემწყნარებელი და მიმტევებელია ყველა ცოდვის მიმართ, თუ ადამიანი გულწრფელად მოინანიებს. წმინდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება არის ყველა ქრისტიანისთვის იმედი, რომ გულითადი სინანულით ცოდვებს მოვინანიებთ.

წმინდანები, რომლებითაც სავსეა ცათა სასუფეველი, ჩვენნაირი ადამიანები იყვნენ. მათ გამოიჩინეს გულისხმიერება და ქრისტე თავიანთ გულებში შეუშვეს. მათ უნდა მივბაძოთ და ვიყოთ გულწრფელნი უფლის მიმართ. მუდამ გვახსოვდეს ეფრემ ასურის ლოცვა, რომ უფალმა მოგვანიჭოს „განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა.“ სამწუხაროდ, ჩვენი ამპარტავნებით ისეთ არაჯანსაღ მდგომარეობაში ვართ, რომ სხვების ცოდვებს უფრო „განვიცდით.“

ჩვენ გვგონია, რომ რთულია თავის დამდაბლება და წყენის პატიება. რთულია იმიტომ, რომ ჩვენი გონება ამპარტავნებითაა სავსე. ვიყოთ ლაღები, თავისუფლები და ჩვენი გული იესო ქრისტეს მივანდოთ.

25 მარტი ქართველი ერის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა. ამ დღეს, 101 წლის წინ, მღვდელმთავართა თავდადებით ეკლესიის ავტოკეფალია, დამოუკიდებლობა, დავიბრუნეთ, რუსეთის იმპერიის კლანჭებიდან თავი დავაღწიეთ. ვულოცავ სრულიად საქართველოს და ქართველ ერს ამ დღეს, ყველას, ვისაც გული ქრისტესა და სამშობლოსთვის უძგერდა და უძგერს.