ხარაგაულში 1932 წელს დაარსებული გაზეთის რედაქციას 1989 წელს შევუერთდი.

გასული საუკუნის ბოლოს ხარაგაულში გაზეთის გამოცემა, იმდროინდელი ტექნოლოგიით, შეუძლებელი გახდა. ვინაიდან მაშინდელი რედაქციის დანარჩენმა ახალგაზრდა ჟურნალისტებმა სხვადასხვა გზები აირჩიეს, ახალი შესაძლებლობების მოძიების საპატიო ტვირთი მე მერგო წილად.

ვეძებდი კიდეც… ამ ძიების პროცესში ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელები მამუკა ჭიპაშვილი და ნიკო მაჭავარიანი დამიკავშირდნენ.

საქმიანობას საწერკალამით შევუდექით – დიქტოფონის, ფოტოაპარატის, კომპიუტერის, ინტერნეტის, დაფინანსების, საკუთარი სამუშაო ოთახისა და ყოველგვარი ინვენტარის გარეშე; ენთუზიაზმით, ძლიერი მოტივაციით, უზარმაზარი რწმენითა და იმედით…

გაზეთ „სხივის“ პირველი ნომერი 1998 წლის 24 მარტს გამოვიდა!

…მალე ნინოც შემოგვიერთდა, – ერთგული პროფესიონალი. ნინოს შემდეგ სხვა ჟურნალისტები მოჰყვნენ.

პირველი გამარჯვება და აღიარება რუბრიკით „პასუხები ჩვენებურად“ ჟურნალისტთა კონკურსში „ოქროს კალამი“ დავიმსახურეთ. დღეს ვეღარც კი ვითვლით ოცი წლის მანძილზე მიღწეულ წარმატებებს.

ყოველთვიური ახალგაზრდული გაზეთი „სხივი“ ჯერ ყოველკვირეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთად – „ჩემი ხარაგაული“ გარდაიქმნა. დღეს კი გამომცემლობა „ჩემი იმერეთი“ გამოსცემს ორ გაზეთს ხარაგაულსა და ჭიათურაში და ასევე ვებგვერდს myimereti.com

შეუძლებელია, ჩვენი მედიაორგანიზაციის ოცწლიანი საინტერესო ისტორია ერთ, თუნდაც ვრცელ სტატიაში აღწერო.

რაც მთავარია, ყოველი საკითხის გაშუქებისას კონკრეტული პრობლემის მოგვარებისთვის ხელშეწყობა გახლდათ ჩვენი მიზანი. გრძნობდა ამას გონიერი მკითხველი და ამიტომ ყოველთვის, – რედაქციის ძნელბედობისა თუ გამარჯვებების დროსაც, – ერთგულად გვედგა გვერდით.

… ამასწინათ ერთმა მასწავლებელმა მკითხა, რამდენად ურთიერთობენ ადგილობრივი ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები ჩვენთან. დავინტერესდი, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას მისთვის.

-თქვენთან თუ ახერხებენ გამართულად ურთიერთობას, ხალხსაც გვეშველება მაშინო!

არ მეგულება ჯილდო, ამ შეფასებაზე უფრო დიდი!..

…აღმასვლაც გამოვიარეთ და დეპრესიაც…

ოცი წლის ასაკი ჩვენი მედიაორგანიზაციისთვის ახალი გამარჯვებების დასაწყისი მგონია!

გაზეთის საიუბილეო ნომრის მომზადებისას გამიძლიერდა რწმენა, რომ სიმართლე რაც შეიძლება მეტად უნდა ითქვას; გაზეთის ფურცლებსა და ვებგვერდზე რაც შეიძლება მეტი მოქალაქის ხმა უნდა ისმოდეს; მუშაობა უნდა გავაძლიეროთ და განვითარება არ უნდა შევაჩეროთ!

მარტო ჩვენ რას გავხდებით! უამრავი ადამიანი გვეხმარებოდა და გვეხმარება დღესაც! უდიდესი მადლობა გაზეთების – „ჩემი იმერეთი“ და „ჩემი ჭიათურა“ – ხელმომწერლებს, ვებგვერდის myimereti.com ვიზიტორებს, გულშემატკივრებს, ავტორებს, დისტრიბუტორებს… მათი სია უსასრულოდ გრძელია.

…ახლახან ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა უფროსკლასელებს კონკურსი „ერთი დღე“ შესთავაზა. ოთხმა კონკურსანტმა „ჩემი იმერეთის“ რედაქტორობა ისურვა.

მათი სამოტივაციო წერილების გაცნობისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფუჭად ნამდვილად არ ჩაივლის განწირული სულისკვეთება…

ლაურა გოგოლაძე
გამომცემლობა „ჩემი იმერეთის“ დამფუძნებელი და მთ. რედაქტორი