პირის ღრუს ჯანმრთელობის დღე 20 მარტს მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნება. წელს ეს დღე აღინიშნა სლოგანით „იფიქრე პირის ღრუს ჯანმრთელობაზე“. საერთაშორისო კამპანია ითვალისწინებს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას პირის ღრუს ჰიგიენის საკითხებზე და ხაზს უსვამს ჯანსაღი კბილების მნიშვნელობას, როგორც ახალგაზრდა, ასევე ასაკოვანი ადამიანებისათვის.

მოსახლეობის 90%-ს სიცოცხლის მანძილზე, შესაძლოა, გამოუვლინდეს პირის ღრუს დაავადებები, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია პირის ღრუს ჰიგიენის წესების დაცვით, ადამიანთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებითა და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით.

ადრეული ასაკიდან პირის ღრუს ჰიგიენასთან დაკავშირებული სწორი ქცევითი უნარების ჩამოყალიბება, რისკ-ფაქტორების თავიდან აცილება და პირის ღრუს რეგულარული პროფილაქტიკური გასინჯვა, ხანდაზმულ ასაკში ჯანმრთელი პირის ღრუს გარანტიაა.

პირის ღრუს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ისტორია.

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე პირველად ოფიციალურად 2007 წლის 12 სექტემბერს აღინიშნა. იგი სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის დამფუძნებლის დოქტორ ჩარლზ გოდონის დაბადების დღეს უკავშირდებოდა. თუმცა სტომატოლოგთა გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 2013 წლიდან კამპანია 20 მარტს ტარდება, რადგან:

  • ბავშვებს აქვთ 20 სარძევე კბილი.
  • მოხუცებს, ცხოვრების დასასრულს, უნდა ჰქონდეთ სულ ცოტა 20 საკუთარი კბილი.
  • თუ „20 მარტს“ გამოვხატავთ რიცხვებით 3/20 ის შეესაბამება ჯანმრთელი მოზრდილი ადამიანის მდგომარეობას, რომელსაც უნდა ჰქონდეს 32 კბილი და 0 კარიესი.

მნიშვნელოვანი ფაქტები პირის ღრუს მოვლისა და დაავადებების შესახებ.

  • მსოფლიო მოსახლეობის 90%-ს ცხოვრებაში ოდესმე უვლინდება პირის ღრუს დაავადებები,  ეს შესაძლოა იყოს კარიესი, პარადონტოზი, პირის ღრუს სიმსივნე და სხვ.
  • მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 60%-თვისაა ხელმისაწვდომი ჯანმრთელი პირის ღრუ;
  • მსოფლიოში სკოლის მოსწავლეების 60-90%-ს აქვს კარიესი;
  • მრავალ ქვეყანაში პირის ღრუს სიმსივნეების ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე 1-დან 10-მდე მერყეობს;
  • პირის ღრუს სიმსივნე 8 ფართოდ გავრცელებულ სიმსივნეებს შორის გვხვდება და სამკურნალოდ ყველაზე ძვირადღირებულია;
  • თამბაქოსა და ალკოჰოლის ერთობლივი მოხმარებისას  პირის ღრუს სიმსივნეების განვითარების რისკი 15-ჯერ იზრდება;
  • ბევრ ქვეყანაში სკოლებში გაცდენების უპირველეს მიზეზს, კბილის ტკივილისგან გამოწვეული დისკომფორტი წარმოადგენს;
  • შაქრის ჭარბი გამოყენება უპირველესი რისკ-ფაქტორია კარიესისა და დიაბეტის განვითარების თვალსაზრისით;
  • აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ 30-40 მილიონი ადამიანი ცდილობს, თავი აარიდოს სტომატოლოგიურ მომსახურეობას შიშის გამო;
  • განვითარებულ ქვეყნებში პირის ღრუს დაავადებათა ტვირთი მცირდება, თუმცა ღრძილების გართულებები უმეტესად ხანშიშესულ ადამიანებშია გავრცელებული, რომელთა რისკ-ფაქტორებს თამბაქოს მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, მაღალი ცხიმოვანი დიეტა,  მარილისა და შაქრის ჭარბი გამოყენება წარმოადგენს;
  • თამბაქოს მოხმარება პერიდონტიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზია. პერიდონტიტი წარმოადგენს  პირის ღრუს ინფექციურ დაავადებას, რომელიც აზიანებს ძვლის ქსოვილს და ძვლოვან ნაწილს, რომელზეც მიმაგრებულია კბილები. პერიდონტიტმა შეიძლება გამოიწვიოს კბილების დაზიანება ან დაკარგვა, გაზარდოს ინფარქტის, ინსულტის და სხვა სერიოზული პათოლოგიების რისკი;
  • პირის ღრუს ჯანმრთელობა უდიდეს ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარებაზე და აგრეთვე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თვითდაჯერებულობა, სოციალური ურთიერთობები, ძილი და საუბარი;
  • უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება სწორი ქცევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორიცაა კბილების სწორი გახეხვა და რეგულარული დათვალიერება;

ბავშვებმა 1 წლის ასაკიდან უნდა გაიხეხონ კბილები (3-4 წლამდე ამ საქმეში დედა უნდა დაეხმაროს). კბილები უნდა გაიხეხოთ დღეში 2-ჯერ დილით საუზმის შემდეგ და საღამოს ძილის წინ, კბილების გახეხვის პროცედურა უნდა გრძელდებოდეს 3-5 წთ. ჯაგრისი უნდა დაიჭიროთ 45 გრადუსიანი კუთხით, გაწმენდა დაიწყეთ გახსნილი კბილების მდგომარეობაში ზედა ყბის კბილების ლოყის ზედაპირიდან და შეასრულეთ 10-10 მოძრაობა მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიმართულებით ჯაგრისის მოძრაობით გაიწმინდეთ კბილების შიდა ზედაპირი ენის მხარეს.

ამის შემდეგ შეუდექით საღეჭი ზედაპირების გაწმენდას პირიდან გარე მიმართულებით. გაიმეორეთ ეს მოძრაობა ქვედა ყბის კბილებისთვის. გაიწმინდეთ ენა და ჩაიტარეთ ღრძილების მასაჟი, რომელიც ტარდება დახურული კბილების პირობებში ჯაგრისის წრიული მოძრაობით.

კბილების საღეჭ ზედაპირზე საკვების ნარჩენები ადვილად იწმინდება ჯაგრისით, ხოლო კბილებს შორის დარჩენილი არე უნდა გაიწმინდოთ ე.წ. ძაფის-ფლოსის მეშვეობით. გამოიყენეთ საშუალო სიმაგრის ჯაგრისი, ხელოვნური ბეწვისაგან დამზადებული, მრგვალი ფორმის და პირის ღრუს შესაბამისი ზომის. კბილის პასტები გამოიყენეთ ფტორის შემცველი, ხოლო კვირაში 2-ჯერ შეგიძლიათ მათეთრებელი პასტების გამოყენება. უმჯობესია ცვალოთ კბილის პასტები.

თათია ბლუაშვილი
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი

მაკა გელაშვილი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსის თანაშემწე

ფოტოებზე: ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლებში პირის ღრუს ჯანმრთელობის დღე მოსწავლეებთან საუბრით აღინიშნა