21 მარტს, ტყეების საერთაშორისო დღეს, ყველაზე მასშტაბური სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსის – ნიკო კეცხოველის პრემია 2018 ფინალი გაიმართება.

ფინალი ქუთაისში, საქართველოს პარლამენტში 14:00 საათზე დაიწყება.

კონკურსში დარეგისტრირებული 700 სკოლიდან ნახევარფინალურ ეტაპზე 128 სკოლა გადავიდა საქართველოს ყველა რეგიონიდან, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთიდან. ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორსა და თბილისში ჩატარებული ნახევარფინალური ტურების შედაგად, წლის განმავლობაში დაგროვილი ქულებისა და ჟიურის შეფასების კომბინირებული შედეგებით, სულ 29 ფინალისტი გამოვლინდა.

ფინალისტებს შორისაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლა.

ფინალურ ღონისძიებაზე მოხდება გამარჯვებული გუნდების შეფასება და დაჯილდოება. მათ გამარჯვების მოპოვება წლის განმავლობაში განხორციელებული გარემოსდაცვითი აქტივობების დემონსტრირებით უნდა სცადონ, რომელთაც კომპეტენტური ჟიური შეაფასებს.

ყოველწლიური სასკოლო პრემია 2015 წელს დაფუძნდა. ოთხი წლის განმავლობაში კონკურსში ათასამდე სკოლა და ასზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია მონაწილეობდა. კონკურსი მოიცავდა გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე. მონაწილე სკოლები მთელი წლის განმავლობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კვლევასა და ადვოკატირებაში, განვითარების პროგრამების შემუშავებაში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, სოციალური პასუხისმგებლობის, გარემოსდაცვითი განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მდგარდი ტურიზმისა და გარემოსთან მეგობრული დამოკიდებულების პოპულარიზაციაში.

წლევანდელი კონკურსის სლოგანი გახლდათ – აღმოაჩინე საქართველო.