ეს საკითხი მარტის ბოლოს გადაწყდება.
დღეს, 15 მარტს, კი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიამ (თავმჯდომარე ოთარ ლურსმანაშვილი) ამ საკითხზე განმეორებით იმსჯელა. თუმცა, დეპუტატებმა საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.
ფრაქციის შექმნა საკრებულოს ოთხ წევრს – ინგა მაღრაძეს, მიხეილ ჭიპაშვილს, აკაკი მაჭავარიანსა და დავით მაღლაფერიძეს – სურთ.
კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლურსმანაშვილი ამბობს, რომ „შენების მოძრაობის“ წევრებს – ინგა მაღრაძესა და მიხეილ ჭიპაშვილს – იმ პარტიიდან ცნობის მოტანა თხოვეს, რომელმაც ისინი არჩევნებზე წარადგინა. მათ „ეროვნული ფორუმიდან“ წარმოადგინეს დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ ჭიპაშვილი და ინგა მაღრაძე 2017 წლის 2 ნოემბრიდან მპგ „ეროვნული ფორუმის“ (საარჩევნო სახელწოდება „შენების მოძრაობა“) წევრები არიან.
ოთარ ლურსმანაშვილი მიიჩნევს, რომ ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი სამართლებრივ ჭრილში დამატებითაა შესასწავლი და განსახილველი.
ინიცირებული საკითხის დამატებითი შესწავლის საჭიროებაზე საუბრობს დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილიც:
– წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე უნდა დავადგინოთ, არსებობს თუ არა ფრაქციის შექმნის სამართლებრივი საფუძვლები. ახალი ფრაქციის შექმნის მსურველი ორი დეპუტატი არჩევნებზე „შენების მოძრაობამ“ წარადგინა, თუმცა მათ საარჩევნო რეგისტრაციის ანკეტებში მითითებული აქვთ სტატუსი „უპარტიო“. ეს, ჩემი აზრითა და ანალიზით, მათგან ფრაქციის შექმნის კანონიერ საფუძველს გამორიცხავს.
თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე პარტიის წარდგენით არჩეულ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უპარტიო წევრს უფლება აქვს, გაერთიანდეს ფრაქციაში მხოლოდ ამ პარტიის წევრებთან ერთად. „ევროპელი დემოკრატები“, – რომლის წარმომადგენლებიც არიან აკაკი მაჭავარიანი და დავით მაღლაფერიძე, – კი სხვა პარტიაა. ამიტომ ან „შენების მოძრაობის“ წევრი უნდა გახდეს ერთ-ერთი, ან – პირიქით.
კომისიის წევრებს შორის, მსჯელობისას, განსხავავებული პოზიციები გამოიკვეთა. სამართლებრივ ნორმას ყველა სხვანაირად განვმარტავთ. ამიტომ, ნაჩქარევი გადაწყვეტილებით შეცდომა რომ არ დავუშვათ, კომისია დამატებით კვლავ იმსჯელებს. ასევე მოვიძიებთ სხვა მუნიციპალიტეტების პრაქტიკას, რაც კანონიერი გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება.
დღეს გადაწყვეტილება – უარყოფითი ან დადებითი – ჯერ არ მიგვიღია და არც გამოგვიკვეთავს.
შესაძლებელია, გარკვეული დაზუსტებების შემდეგ პოზიციები შეიცვალოს, – ამბობს დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი.
ინგა მაღრაძე, საკრებულოს წევრი პარტიიდან „შენების მოძრაობა“ ამბობს, რომ მან არ იცის, რატომ გადაიდო ფრაქციის შექმნის საკითხის განხილვა:
-კომისიისგან სხდომაზე დასკვნას, გადაწყვეტილების მიღებას ვითხოვდი. რეგისტრაციისთვის რაც იყო წარმოსადგენი, მივიტანეთ. ვერ გავარკვიე, რატომ გადადეს, რა საკითხი დარჩათ შეუსწავლელი და გაურკვეველი. მიმაჩნია, რომ, რასაც ამბობენ, გამოგონილი არგუმენტია და ფრაქციის შექმნის გაჭიანურებას ცდილობენ. ვერც უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას ბედავენ. ფრთხილობენ, რადგან იციან, რომ კანონთან მართლები არ არიან. ჩემი აზრით, პროცესს ხელოვნურად აჭიანურებენ, რომ მერე გვითხრან – კანონის შესაბამისად ფრაქციის შექმნის ლეგიტიმური უფლება კი არ გქონდათ, არამედ – მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ კეთილი ნება გამოიჩინა და ამის საშუალება მოგეცითო.
თუ კანონი ჩვენგან ფრაქციის შექმნის უფლებას არ იძლევა, მხარდაჭერას ნუ გამოხატავენ. მერე ვიმოქმედებთ კანონით დადგენილი წესით, მაგრამ ხელოვნურად აჭიანურებენ, – რომ გაგვაწვალონ და მერე თქვან, რომ ასეთი კეთილი ნება გამოხატეს.
ჩვენს შეკითხვაზე, თუ რა მიზანი ამოძრავებთ საკრებულოში რიგით მეოთხე ფრაქციის შექმნის მსურველ დეპუტატებს, ინგა მაღრაძე გვპასუხობს:
-საკრებულოში შვიდი დეპუტატი ოპოზიციური პარტიებიდანაა არჩეული. ვფიქრობ, საკრებულოს ბიუროში ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენელი აუცილებლად უნდა იყოს. ჩვენგან ფრაქციის შექმნა საკრებულოში ოპოზიციურ ძალებს, ყველა მიმართულებით, უფრო მეტად გააძლიერებს. ჩვენ გარკვეული მატერიალური და ტექნიკური რესურსი გვჭირდება იმისთვის, რომ საქმიანობა უფრო ეფექტიანად წარვმართოთ.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამი ფრაქცია ფუნქციონირებს – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო,“ „ქართული ოცნება-მრეწველები“ და „ქართული ოცნება-კონსერვატორები.“ ფრაქციის თავმჯდომარეთა ყოველთვიური ანაზღაურება 1 650 ლარია.
ლაურა გოგოლაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში