ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს ინგა მაღრაძეს, მიხეილ ჭიპაშვილს, აკაკი მაჭავარიანსა და დავით მაღლაფერიძეს ფრაქციის შექმნა სურთ.
ამ მიზნით მათ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და ფრაქციის დამფუძნებელი ოქმი საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიას წარუდგინეს.
კომისიამ გასულ კვირაში ფრაქციის შექმნას მხარი დაუჭირა, თუმცა, როგორც კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლურსმანაშვილი ამბობს, სხდომის დასრულების შემდეგ მან ახალი გარემოება აღმოაჩინა და კომისიის სხდომა 12 მარტს განმეორებით მოიწვია. ქვორუმის არარსებობის გამო კომისიის სხდომა გადაიდო.
„ინგა მაღრაძისა და მიხეილ ჭიპაშვილის სააღრიცხვო ბარათებში, რომლებიც მათ საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნებში მონაწილეობისთვის წარუდგინეს, წერია, რომ ორივე მათგანი უპარტიოა, – განმარტავს ოთარ ლურსმანაშვილი, – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 30-ე მუხლისა და საკრებულოს რეგლამენტის 35-ე მუხლის თანახმად, უპარტიო წევრებს ფრაქციის შექმნის უფლება სხვა პარტიის წევრებთან ერთად არ აქვთ. მათ ფრაქცია მხოლოდ არჩევნებზე წარმდგენი პარტიის წევრებთან ერთად უნდა შექმნან.“
ინგა მაღრაძე და მიხეილ ჭიპაშვილი არჩევნებში „შენების მოძრაობამ“ წარადგინა; აკაკი მაჭავარიანი და დავით მაღლაფერიძე კი საკრებულოს წევრები „ევროპული საქართველოდან“ არიან.
ინგა მაღრაძე ამბობს, რომ საკრებულოს ოპოზიციურ ჯგუფს საერთო პოლიტიკური იდეოლოგია და ხედვები აქვთ. ამიტომ ფრაქციის შექმნა გადაწყვიტეს, რადგან ბიუროს გადაწყვეტილებებზე განსხვავებული პოზიციები დააფიქსირონ და გავლენა მოახდინონ. გარდა ამისა, ინგა მაღრაძის თქმით, მათ სჭირდებათ მატერიალური ბაზა საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად.
„კომისიას ფრაქციის შექმნისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტაცია წარვუდგინეთ, – ამბობს ინგა მაღრაძე, – სააღრიცხვო ბარათები საკრებულოს აპარატშია და ამას დიდი მოძიება არ სჭირდებოდა. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ავტორის, თენგიზ შერგელაშვილის განმარტება მაქვს, რომ უპარტიო წევრს სხვა პარტიის წევრებთან ერთად ფრაქციის შექმნის უფლება აქვს.“
შესაძლებელია თუ არა ხარაგაულის საკრებულოში ახალი ფრაქცია შექმნან საკრებულოს უპარტიო წევრებმა სხვა პარტიის წევრებთან ერთად, – ამის გასარკვევად დავუკავშირდით ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში სანდრო სვანიშვილს.
„ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან საუბარში სანდრო სვანიშვილმა აღნიშნა, რომ „საკრებულოს უპარტიო წევრს სხვა პარტიის წევრებთან ფრაქციის შექმნას კანონი არ უზღუდავს. შეზღუდვა მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ პარტიის მიერ წარდგენილი დეპუტატებიდან ერთი მაინც იქნება პარტიის წევრი და ის გადაწყვეტს ფრაქციის შექმნას სხვა პარტიის წევრებთან. ამ დროს უპარტიო დეპუტატი ცალკე ფრაქციას ვერავისთან ვეღარ შექმნის.“
საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა ხუთშაბათს, 15 მარტს, 10:00 საათზე დაინიშნა. ინგა მაღრაძე იმედოვნებს, რომ კომისია ფრაქციის შექმნას მხარს დაუჭერს. სხვა შემთხვევაში ის კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
ფრაქციის თავმჯდომარის ყოველთვიური ანაზღაურება 1 650 ლარია, მისი მოადგილის – 1 110 ლარი.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.