სააღდგომო მარხვის მესამე კვირას ჯვრის თაყვანისცემა აღინიშნება.

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას მრევლს მოუწოდა, რომ უფალს განსაცდელის დროსაც მადლობდნენ.

-ქრისტიანის ცხოვრებაში ჯვარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, – აღნიშნა მამა ანტონმა, – რადგან უფალმა კაცობრიობა ჯვარცმით გამოიხსნა. ჯვარია ყოველი ბოროტის შემმუსვრელი. ბოროტ ძალას ჯვრის ძალიან ეშინია.

ქრისტიანი უფალთან თანაჯვარცმული უნდა იყოს. როდის ხვდება ადამიანი რომ სწორ გზაზე დგას? როცა ბრძოლები მომრავლდება და მისი ცხოვრება განსაცდელებით ივსება. ჩვენ ყველამ ჩვენი ჯვარი ვიტვირთეთ და ეს ჯვარი ღირსეულად უნდა ვატაროთ. უფალი გვეუბნება, – მე თუ მდევნეს, თქვენც გდევნიან, მე თუ ჯვარს მაცვეს, თქვენც ჯვარს გაცვამენ. ქრისტიანობა არის თანაჯვარცმა მაცხოვართან, ქრისტეს ჯვარცმის თანაგანცდა.

სამწუხაროდ, ბევრ ცუდ მოვლენას ვხვდებით – ქრისტიანები სხვათა განმკითხველებად, მლანძღველებად და დამსმენებად იქცნენ. გვავიწყდება, რომ ქრისტიანი ადამიანი არის მომთმენი. უფალი ამბობს, ცილსაც რომ გწამებდენ, მორჩილებით დაითმინე, რამეთუ მე ვაზღვევინებო. ამ ბოლო დროს სასულიერო პირების დევნა გახშირდა. ბოროტ ძალას გადავასწარით და ეშმაკს საზრუნავი აღარ დავუტოვეთ. მოგიწოდებთ, რომ არ აყვეთ და თავი მხნედ გეჭიროთ. მარად გვახსოვდეს, თუ რა გადაიტანა უფალმა თითოეული ჩვენგანის ცხონებისათვის. უნდა გიხაროდეს, თუ ბრძოლები გაქვს, თუ ცილს გწამებენ. ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგახარ.

ადამიანი, იტვირთებს რა ჯვარს ქრისტესთან ერთად, დიდი მოთმინება  უნდა შეიძინოს. ქრისტემ რამდენი შეურაცხყოფა გადაიტანა, ჩვენ კი ერთმანეთს ერთ სიტყვასაც არ ვპატიობთ. მივემსგავსოთ უფალს მოთმინებით, სიყვარულითა და მოწყალებით.

ჯვრის თაყვანისცემის დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ მაცხოვარს, რომ ჩვენ ამქვეყნიური სიმდიდრით კი არ ვართ გამოსყიდულები, არამედ ქრისტეს ღვთაებრივი სისხლით. ქრისტეს არ ჰყავს დასაკარგი არც ერთი ადამიანი. ყველაზე ზრუნავს და ცდილობს როგორ ამოიყვანოს დაცემული მდგომარეობიდან, როგორ დააყენოს ფეხზე და როგორ აცხონოს მისი სული. მივემსგავსოთ ქრისტეს – დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, რომლებიც განსაცდელში არიან.

ყველა წმინდანი სიკვდილის წინ თავის მტარვალზე ლოცულობდა. ეს არის ქრისტიანობა და არა სიტყვის არპატიება. ამაზე უნდა ვიფიქროთ და ფუჭად არ უნდა ჩაიაროს ჩვენმა ცხოვრებამ. ყველა ადამიანში ღვთის მსგავსება და ხატებაა. თითოეული ადამიანი ბრძენია. სიბრძნეში იგულისხმება კეთილგონიერება და ქრისტესმიერი აზროვნება. მივემსგავსოთ ქრისტეს ჩვენს ქმედებებში.

მოუსმინეთ დღევანდელ საკვირაო ქადაგებას: