ძნელია მოიპოვო ხალხის სიყვარული და აღიარება. ემსახურებოდე ხალხს, ეს დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, ხოლო დაიმსახურო მათი სიყვარული და პატივისცემა, ეს ერთეულთა ხვედრია. მათ შორისაა ექიმი, ქალბატონი ლარისა ფხაკაძე, რომელიც რამდენიმე წელი ემსახურა ფარცხნალის საკრებულოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას.

ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, პროფესიის სიყვარულმა, მდიდარმა პრაქტიკამ შესძინა მას მედიკოსის უტყუარი ალღო. ქათქათა ხალათითა და სპეტაკი გულით მიდიოდა იგი ავადმყოფთან დილით თუ საღამოთი, შუადღისას თუ შუაღამისას. მისი ფიქრი და აზრი ძილგატეხილ ღამეებში იკვანძებოდა პაციენტებზე საზრუნავად.

ქალბატონო ლარისა, თქვენ ყოველთვის ავადმყოფის გვერდით იყავით. სანამ არ გამოაჯანმრთელებდით, არ ტოვებდით, ვერ ისვენებდით. ხშირად ღამითაც შეხმიანებიხართ ტელეფონით და მოგიკითხავთ. არასოდეს დაგზარებიათ პაციენტთან მისვლა, თუნდაც ის ძალიან შორს და მიუვალ ადგილას ყოფილიყო. არასოდეს მორიდებიხართ სიცივეს, ყინვას, გაუსაძლის სიცხესა თუ ავდარს. არაფერს ეპუებოდით.

დილის სიო რომ ცვრიან ბალახს დაცოცხავდა, მაშინ გაუყვებოდით ფარცხნალისაკენ გზას. ცისფერ მთაგორებს მზე რომ ღიმილს ჩამოურიგებდა, მაშინ შეაღებდით პაციენტის ჭიშკარს. არაფერი გაკავებდათ, დადიოდით ფეხით ფარცხნალში, ახალსოფელში, ისლარსა თუ ღუდუმექეთში. თაკარა მზე მიდამოს სწვავდა თუ მთები რისხვით შეიკრავდა შუბლს, ნიავი ღრუბლის კოკებს შემოდგამდა ცაზე თუ ცა წვიმის თმებს ჩამოშლიდა, მიდამო თეთრ სუდარას გადმოაფენდა თუ მწვანე აპრილი იმზირებოდა მთიდან, თქვენ მაინც მიდიოდით. მიდიოდით იქ, სადაც გელოდნენ.

მიდიოდით და თან მიგქონდათ იმედი, რწმენა და ოქროს ხელები. თქვენი დიაგნოზი მუდამ ზუსტი იყო, დანიშნულება – ღვთიური. თქვენი შერეული რუსულ-ქართულით ნათქვამი მალამოდ ეფინებოდა ავადმყოფს. ზოგჯერ პაციენტის სასთუმალთან თვალმილულულს აისი დამფრთხალ მზის სხივებს შემოგაფეთებდათ და შეგახსენებდათ, სად იყავით. ხშირად, დილის რიჟრაჟი ღამის ნაფლეთებს ჭერზე რომ მიასრესდა, მაშინ დაბრუნებულხართ სახლში. არასოდეს დაგიჩივლიათ. დილით ჩვეული ენერგიით გადგომიხართ გზას.

ასაკი შემოგეპარათ.
„გაფრინდნენ წლები, ვით არწივები,
დრომ ნაკვალევი დატოვა თმაში.“

არც ამას შეუშინდით, ჩვეული შემართებით დააბიჯებდით აღმართ-დაღმართზე, მთასა და ბარში. მყარად იდექით ჯანმრთელობის სადარაჯოზე. თავადაც შეუძლოდ მყოფი, განსაკუთრებით ასაკში შესვლისას, მაინც პაციენტის მოსანახულებლად მიდიოდით. ამიტომაც დაიმკვიდრეთ პატივი და სიყვარული იმ წმინდა სავანეში, ხალხის გული რომ ჰქვია.

თქვენს ცხოვრებაში იყო სიხარული, ბედნიერება, იყო წყენაც. გული გატკინეს, მაგრამ საქმისთვის არ გიღალატიათ. ყოველთვის ერთგულად, პროფესიონალიზმით, ენთუზიაზმით ეკიდებოდით მოვალეობას. პაციენტის მდგომარეობის დამძიმებისას ჩაფიქრებული, სევდიანი და სულშეძრული მინახიხართ; მისი გამოჯანსაღების სიხარულით – გულანაძგერიც. ზოგჯერ, სხვისი უპასუხისმგებლობითა და დაუდევრობით, გაბრაზებულხართ კიდეც.

მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ექიმი ვერ ეგუებოდით ზერელობას, საქმის მიფუჩეჩებას, უდარდელობას, სამსახურში დაგვიანებას. მედიცინის მუშაკისთვის განსაზღვრული დრო არ არსებობსო, იტყოდით ხოლმე. თქვენთვის დამახასიათებელი ერთგულებით ეკიდებოდით დაკისრებულ მოვალეობას და ასე მოითხოვდით სხვისგანაც.

მართალიც იყავით. სულით და ხორცით მედიცინის მუშაკი, ახლაც ამ პროფესიის სიყვარულით საზრდოობთ, მასზე ფიქრით და ოცნებით.

ქალბატონო ლარისა, გაზაფხულის მშვენიერი დღესასწაულები – დედისა და ქალთა დღეები დადგა. 10 მარტი კი თქვენი დაბადების დღეა. ყველას ერთად გილოცავთ. ფარცხნალის საკრებულოს მოსახლეობის სახელით, მადლიერების გრძნობით, დიდი სიყვარულით, მონატრებითა და პატივისცემით მოგიკითხავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს.

იზა ბუაჩიძე