1956 წლის 9 მარტის სისხლიანი ტრაგედიიდან 62 წელი გავიდა. იმ დღეს მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც სამშობლოსა და საკუთარი ღირსების დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ, სასტიკად გაუსწორდნენ. 9 მარტის აქციების მონაწილეა კინორეჟისორი, ხარაგაულის საპატიო მოქალაქე გივი ვეფხვაძე. მასზე 9 მარტის ტრაგედიამ ისე ძლიერად იმოქმედა, რომ ფილმი „9 მარტი კადრში და კადრს მიღმა“ გადაიღო.

ბატონ გივის 19 თებერვალს 80 წელი შეუსრულდა. მას 9 მარტის მოვლენების, განვლილი ცხოვრების შეფასება და ხარაგაულთან დაკავშირებული მოგონებების გახსენება ვთხოვეთ.

-ცხოვრება ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ყოფილა, – ამბობს ბატონი გივი, – ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი ზოგიერთ რამეს სულ სხვა თვალით ხედავ და აფასებ. ლექსიც დავწერე ამაზე:

მე ვიცხოვრე იმ ცხოვრებით,
რაც ბუნებამ ჩემში ჩადო.

როცა მეკითხებიან, რას შეცვლიდით, ცხოვრებას რომ თავიდან იწყებდეთო, ვპასუხობ, რომ ვერაფერს. მე არავინ მეკითხება, როგორ ვიცხოვრებდი, რადგან ადამიანის ცხოვრება კოდირებულია ჩასახვიდან გარდაცვალებამდე. ის, რაც უნდა მოხდეს, ვერსად გაექცევი.

…ჩემს გარდაცვლილ შვილზე ვფიქრობ, რომ ისევ ცოცხალია. თუმცა, ყველაფერი თავიდან რომ დაიწყოს, იმ ტრაგედიას ვერ აცდებოდა.

ბავშვობიდან სამი რამ მზარავდა – სისასტიკე, სიცრუე და გულგრილობა.

ბოროტად არ მიცხოვრია და ყოველთვის ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიმენიჭებია ჩემი ახლობელი ადამიანებისათვის.

 

მე და 9 მარტი
…1956 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების დღეს, სანაპიროზე, მის ძეგლთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ამის მიზეზი საბჭოთა კავშირის ლიდერის, ხრუშოვის მიერ სტალინის კულტად გამოცხადება გახდა. ქართველებმა ეს პირად შეურაცხყოფად მიიღეს და ქუჩაში გამოვიდნენ. 18 წლის ვიყავი და აქტიურად დავდიოდი მიტინგებზე. 9 მარტს წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა. საბჭოთა ჯარისკაცებმა გაუგონარი სისასტიკით დახოცეს მშვიდობიანი მომიტინგეები, ქუჩაში გამვლელები. რაც ყველაზე მეტად მძიმე იყო, გარდაცვლილთა ოჯახები არ აგლოვეს და დახოცილები ჩუმად მიაბარებინეს მიწას.

1969 წელს საქართველოს ტელევიზიამ დაიწყო დოკუმენტური კინოფილმის „საქართველოს მემატიანეს“ გადაღება. მე 1953-58 წლების მოვლენებზე მუშაობა დავიწყე. ორი თვე ვეცნობოდი საარქივო დოკუმენტებს, მაგრამ ვერსად მივაკვლიე 9 მარტის ტრაგედიის მასალებს. ამიტომ გარდაცვლილთა ოჯახების ძებნა დავიწყე.

დიდი დახმარება გაგვიწია შანიძეების ოჯახმა. 9 მარტის ტრაგედიას მათი 16 წლის შვილი შეეწირა. მათი შინაგანი განწყობილება ჩემზე გადმოვიდა და ამან ძალიან ამაღელვა. ფილმის ავტორებმა ამბის თხრობა თვითმხილველებს მივანდეთ.

ფილმის გადაღება 1993 წელს დავასრულე. პრემიერა ხარაგაულში შედგა. ხარაგაულის კინოთეატრში რომ შევედით, საბავშვო ფილმი გადიოდა. ფილმის ჩვენების შემდეგ ახალგაზრდებმა დარბაზი არ დატოვეს. არ მესიამოვნა, ვიფიქრე, ბავშვები როგორ შეძლებენ ამ ფილმის გაგებას, ალბათ შუა ჩვენებიდან გარეთ გასვლას დაიწყებენ-მეთქი. ორსერიან ფილმს, რომელიც ერთი საათი და 20 წუთი გრძელდება, ყველა ასაკის მაყურებელი სულგანაბული უსმენდა.

 

მე და ხარაგაული
ჩემს ბავშვობაში მშობლები სულ ხარაგაულზე საუბრობდნენ. უნდოდათ ჩამოსვლა, მაგრამ ვერ ახერხებდნენ. ერთადერთხელ ჩამოვიდნენ ხარაგაულში ტყუპი ძმები მამაჩემი და ბიძაჩემი – პეტრე და პავლე, როცა ხარაგაულიდან მოვიდა ცნობა მათი უფროსი ძმის, პლატონის, გარდაცვალების თაობაზე. მათთვის ძნელი იყო ხარაგაულში ჩამოსვლა, რადგან სულ ახსოვდათ რა სასტიკად გაუსწორდა მათ მშობლებს – ბლაღოჩინ ერმალოზ ვეფხვაძესა და მის მეუღლეს საბჭოთა ხელისუფლება. ბლაღოჩინს სახლი გადაუწვეს. მან ოჯახი სახვლარში გახიზნა.

ჩემთვის დღეს ხარაგაული წმიდათაწმიდა ადგილია. ბევრი კეთილი ადამიანი გავიცანი და დავიმეგობრე – ახმედ გოგოლაძე, თამაზ კიკნაძე, ჯუდი უჩიძე, დარეჯან მშვენიერაძე…

ზოგჯერ ვფიქრობ, ნეტა ხარაგაულში დამასაფლაონ… ახლა ძალიან მინდა, რომ ბლაღოჩინი და ფოფოდია ეკლესიის ეზოში გადმოასვენონ.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ხარაგაულში არ იცოდნენ, თუ სად მდებარეობდა ეკლესია. მე მაქვს 1905 წელს სიმონ კაკულიას მიერ გადაღებული ხარაგაულის ფოტოსურათი, სადაც ორგუმბათიანი ეკლესია მოჩანს და ის ფოტო ეროვნული მოძრაობის ხარაგაულელ ლიდერებს მივაწოდე. მათი აქტიურობით ეკლესიამ პირვანდელ ადგილზე აღადგინა ფუნქციონირება.

ძალიან მინდა ხარაგაულში ჩამოსვლა, ჩემს ძველ ნაცნობებთან, ახალგაზრდებთან და ახალ ხელმძღვანელებთან შეხვედრა. იმედია, ამ ოცნებას მალე ავისრულებ.

გივი ვეფხვაძე რამდენიმე ათეული ფილმისა და წიგნის ავტორია. ფილმ „ხსოვნის“ უმეტესი ნაწილი მან ხარაგაულში გადაიღო. ფილმის გადაღების ეპიზოდები საინტერესოდ გადმოგვცა წიგნში „მოგზაურობა წარსულში.“ გივი ვეფხვაძემ უკვდავყო ხარაგაულელი ახმედ გოგოლაძის შემოქმედება და მისი ლექსები წიგნად გამოსცა. 1999 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი „მახსოვს ხარაგაული,“ სადაც თავი მოუყარა ხარაგაულის ყველა ღირსშესანიშნავ ადგილს, მოვლენას, გამორჩეულ ხარაგაულელებს. „დიდებული ადამიანები ხომ ყოველთვის მრავლად ჰყავდათ და ჰყავთ ხარაგაულელებს,“ – ამბობს გივი ვეფხვაძე.

ნინო კაპანაძე