„დღევანდელი დღე ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის. ამ სამლოცველო სახლში დავიწყე ქრისტიანული ცხოვრება, აქ შემმოსეს პირველად სტიქრით და ვემსახურებოდი მამა ზაქარიას (ფერაძე). მართალია, ეს 23 წლის წინ მოხდა, მაგრამ დღევანდელი დღესავით მახსოვს, იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ამ ტაძარში მიმსახურია როგორც სტიქაროსანს, როგორც დიაკვანს. დღეს უფლის ნებით ვდგავარ აქ, ამბიონზე, როგორც მღვდელმთავარი და მივმართავ ჩემ ხალხს, ჩემს ხარაგაულელებს,“ – აღნიშნა ხარაგაულში წირვის შემდეგ ქადაგებისას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ (კაპანაძე).
გასულ კვირას ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში წირვა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ (კაპანაძე) ჩაატარა. სამეუფო წირვაში მასთან ერთად მოაწილეობდნენ ხარაგაულის ეკლესიის მოძღვარი მამა მათე (ბუაჩიძე), რიკოთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრი მამა პახუმი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სანებელის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა თეოდოსი (ხაჩიძე), მარგვეთისა და უბისის ეპარქიის სასულიერო პირები.
წირვის შემდეგ მეუფე დიმიტრიმ წაკითხული სახარება განმარტა და მრევლს ტაძრის ახალდანიშნული მოძღვრის, მამა მათეს, თანადგომისკენ მოუწოდა:
-დღევანდელ სახარებაში საუბარია იმაზე, რომ იოანე ნათლისმცემლის შეპყრობის შემდეგ იესო ქრისტემ დატოვა ნაზარეთი და კაპერნაუმში გაემგზავრა. იოანე ნათლისმცემელი ბილწი ქალის – ჰეროდეადას სურვილით შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს. ეს ქალბატონი გახლდათ ჰეროდე ანტიპას ძმის, ფილიპეს ცოლი. ფილიპე იყო ხანში შესული და რაც მთავარია, თავისი ცოლის ბიძა. როდესაც ისრაელის სამეფო რომის იმპერიის ქვეშევრდომობაში იყო, ფილიპემ ვერ მიიღო მეფის ტიტული. რომის იმპერატორი მის ძმას, ჰეროდე ანტიპას უჭერდა მხარს. როდესაც ჰეროდეადამ დაინახა, რომ მისი მოხუცებული ქმარი მეფე ვერ გახდებოდა, მიატოვა და გაჰყვა მეორე ბიძას, თავისი ქმრის ძმას. ამ საქციელის გამო ამხელდა იოანე ნათლისმცემელი ჰეროდეადას და ჰეროდე ანტიპას. ეს გახდა მისი სიკვდილით დასჯის მიზეზი.
საოცარია უფლის განგება და დიდხანს არ დააყოვნა შურისგებამ ამ ოჯახზე. რომის იმპერატორთან ჰეროდე დაასმინეს როგორც აჯანყების მეთაური და გადაასახლეს ესპანეთში ჰეროდეადასთან და მის ასულ სალომეასთან ერთად. როგორც გადმოცემა გვაუწყებს, ისინი საშინელი ტანჯვით გარდაიცვალენ.
შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს აზრი, – იესომ იმიტომ დატოვა ნაზარეთი, რომ მასაც საფრთხე ემუქრებოდაო. კაპერნაუმში იესოს გადასვლა არ ყოფილა შიშით გამოწვეული. ის გაუფრთხილდა იმ მღვდელმთავრებს და ეგზალტირებულ ხალხს, რომ მათ ცოდვა არ ჩაედინათ და შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ მისთვის. ამ მაგალითით უნდა ვისწავლოთ, – თუ ვინმე გვყავს შემავიწროვებელი და მაჭირვებელი, უნდა მოვერიდოთ არა იმიტომ, რომ გვეშინია და პასუხს ვერ გავცემთ, არამედ იმიტომ, რომ ცოდვაში არ ჩავაგდოთ. იესო კაპერნაუმში, წარმართებითა და ებრაელებით დასახლებულ ქალაქში იმიტომ წავიდა, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა – ის ამქვეყანაზე ყველასთვის მოვიდა. მან მოგვცა მაგალითი, რომ მისი მზე ამოდის როგორც მართლებისთვის, ისე ცოდვილებისთვის.
ღმერთის შემეცნება და მასთან მისვლა შეგვიძლია უამრავი გზით – მოძღვრის ქადაგებით, წმინდა წერილის წაკითხვით. უფალი ჩვენი გარემომცველი ბუნების საშუალებით გვაძლევს მასთან მიახლების საშუალებას. წმინდა ბარბარე მამამისმა დიოსკორემ, საშინელმაწარმართმა, კოშკში გამოკეტა, რომ არავინ ენახა. ამის მიუხედავად, წმინდა ბარბარე შეიქმნა მორწმუნე. თავის გარემომცველ ბუნებას როდესაც აკვირდებოდა, ფიქრობდა, რომ არ შეიძლებოდა ასეთი ჰარმონია უსულო კერპებს შეექმნა. ამიტომ მიზეზი, – მე არ მაქვს საშუალება, ეკლესიაში მივიდე, ჩემს სოფელში მღვდელი არ არის, – არ გამოგვადგება იმის გასამართლებლად, რომ ურწმუნოებაში ვიცხოვროთ. თუ ადამიანს უნდა უფალთან მიახლება, ის მისცემს ამის საშუალებას და დროს. უფლის ძიება და მასთან მისვლა ყოველთვის შეიძლება. მთავარია, ჩვენი გულები იყოს ამისთვის მზად.
მამა მათე გამოვაგზავნეთ ხარაგაულში მსახურებისთვის. ის ხარაგაულელია. ძალიან უყვარს აქაურობა და ვიცი, რომ თქვენც დიდ პატივს სცემთ მას. გაკურთხებთ, რომ ყველა ერთად დავუდგეთ მამა მათეს გვერდით. აქ ბევრი საქმეა საკეთებელი. სამლოცველო მისახედია; შესამოსელები, ანალოგიები მოსაწესრიგებელია და ყველა ჩვენგანმა რაღაც წვლილი უნდა შევიტანოთ ამ საქმეში, – ვისაც რით შეგვიძლია. ღვთის მადლით და თქვენი ლოცვით, ვფიქრობ, რომ ჩვენი მშენებარე ტაძარი მალე დასრულდება, მაგრამ მანამდე სამლოცველოს უნდა მივხედოთ. ეს არის ჩვენი სახე, ჩვენი სულის სარკე.მოუწესრიგებელია ჩვენი გარემო? გამოდის, რომ ჩვენ ცოტა ზარმაცები ვართ შინაგანად. ლამაზად და კოხტად არის? მაშინ ჩვენც სუფთა და კოპწია სული გვაქვს. ამიტომ თქვენი სულის სარკე უნდა დაასუფთაოთ და გაალამაზოთ. მამა მათე მარტო ვერაფერს იზამს, თუ თქვენ გვერდში არ დაუდექით. რომ მოინდომოს და იზარმაცოს, არ უნდა მისცეთ ამის საშუალება. ეკლესია მარტო მღვდელისა და ეპისკოპოსის არ არის. ეკლესიაში თანაბარი უფლება აქვს მრევლსაც და მოძღვარსაც. ეს უნდა იყოს ერთი დიდი ოჯახი თავისი მწყემსით. ასეა სათნო უფლისთვის. იმედი მაქვს, მომავალ შეხვედრაზე სახეცვლილს ვნახავ აქაურობას.
მინდა, კიდევ ერთხელ მოვეფერო ამ ტაძრის მრევლს, ამ ტაძრის სულიერ შვილებს, აქ მოღვაწე სასულიერო პირებს. ჩვენ ვართ და-ძმანი, რადგან ერთი ტაძრის შვილები ვართ. როგორც პავლე მოციქული მიმართავს მსმენელებს, ბეჭედი ჩემისა მოციქულებისა თქვენ ხართო.
მე ვიქნები ბედნიერი, თუ ჩემი მოღვაწეობის და ჩემი მღვდელმთავრობის ბეჭედი თქვენი სახით წარმოჩინდება საუკეთესოდ და ბრწყინვალედ.
დღეს ძალიან გახარებული ვარ ამდენი ხალხის შემხედვარე. ტაძარი ვერ იტევს აქ შეკრებილ ადამიანებს. ბედნიერი ვიქნები, თუ ვიამაყებ ხარაგაულელების ცხოვრების წესით, თქვენი სარწმუნოებით, თქვენი დიდი ქართველობით და სამშობლოსადმი სიყვარულით.
ნინო კაპანაძე
ევროკავშირის მთავარმა პრეს-სპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში,
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს:
ბათუმში 12-14 იანვარს თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
დღეს, როგორც სტუდენტი და ამ ქვეყნის მომავალზე გულშემატკივარი მოქალაქე,
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს ბათუმში ჟურნალისტ