დღეს, როგორც სტუდენტი და ამ ქვეყნის მომავალზე გულშემატკივარი მოქალაქე, ვდგავარ თბილისის ქუჩებში ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად. ჩვენი ხმა და ბრძოლა მიმართულია სამართლიანობისკენ, ცვლილებებისკენ, იმ დემოკრატიისკენ, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის.

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა ახალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების დანიშვნა. ეს არის გზა, რომლითაც ხალხის ნება დაფიქსირდება და ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიის ფუნდამენტზე აიგება.

ჩვენ, – ახალგაზრდები, სტუდენტები, – ვამაყობთ ჩვენი წინაპრების სამშობლოსათვის ბრძოლითა და თავდადებით. ზვიად გამსახურდიას მოპოვებულ თავისუფალ საქართველოში ეს ვითარება, რაც დღეს საქართველოშია, არ უნდა იყოს.

ჩვენ ვართ მისი დატოვებული თავისუფლების მემკვიდრეები, და ეს მემკვიდრეობა ვალდებულებას გვაკისრებს – დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, დემოკრატიული ღირებულებები და თითოეული მოქალაქის უფლება.

საქართველო ყოველთვის იყო თავისუფლების სიმბოლო. ჩვენი ისტორია სავსეა გამოწვევებით, მაგრამ ასევე სავსეა გმირობის მაგალითებით.  ჩვენ ვაგრძელებთ ამ ბრძოლას. არ გვაშინებს წინააღმდეგობები, რადგან ჩვენი მიზანი წმინდაა – ვიბრძოლოთ მომავლისთვის, სადაც თითოეული ადამიანის ხმა თანაბრად მნიშვნელოვანია, და სადაც გადაწყვეტილებები ხალხის ნებით მიიღება.

მოდი, გავაერთიანოთ ძალები, ვიყოთ ერთიანი, გავიხსენოთ ჩვენი წინაპრების ბრძოლა და ხმამაღლა ვთქვათ: საქართველოს მომავალს ვქმნით ჩვენ, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანები!

ზურა ღამბაშიძე
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი