დიდმარხვის მეორე კვირა მიიწურა. საკვირაო წირვის შემდეგ ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) ქადაგებისას მრევლს საკუთარ ცოდვებზე დაფიქრებისკენ მოუწოდა.

„მარხვაში ქრისტიანი ადამიანი განსაკუთრებულად უღრმავდება საკუთარ თავს, – აღნიშნა მოძღვარმა, – უნდა ვიზრუნოთ სულის გადარჩენისა და ამავე დროს მოყვასის გვერდით დგომისაკენ. ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მივემსგავსოთ უფალს, როგორ გავახაროთ. იესო ქრისტემ თითოეული ჩვენგანის გამოსახსნელად ღვთაებრივი სისხლი დაღვარა. ამით მან თავგანწირვისა და უსაზღვრო სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა.

ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ ჩვენ დავიწყეთ სხვის თვალში ბეწვის ძებნა. გაგვისასტიკდა გულები, დავიწყეთ მოყვასის დევნა და მის ცხოვრებაში ქექვა. დაგვავიწყდა ქრისტეს სიტყვები, – ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით.

ვეცადოთ, ნაკლებად განვიკითხოთ მოყვასი და საკუთარ ცოდვებს მეტად ჩავუღრმავდეთ. ჩვენ იმდენი ცოდვა გვაქვს, დრო არ უნდა გვრჩებოდეს სხვათა ცოდვებზე სასაუბროდ. ამიტომ კარგად დავფიქრდეთ და ყოველთვის სინანული და სიბრალული გამოვთქვათ იმ მდგომარეობის გამო, რომელშიც მეგობარს, ნათესავს, გვერდით მყოფს დავინახავთ. არავინ არაფრისგან ვართ დაზვეულნი.

ქრისტიანისთვის ყველაზე მთავარი იარაღი ერთმანეთისადმი მზრუნველობაა. თუ ჩვენ უფალი გვიყვარს, აუცილებლად გვეყვარება ღვთის ქმნილება – ადამიანი. მოგიწოდებთ, რომ მოვურთხილდეთ ერთმანეთს.“

მამა ანტონის ლოცვა-კურთხევით, ამიერიდან ყოველ კვირა დღეს, წირვის შემდეგ, მრევლმა სამლოცველო სახლის იერ-სახეზე უნდა იზრუნოს.

მოუსმინეთ დღევანდელ საკვირაო ქადაგებას: