ხარაგაულელმა გიორგი მუხურაძემ ბავშვობისა და სტუდენტობის ოცნება აიხდინა – ხარგაულში საბილიარდო გახსნა. ამ ოცნების ასრულება მან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შეძლო.

გიორგი მუხურაძემ მეგობართან ერთად ამხანაგობა „ეიფელი“ დააფუძნა და პროგრამაში ჩაერთო. მათი იდეა, ხარაგაულში საბილიარდოს გახსნა, მოიწონეს და ათი ათასი ლარით დააფინანსეს.

ამ თანხით საბილიარდოსთვის საჭირო ყველა ინვენტარი შეიძინეს, საჭირო ფართი კი თავად ამხანაგობის წევრებმა გაარემონტეს.

„აწარმოე საქართველოში“ მეოთხე წელია, რაც ბიზნეს იდეებს აფინანსებს, – ამბობს გიორგი მუხურაძე, – ამ წლების მანძილზე უამრავი პროექტია დაფინანსებული. ამხანაგობა „ეიფელის“ იდეა მთელი ქვეყნის მასშტაბით არის უპრეცედენტო და ინოვაციური. ამით, გარკვეულწილად, ვამაყობ კიდეც.“

ხარაგაულში საბილიარდო ოფიციალურად მომავალ კვირაში გაიხსნება. მანამდე კი ბილიარდის მოყვარულებს სატესტო თამაშებზე ეპატიჟებიან.

სტუდენტი გიორგი შავიძე მოხარულია საბილიარდოს ამოქმედებით. „ხარაგაულში გასართობი და დასასვენებელი ადგილები ნაკლებადაა, – ამბობს გიორგი შავიძე, – ამიტომ ახალგაზრდებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საბილიარდოს გახსნას. მე და ჩემი თანატოლები ხშირი სტუმრები ვიქნებით.“

ნინო კაპანაძე

ვიდეო – თამთა გოგოლაძე