ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს ა/ო „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ წარმომადგენლები შეხვდნენ.

ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ხუხუამ გენდერულ საბჭოს სექტემბერში ხარაგაულში ქალთა ჯგუფებთან ჩატარებული კვლევის ანგარიში წარუდგინა.

„პროექტის – „მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ მიზანია, რომ ქალების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემები მოგვარდეს, – ამბობს ნინო ხუხუა, – მათ გადასაჭრელად საჭირო ფინანსები ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტში უნდა გაითვალისწინოს.

ხარაგაულელ ქალთა საჭიროებები წინასაარჩევნოდ კანდიდატებსა და პარტიებს გავაცანით. არჩევნების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარესა და მერს მივაწოდეთ. ხარაგაულის მერმა გვიპასუხა, რომ მზადაა, 2018 და 2019 წლების ბიუჯეტებში ქალთა პრობლემების მოსაგვარებლად ფინანსები ეტაპობრივად გაითვალისწინოს. ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალს, ეს დაპირება რამდენად შესრულდება.

დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანია, რომ გენდერულმა საბჭოებმა ქალთა საჭიროებები სამოქმედო გეგმის შემუშავებისას გაითვალისწინონ.“

ხარაგაულში ქალთა მიერ გამოიკვეთა, რომ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კონსტრუქციული კომუნიკაცია არ არსებობს. ხარაგაულელი ქალების წინაშე მწვავედ დგას:

– არასრულყოფილი სამედიცინო მომსახურება – კონკრეტულად კი ხარაგაულში სამშობიაროს არქონა და სოფლებში ექთნის შტატის დაფინანსება;
– წყალზე ხელმისაწვდომობა და წყლის ხარისხი;
– სკოლამდელი განათლების სერვისის დახვეწის საჭიროება – კერძოდ, ზაფხულში საბავშვო ბაღში ჯგუფის ფუნქციონირება;
-მიგრაცია;
-სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდა;
-გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი მექანიზმების არარსებობა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილი გენდერული საბჭოს წევრებმა პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრეს.

„გენდერულ საბჭოს შეუძლია, რომ ხარაგაულში ქალების მიერ გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებაზე რეკომენდაციებით მიმართოს ადგილობრივ ხელისუფლებასა და იმ უწყებებს, რომლებმაც ეს საკითხები უნდა გადაჭრან, – ამბობს ნინო ხუხუა, – თუ რეკომენდაცია კვლევებს დაემყარება და არგუმენტირებული იქნება, მათ გაითვალისწინებენ. აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ წარმატებული პრეცედენტების დადგომამდე ვიბრძოლოთ.“

ნინო კაპანაძე