ბორჯომ–ხარაგაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები დასრულდა.
რას შეცვლის ეს ვიზიტორებისათვის, რა სიახლეებს სთავაზობს წელს ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი ტურისტებს, – ამ და სხვა საკითხებზე ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროსი ლევან თაბუნიძე გვესაუბრება.
-ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო დარბაზის აღჭურვას ვგეგმავთ საინფორმაციო და ინტერაქტიული მასალებით. ყოველივე ეს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის ტურისტების ვიზიტს ეროვნულ პარკში, – ამბობს ლევან თაბუნიძე.
2017 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 59 458 ვიზიტორი იმყოფებოდა. მათგან 38 288 – (65%) ქართველი, ხოლო 21 170 (35%) უცხოელი. უცხოელი ტურისტები ძირითადად გერმანიიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან ჩამოდიან. ზამთრის სეზონზე კი ეროვნულ პარკს 2 292 ვიზიტორი ესტუმრა.
გასულ წელს ეროვნული პარკისტერიტორიაზე მარელისის სასტუმრო გარემონტდა. 2018 წელს დაგეგმილია ხიდების განახლება. ვიზიტორებს ვთავაზობთ განახლებულ საველე ინფრასტრუქტურას, სასტუმროს, ვიზიტორითა ცენტრს. შევიმუშავეთ ეკოსაგანმანათლებლო პროგრამები სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის, მათ შორის კორპორატიული ჯგუფებისთვის. პროგრამები მოიცავს ეკოსაგანმანათლებლო, სახალისო და შემეცნებით აქტივობებს, რომელთა საშუალებითაც ხდება ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის შესახებ და ბუნებასთან ადამიანის დაახლოება.
გასულ წელს მარელისში აგროტურიზმის განვითარების კონცეფცია შეიქმნა ინგლისურ ენაზე. შემუშავდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რომელიც აგროტურიზმის განვითარების ელემენტებს აერთიანებს. შევხვდით მოსახლეობას. გამოიკვეთა ის პროდუქტები, რომლებიც შესაძლებელია ადგილობრივებმა შესთავაზონ პარკის ვიზიტორებს. გაზაფხულიდან ვგეგმავთ ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას. მოსახლეობას კონკრეტული შეთავაზებების ჩამოყალიბებაში უნდა დავეხმაროთ.
გაზაფხულიდან დაიწყება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის მხრიდან შემოსასვლელის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. პირველ რიგში აღდგება ხიდები. სულ დაგეგმილია 13 ხიდის მშენებლობა ბილიკზე არსებული მდინარის გასწვრივ. ხიდების მშენებლობის შემდეგ, არსებული მარკირება დაკორექტირდება, ბილიკი და ტურისტული თავშესაფარი შეკეთდება.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურიზმის განვითარების სტრატეგია სწორედ არსებული ინფრასტრუქტურისა და მომსახურებების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, ასევე ტურისტული პროდუქტის გამრავალფეროვნებას. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განვითარება, შეთავაზებების დანერგვა სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებზე იქნება მორგებული.
გასულ წელს დაიწყო პროექტი „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში გარემოსდაცვითი ადვოკატირების კამპანია და ინოვაციური ტექნოლოგიები ალპურ საძოვრებზე“. პროექტის ფარგლებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში მდებარე ხუთ საძოვარზე დამონტაჟდა ჰელიო სისტემაზე მომუშავე ელექტროღობეები, რაც პირუტყვს მტაცებელი ცხოველებისაგან იცავს და მნიშვნელოვნად ამცირებს მოსახლეობის ზარალს. გარდა ელექტროღობისა, „ჰელიოციმციმა“ ნათურები დამონტაჟდა.
ასეთი ინოვაციური პროექტი რეგიონში პირველად ხორციელდება. ინიციატივის ავტორია ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ და ეროვნული პარკის ადმინისტრაცია. პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური თანამონაწილეობით გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით, მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
2017 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სამართალდარღვევის 147 ფაქტი გამოვლინდა; მათ შორის ხე-ტყის უკანონოდ ჭრის 106 ფაქტი, ასევე – იარაღით გადაადგილება, თევზაობა, უკანონო ძოვება.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გამოვლენილი ცალკეული ბრაკონიერობის შემთხვევის დროს, მოსამართლეები ლოიალურობით გამოირჩევიან ბრაკონიერების მიმართ და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. თუმცა, საკანონმდებლო ცვლილება ამ ვითარებას რადიკალურად შეცვლის.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებები სანქციების გამკაცრებას გულისხმობს; კერძოდ, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისათვის თუკი პირი ადმინისტრაციული სახდელის შემდგომ განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას, მის მიმართ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. ამავდროულად, „წითელი ნუსხის“ სახეობების ბუნებრივი გარემოდან ნებართვის გარეშე მოპოვება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს; სახერხი საამქროს დაურეგისტრირებლად მოწყობისათვის ასევე დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
უკანონოდ მოპოვებული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის ტრანსპორტირებისას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება, თუ პირი ანალოგიური ქმედებისათვის ადმინისტრაციულად სახდელდადებულია. მნიშვნელოვნად გაიზრდება ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობა ტყის ფონდისა და დაცულ ტერიტორიებზე ხე-ბუჩქნარის, ტყის კულტურების მოსპობისა და დაზიანებისათვის.
მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება ბრაკონიერობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარებას; კერძოდ, თუ პირი ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ განმეორებით დაარღვევს ნადირობის წესებს, მას ჩამოერთმევა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება გარკვეული ვადით.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი სხვადასხვა ხერხით მიმდინარეობს – ფოტოხაფანგების გამოყენება, კვლებზე დაკვირვება, ირმის პოპულაციის დათვლა მყვირალობის პერიოდში. მონიტორინგის საქმიანობაში ჩართული არიან შესაბამისი სპეციალისტები და რეინჯერები.
ჩვენს ეროვნულ პარკში ცხოველთა რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარემოსდაცვითი ორგანიზაციები სამეცნიერო კვლევები აწარმოებენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევაა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ძირითადი სახეობების მდგომარეობის შესწავლა და მათი რიცხოვნობის დადგენა. პროექტი კავკასიის ბუნების ფონდის – CNF, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ Nacres-ისა და ეროვნული პარკის რეინჯერების მონაწილეობით განხორციელდა.
ამჟამად ორგანიზაცია „Nacres“, კავკასიის ბუნების ფონდის დაფინანსებით, ეროვნული პარკის ალპურ ზონაში განთავსებული საძოვრების მდგომარეობას სწავლობს.
ესაუბრა თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი