ხევი-ბორითი-წევას ავტომაგისტრალის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტი დღეს, 22 თებერვალს, ხარაგაულსა და ზესტაფონში განიხილეს.

გარემოს დაცვის სპეციალისტმა მაკა სტამატელმა ხარაგაულში მშენებარე ავტომაგისტრალის გზშ წევა-ბორითისა და ბორითი-ხევის მონაკვეთებისთვის წარმოადგინა.

-ეს დოკუმენტი სრულყოფილი არაა და ამიტომ დეტალური ინფორმაცია, თუ რა გავლენას მოახდენს გზის მშენებლობა გარემოზე, ჯერჯერობით არ ვიცით, – ამბობს მაკა სტამატელი, – გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად ვიღებთ სამ ეტაპს – წინასამშენებლო, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებს.

პირველ, მოსამზადებელ პერიოდში, გაიცემა ნებართვები, მაგრამ გარემოზე გარკვეული ზემოქმედება მაინც ვლინდება. ბანაკების, მისასვლელი გზებისა და ტერიტორიის მოწყობისას მცენარეული საფარი ნადგურდება. სავალ ნაწილზე უნდა განისაზღვროს ვაკისების სიგანე და მშენებლის სამოძრაო ბუფერი. ყველა ამ პროცესში ძირითადი ზემოქმედება არის მტვერი, ხმაური, ვიბრაცია, ნარჩენების მატება და წყლის დაბინძურების საშიშროება.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა გვირაბების მშენებლობისას წარმოქმნილი მასის განსათავსებელი ადგილის მოძიება. წევა-ბორითისა და ბორითი-ხევის მონაკვეთებზე 22 გვირაბის მშენებლობა იგეგმება.

ხიდების მშენებლობის ძირითადი რისკები ზედაპირულ წყლებზე ზემოქმედებას და წყლის ბიომრავალფეროვნების დარღვევას უკავშირდება.

საბოლოოდ, შემუშავებული შემარბილებელი ღონისძიებებით, ყველა პოპულაციის მეტ-ნაკლებად აღდგენა შესაძლებელია.

გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტზე გარემოს დაცვის სამინისტროს არაერთი შენიშვნა აქვს. გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ირაკლი ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ გზის მშენებლობის პროექტი დაუსრულებელია და შეფასებისთვის სრულყოფილი დოკუმენტაცია არ არსებობს.

გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის განხილვას საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრები ესწრებოდნენ.

ორგანიზაციის წარმომადგენელი აკაკი ფანჩულიძე დაინტერესდა:

– რატომ ვერ შეირჩა ფუჭი ქანების განსათავსებლად ტერიტორია;

– რამდენად ვარგისი იქნება ფუჭი ქანები მშენებლობაზე გამოსაყენებლად;

– რა დამცავ ღონისძიებებს გავატარებთ ხევი-წევას მონაკვეთზე დიდი რაოდენობით მიწისქვეშა წყლების დასაცავად;

– რა დამცავი მექანიზმები გვაქვს, რამდენად მდგრადი იქნება გვირაბები 8 ბალიან სეისმურ ზონაში;

– რატომ არ აისახა მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებულ ნარჩენების მართვის ხუთწლიან გეგმასა და გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტში გზის მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების მართვის საკითხი.

ამ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხები დროულად უნდა მივიღოთ. ჩვენ საკუთარ მიწა-წყალთან დაკავშირებულ თემებს ვიხილავთ. ეს სერიოზულად გასააზრებელია, – ამბობს აკაკი ფანჩულიძე.

კონკრეტულად სოფლებში რა მონაკვეთზე გაივლის ხევი-წევას ახალი გზა – ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დეტალურ ინფორმაციასა და პროექტს ითხოვენ.

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე გზის მშენებლობის პროცესში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და წყალსაცავების დაცვის საკითხს აყენებს.

„გარემოს დაცვა ფართო მცნებაა და ყველა სახის ცოცხალი არსების დაცვას გულისხმობს, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, – ჭალაში, სადაც გზის მშენებლობა იგეგმება, ვერ დავუშვებთ, რომ საფრთხე რომელიმე ცოცხალ ორგანიზმს შეექმნას. უნდა გაითვალისწინოთ ეს საკითხები, რომ სამტრედიის მსგავსად არ დაგვემართოს, როცა გზის მშენებლობისას მიწისქვეშა წყლებს გასასვლელი არ დაუტოვეს.“

საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის, გია სოფაძის ინფორმაციით, ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას საავტომობილო გზის მონაკვეთზე ძალიან რთული რელიეფია.

„გზის მშენებლობას მსოფლიოს წამყვანი ბანკები მკაცრად აკვირდებიან, – ამბობს გია სოფაძე, – ისინი ყურადღებას გარემოსდაცვით საკითხებზე განსაკუთრებულად ამახვილებენ. ჩვენი მიზანია, პროექტი დროულად მომზადდეს და ყველა დაინტერესებულ მხარეს გავაცნოთ.“

შეხვედრაზე ვერ დასახელდა ზუსტი თარიღი, როდის იქნება მზად ხევი-ბორითი-წევას ავტომაგისტრალის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საბოლოო ვერსია.

ხევი-არგვეთას საავტომობილო გზის სიგრძე 42 კმ-ია. აღნიშნული მონაკვეთის პროექტირება აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ნინო კაპანაძე