ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გასული წლის ივლისიდან ამოქმედდა.
პროგრამაში ის ბენეფიციარები ერთვებიან, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 100 ათასს არ აღემატება და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები: გულსისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკული, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და დიაბეტი ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული).
ოჯახის ან სოფლის ექიმის მიერ გამოწერილი ფორმა #100-ით და პირადობის მოწმობის საფუძველზე ბენეფიციარი პროგრამაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ რაიონულ განყოფილებაში რეგისტრირდება.
ბენეფიციარს პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების მიღება ერთ ლარად შეუძლია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი ომარი გაგოშიძე ამბობს, რომ „ხარაგაულში ამ პროგრამით მოსარგებლე 150-მდე ბენეფიციარი დარეგისტრირდა. თუმცა მათი რაოდენობა ბევრად მეტია და რადგან სხვა ქალაქებში მოქმედ კლინიკებში მკურნალობენ, იმავე ქალაქში რეგისტრირდებიან.“
მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები მედიკამენტებს ერთ ლარად PSP-ს აფთიაქებში იღებს. იმის გამო, რომ ხარაგაულში ამ ქსელის აფთიაქი არაა, ამ მომსახურების მიღება სახალხო აფთიაქშია შესაძლებელი.
ხარაგაულის სახალხო აფთიაქის მენეჯერი ნათია ლურსმანაშვილი ამბობს, რომ „ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ხარაგაულში ამ პროგრამით მოსარგებლე ათასამდე ბენეფიციარი ცხოვრობს. ჩვენს აფთიაქში მათგან მხოლოდ 150-მდე მოქალაქე იძენს მედიკამენტებს. არ ვიცი, რისი ბრალია, რომ ასე ცოტა ბენეფიციარი გვაკითხავს. აფთიაქში ჩვენ ყველა მედიკამენტი გვაქვს.
მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით კმაყოფილია ჯაფარაულელი ზურაბ გლუნჩაძე და ამბობს, რომ წამლების შეძენა ადრე ძვირი უჯდებოდა. ეს პროგრამა მისთვის დიდი შეღავათია.
კმაყოფილია მარინა ჩუბინიძეც. თუმცა თვლის, რომ „კარგი იქნება, პროგრამას სხვა მედიკამენტებიც თუ დაემატება. ერთლარიანი წამლების პროგრამა ქულებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ეს პროგრამა ამ დაავადებების მქონე ყველა პაციენტზე უნდა ვრცელდებოდეს, ოჯახის სარეიტინგო ქულების მიუხედავად.“
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ახლახან ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შესახებ ისაუბრა.
პროექტის მთავარ მიზანს ბენეფიციართა წრის გაფართოება, დაავადებებისა და მედიკამეტების ჩამონათვალის გაზრდა წარმოადგენს.
დავით სერგეენკომ ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებს უკვე მოქმედი, მოსახლეობის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის განვითარების გზა შესთავაზა, რაც მედიკამენტების რაოდენობის გაზრდას (23-დან დაახლოებით 50-მდე) და პროგრამით მოსარგებლეებად სხვა ჯგუფების, კერძოდ კი, ასაკით პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დამატებას გულისხმობს.
ინიციატივის მიხედვით კი ასაკით პენსიონერები და შშმ პირები მედიკამენტებს ნახევარ ფასად მიიღებენ. მინისტრი იმედოვნებს, რომ ეს ინიციატივა სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
პროგრამის წარმატებისთვის აუცილებელია სახელმწიფოს, ადგილობრივი მწარმოებლებისა და ფარმაცევტული იმპორტიორების კოორდინირებული მუშაობა. სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის ჩართულობით, შესაძლებელი გახდება მედიკამენტებზე ფასების შემცირება. პროექტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროგრამით სარგებლობა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეძლოს.
კერძო სექტორი, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით, საკუთარ ხედვებს 2 კვირაში წარმოადგენს.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი