დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩის მეორე ჩიხში მცხოვრები მოსახლეობა, მეოთხე თვეა, გზის მობეტონებას უშედეგოდ ელოდება.
„ჩიხში ბეტონის დაგება ჩემი სახლის უკანა მხრიდან დაიწყეს და მიატოვეს, – გვიამბობს გონერი ლომიძე, – ბეტონი დაახლოებით 16 მეტრზეა დაგებული. ამან პრობლემები შემიქმნა, – გზას სანიაღვრე არხები არ გაუკეთეს და სახლის უკან, წვიმის დროს წყალი დგება. რატომ აგებენ ჩვენთან ბეტონს, გაუგებარია. ეს გზა, ისევე როგორც ყველა სხვა ქუჩა და ჩიხი ხარაგაულში, უნდა მოასფალტდეს. ის, რასაც ბეტონის დაგების შემდეგ მივიღებთ, ძველ გზაზე უარესი იქნება. ამიტომ მოვითხოვთ, დაგებული ბეტონი აყარონ, რომ უარესად არ დავზარალდეთ.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2017 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან 26 პროექტი დაფინანსდა. მათგან თერთმეტი დღემდე ჩაუბარებელია. სამუშაოების შემსრულებლებთან დადებული ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ გასულ წელს ყველა პროექტი უნდა დასრულებულიყო.
ვანსა და ჩხერში, 9 აგვისტოს დაწყებული, 4,8 კმ სიგრძის გზის მობეტონება დღემდე გრძელდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ, სამუშაოების დასრულების ხელახალ ვადად 2018 წლის 10 მარტი განსაზღვრა. ამ გზების მშენებლობაზე ბიუჯეტიდან 958 875 ლარი იხარჯება.
გასულ წელს დასასრულებელი – ქვებში ერთკილომეტრიანი გზის მობეტონება – ახლა მთავრდება. პროექტის ღირებულება 159 340 ლარია. ქვებში მცხოვრები იური ჭყოიძე ამბობს, რომ გზა არც თუ ისე ხარისხიანად იგება. „ზაფხულობით და კარგ ამინდში გზა მშვენიერი იქნება, მაგრამ ზამთარში არათუ მანქანით, ფეხით გავლაც გაჭირდება, – ამბობს იური ჭყოიძე, – ეს გზა რამდენიმე თვის წინ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არ ვიცით, რა არის სამუშაოების გაჭიანურების მიზეზი. ახლა წვალობენ, ყოველ დღე მუშაობენ, ხან გახსნიან გზას, ხან – დაკეტავენ. გზის გადაკეტვისას ხალხს წინასწარ არ გვაფრთხილებენ და დაგვტანჯეს.“
კიცხში მდინარაძეების უბანში გზის მშენებელმა კომპანიამ, შპს „სიმვოლის წარმომადგენლობა საქართველოში,“ უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა 2017 წლის 29 დეკემბრიდან 2018 წლის 12 თებერვლამდე მოითხოვა. მერიაში ამჟამად მშენებლისგან წარდგენილ დოკუმენტაციას სწავლობენ. კიცხში 2,5 კმ გზის მშენებლობაზე 345 500 ლარი იხარჯება.
ღვერკში, ხემაღალსა და ლაშეში მანჯავიძეების უბანში გზის მობეტონება, გასული წლის 25 დეკემბრის ნაცვლად, 13 თებერვალს დასრულდა. მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული ინფორმაციით, მშენებელი კომპანია, შპს „საპოვნელა+“ სამუშაოების ვადის გადაცილების გამო დაჯარიმდა. ამ გზების მოსაბეტონებლად ბიუჯეტიდან 434 402 ლარი დაიხარჯა.
ლეღვანში 4 კილომეტრიანი ცენტრალური და ლეღვან-მარელისის დამაკავშირებელი გზების მობეტონება შპს-მ „ბორი 85“, 2017 წლის დეკემბრის ნაცვლად, ახლახან დაასრულა. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განმარტავენ, რომ შესრულებული სამუშაოს შესამოწმებლად საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფს წერილობით მიმართეს. ამ გზების რეაბილიტაციაზე 848 ათასი ლარი დაიხარჯა.
გასული წლის 19 დეკემბერს დასასრულებელი პროექტის – ჩრდილის 2,4 კმ სიგრძის გზის რეაბილიტაცია ჯერაც არ დაწყებულა. მერიამ სამუშაოთა მწარმოებელს, ამხანაგობა „ელიტ და კომპანიას“ სამუშაოების დასრულების ხელახალ ვადად 2018 წლის 19 მარტი განუსაზღვრა. ზვარეს მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ ტალახაძე ამბობს, რომ ჩრდილის მოსახლეობას აღარ სჯერა, რომ სოფელში გზა ოდესმე დაიგება.
წიფაში სასოფლო გზის მობეტონებას, უამინდობისა და რთული რელიეფის მომიზეზებით, აგვიანებს მშენებელი შპს „მიმდემი.“
დაბა ხარაგაულში ქუჩების, ჩიხების რეაბილიტაცია, არხების გაწმენდა, ქვედა ლახუნდარაში (ეკლესიის უბანი), ცენტრალური გზის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას „შპს ემბიეი ჯორჯიას“ უნდა შეესრულებია. დაბა ხარაგაულში სამუშაოები 2017 წლის 14 დეკემბერს, ხოლო ლახუნდარაში – 19 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო.
„კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე, – 26 იანვარს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ წერილი გავუგზავნეთ. კომპანიას ვადაგადაცილებულ დღეებზე საურავები ერიცხება და საკონტრაქტო ღირებულების 30%-ით დაჯარიმდება. აღსანიშნავია, რომ შპს „ემბიეი ჯორჯია“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან 2018 წლამდე 6 ათასი ლარით დაჯარიმდა. ხელშეკრულების დამრღვევ მშენებელს შესრულებული სამუშაოს შესაბამისად აუნაზღაურდება და ტენდერი თავიდან გამოცხადდება. პასუხისმგებლობას მასზედ, რომ კომპანიამ ჯეროვნად ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ჩვენ ვერ ავიღებთ,“ – აცხადებს არჩილ მაღრაძე.
პასუხისმგებლობას სამუშაოების შეუსრულებლობის გამო არც ამხანაგობა „ელიტ და კომპანიას“ დირექტორი გიორგი დოლაბერიძე იღებს. კომპანიამ ტენდერი ჩრდილსა და ქვებში გზების სარეაბილიტაციოდ მოიგო. გიორგი დოლაბერიძე ამბობს, რომ გზის მშენებლობის ტექნიკურ მხარეზე ინფორმირებული არ არის. „მე ობიექტებზე არ დავდივარ და ბეტონის დასხმის პროცესს არ ვამოწმებ, – ამბობს გიორგი დოლაბერიძე, – მე ფირმის დირექტორი ვარ და ტექნიკური ჯგუფი მყავს, რომელიც სამუშაოებს ასრულებს. პასუხისმგებლობაც ამ ჯგუფს ეკისრება.“
ამხანაგობა „ელიტ და კომპანიას“ ტექნიკურ ზედამხედველს – რაჟდენ კუპრავას ტელეფონი გამორთული აქვს და მასთან დაკავშირება ვერ შევძელით.
„საპოვნელა+“-ის ხელმძღვანელი ამირან სირაძე ხემაღალში, ღვერკსა და ლაშეში გზის მობეტონების გახანგრძლივების მიზეზად (იმის მიუხედავად, რომ გზების მობეტონება 4 სექტემბერს დაიწყო), უამინდობას ასახელებს.
„ბეტონის დაგება 12 თებერვალს დავასრულე, – ამბობს ამირან სირაძე, – შარშან მუშაობა რომ დავიწყეთ, ხიდი სტიქიამ დააზიანა. ობიექტამდე მისვლა რთული რელიეფის გამოც გვიჭირდა.“ მასთან საუბარში გავარკვიეთ, რომ წვიმაში 12 თებერვალს დაგებული ბეტონის გზა უხვი ნალექის დაზიანებისგან ცელოფნების გადაფარებით „დაიცვეს“.
მცდელობის მიუხედავად, ტელეფონით ვერ დავუკავშირდით შპს „ემბიეი ჯორჯიას,“ შპს „სიმვოლის წარმომადგენლობა საქართველოში,“ შპს „ბორი 85“-ის წარმომადგენლებს.
როგორ ღებულობს გადაწყვეტილებებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მშენებლებისთვის სამუშაოების გადავადების ნებართვის მისაცემად, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, არჩილ მაღრაძეს, მივმართეთ.
„სამუშაოებს ძირითადად უამინდობა აფერხებს, – ამბობს არჩილ მაღრაძე, – მშენებელს მოაქვს ცნობა ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურიდან. გადავადების შესახებ დოკუმენტებს ზედამხედველის წერილობითი ახსნა-განმარტებაც ახლავს. შემაფერხებელ მიზეზებად სახელდება უამინდობა და ობიექტამდე მისასვლელი გზის მდგომარეობა. თუ მშენებლისგან დასახელებული მიზეზები არადამაჯერებელია, კომპანიას ვაჯარიმებთ.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ფხალაძე ამბობს, რომ სამუშაოების დაუსრულებლობის მიზეზები უამინდობა და მეწარმეების ცუდი მობილიზაციაა.
„ვფიქრობ, 2018 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკეთესად შევასრულებთ, – ამბობს მალხაზ ფხალაძე, – რეგიონული განვითარების ფონდიდან თანხა უკვე ჩაგვერიცხა და ტენდერებიც გამოცხადდა. ფაქტობრივად, აპრილის ბოლოდან ხელშეკრულებები ყველა პროექტზე უნდა გაფორმდეს. ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანად და დროულად შესრულებაზე პასუხისმგებელი მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურია. შარშან გაერთიანებული ტენდერი გამოცხადდა და ზედამხედველობის მომსახურება შევისყიდეთ. 50 ათას ლარზე მეტი ღირებულების პროექტებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის მერისგან დანიშნული ზედამხედველი აკონტროლებენ. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ინფრასტრუქტრული ობიექტების მშენებლობაზე ზედამხედველობა უნდა გამკაცრდეს.“
ინფრასტრუქტურული პროექტების გადავადების საფუძვლად წვიმის დასახელებას ვერ იზიარებს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი. ის სახელმწიფო აუდიტის დასკვნას იშველიებს, სადაც წერია, რომ მეწარმესთან დადებული ხელშეკრულების გადავადების მიზეზი არ შეიძლება იყოს ნალექი. წვიმა არ არის ფორსმაჟორული მდგომარეობა. გამონაკლისია სტიქია, წყალდიდობა, ხანძარი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ სოფლებში მობეტონებული გზების 90% სანიაღვრე არხების გარეშეა; გზიდან ეზოებში გადასასვლელები გათვალისწინებული არ არის, პროექტები არაობიექტური მიზეზებითაა გადავადებული.
„საკუთარი თვალით ვნახე, სოფელ ქვებში გზა თავსხმა წვიმაში რომ დაიგო, – ამბობს თორნიკე ავალიშვილი, – დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩის მეორე ჩიხში სამუშაოები მიტოვებულია. ადამიანებს სახლებში შესვლა უჭირთ და ამიტომ მოსახლეობა ითხოვს, რომ ბეტონის დაგებული საფარი იმ მცირე მონაკვეთზეც აიღონ. მერიის სამსახურების წარმომადგენლები გაქცეულ მშენებლებს ეძებენ. რატომ უჭირთ მათი მოძებნა, ვერ ვხვდები. ვეჭვობ, რომ მერიის მაღალჩინოსნები და სამშენებლო კომპანიები, შესაძლოა, ერთმანეთს გაურიგდნენ.
მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა, ზოგი ამბობს – რა ვქნათ, ადრე ტალახში დავდიოდით და ახლა უკეთესი პირობები გვექნებაო. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ბიუჯეტიდან მათ სოფლებში პროექტებზე რა თანხა იხარჯება. მოქალაქეებმა პროექტების ხარისხიანად შესრულებაც უნდა აკონტროლონ, თუ უნდათ, რომ ობიექტის ჩაბარების შემდეგ მალე კვლავ ტალახში არ აღმოჩნდნენ.“
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: 9 აპრილის ქუჩის მეორე ჩიხის მცხოვრები მანანა ტოროშელიძე ამბობს, რომ ჩიხში არასწორად დაგებული ბეტონი გამდინარე წყლის დაგროვებას იწვევდა და საცხოვრებელი სახლის კედელს აზიანებდა. ამიტომ იძულებული გახდნენ, ბეტონი თავად ამოეყარათ.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი