mama mateხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მოძღვრად მამა მათე (ბუაჩიძე) დადგინდა. მან ნათლიღებას ეკლესიაში წირვა ჩაატარა. მოძღვარმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ ნათლიღებას პირველად გაცხადდა სამება – მამა ღმერთი, ძე და სულიწმინდა.

„ადამიანმა უნდა აგროვოს მადლი. ჩვენ, სამწუხაროდ, ცოდვებს ვაგროვებთ, – აღნიშნა მამა მათემ ქადაგებისას, – გისურვებთ, რომ მოვაგროვოთ იმდენი მადლი, რამდენი ცოდვაც გვაქვს.“

მოძღვარმა გვირჩია, რომ ნათლიღებას ლოცვებში განსაკუთრებულად მოვიხსენიოთ ნათლიები და ნათლულები, მათი ოჯახები, ნათლულების დედმამიშვილები. მამა მათეს თქმით, კარგია, თუ ლოცვებში მოვიხსენიებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს მშობელს ჩვენს ამქვეყნად მოვლინებაში დაეხმარენ.

„ნათლობაზე ამბობენ ხოლმე, რომ მღვდელია ბავშვის ნათლია, რადგან ის ნათლავსო. ნათლობა ადამიანის სულიერი შობაა. ზეციური ნათლია უფალია, სასულიერო პირი დადგენილია უფლის ნების განსახორციელებლად, ხოლო ნათლია პასუხისმგებელია ნათლულის სულიერ აღზრდაზე. მრავალ ნათლიღებას დაგასწროთ ღმერთმა. შეგეწიოთ დღევანდელი დღის მადლი.“

მამა მათემ მრევლს შეატყობინა, რომ მომავალ კვირას, 26 იანვარს, ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში მარგვეთისა და უბისის მეუფე ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) აპირებს წირვის ჩატარებას.

ნინო კაპანაძე