ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 5 თებერვლის სხდომა დაპირისპირებითა და ხმაურით წარიმართა.

დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თორნიკე ავალიშვილმა მერიაში ხელფასების გაზრდა გააპროტესტა.

თორნიკე ავალიშვილმა მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილ პროექტს „ძალიან ცუდი“ უწოდა და მისი შეცვლა მოითხოვა.

„თუ ცუდი პროექტია, ჩვენ დაგვაზარალებს,“ – სიტუაციიდან გამოსავალი მოძებნა მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა. 

„მერიაში ხელფასების მომატების საკითხი დღის წესრიგიდან გაიტანეთ, – მოითხოვა თორნიკე ავალიშვილმა საკრებულოს სხდომაზე, – სამსახურის უფროსებს ხელფასები არ უნდა გაეზარდოთ, რადგან ყველა მიმართულებით პრობლემებია. მუნიციპალიტეტში დაუსრულებელია გასულ წელს დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები, გზები უხარისხოდ იგება, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მოთხოვნები ვერ კმაყოფილდება.“

კახა გოლუბიანს თორნიკე ავალიშვილმა საკითხის წარდგენის შესაძლებლობა არ მისცა. ამის გამო სხდომაზე შესვენება ორჯერ გამოცხადდა.

დეპუტატები საკითხში გარკვევას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ შენიშვნები მერიაში ხელფასების მატებასთან დაკავშირებით მათაც აქვთ. თორნიკე ავალიშვილის მტკიცებით, უმრავლესობა მერიის სამსახურების საქმიანობით უკმაყოფილოა, მაგრამ საბოლოოდ მათ მუშაობას მაინც დადებითად აფასებენ.

„არ მოგცემთ სხდომის გაგრძელების საშუალებას, – მიმართა თორნიკე ავალიშვილმა დეპუტატებს, – თქვენ არ მოგეწონათ დღეს ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პასუხები. დამეთანხმეთ, რომ სოფლებში გზები უხარისხოდ იგება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხელფასების გაზრდას ხმას მისცემთ.“

საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე მივიდა. მან თორნიკე ავალიშვილის საქციელს მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მიმართ ძალადობა უწოდა.

საბოლოოდ, მერიის ადმინისტრაციის უფროსმა კახა გოლუბიანმა დეპუტატებს მერიაში ხელფასების გაზრდის საკითხი გააცნო.

მერიის სამსახურის უფროსების ხელფასები 1400 ლარიდან 1500 ლარამდე იზრდება, განყოფილების უფროსების – 1100 ლარიდან 1200 ლარამდე; პირველი კატეგორის უფროსი სპეციალისტის ანაზღაურება 700 ლარიდან 830 ლარამდე იზრდება, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 700 ლარიდან 770 ლარამდე.

მერიაში ხელფასების ზრდას მხარი ორმა დეპუტატმა – თორნიკე ავალიშვილმა და ქეთევან ზუმბაძემ არ დაუჭირეს. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს დეპუტატებმა თემურ ფცქიალაძემ, აკაკი მაჭავარიანმა, ინგა მაღრაძემ და მიხეილ ჭიპაშვილმა.

მიხეილ ჭიპაშვილის თქმით, საბიუჯეტო სახსრები მუნიციპალიტეტის ყველა მცხოვრებზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს.

„მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ ომის ვეტერანებისა და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ფულადი დახმარების გაზრდის შესაძლებლობა, მწირი ფინანსების გამო, არ გვაქვს, – აღნიშნა მიხეილ ჭიპაშვილმა, – ამ დროს მერიაში ხელფასებს ვზრდით. ყველა ადამიანი, რომელიც გაუსაძლის ყოფით პრობლემებს ებრძვის, საკრებულოს გადაწყვეტილებით გაღიზიანდება.“

უმრავლესობის წარმომადგენელ არც ერთ დეპუტატს სხდომაზე ხელფასების გაზრდის შესახებ პოზიცია არ დაუფიქსირებია.

ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პაატა გოგოლაძემ განაცხადა, რომ მერიაში ხელფასების ზრდას მხარი იმ იმედით დაუჭირეს, რომ საბიუჯეტო შემოსავლები გაიზრდება და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობა გამკაცრდება.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, მერიის სახელფასო ფონდი 40 ათასი ლარით იზრდება. ხელფასები მერიაში დასაქმებულ 57 საჯარო მოხელეს გაეზარდა.

ნინო კაპანაძე