დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიისგან 2017 წელს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშს განიხილავს.
შესყიდვების განყოფილების უფროსის, ზურაბ იჩქიტიძის ინფორმაციით, შარშან 106 სატენდერო დოკუმენტაცია მომზადდა. მუნიციპალიტეტის მერიისგან გამოცხადებული ტენდერებიდან ორი ტენდერი ტექნიკური დოკუმენტაციის დაუზუსტებლობის გამო შეწყდა. ექვსი ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, რადგან ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა მათთვის წარდგენილი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს. 34 ტენდერი ჩაიშალა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო, ხოლო 64 ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულებები გააფორმა.
გამარტივებული ელექტრონული და ელექტრონული ტენდერებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წელს სხვადასხვა საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესასყიდად სულ 220 ხელშეკრულება გააფორმა. მათი ჯამური ღირებულება 8 476 956 ლარია.
შესყიდვების განყოფილების საქმიანობის მისამართით შეკითხვები აქვს დეპუტატ ვარლამ ჭიპაშვილს. ის ამბობს, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში განხორციელებული ხშირი ცვლილებების გამო სამუშაოების გადავადება მოსახლეობასაც აზარალებს და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტსაც. კერძოდ, მოქალაქეები დროულად ვერ იღებენ მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, ხოლო ბიუჯეტი კარგავს თანხას, რაც არაკეთილსინდისიერი მეწარმისთვის ჯარიმის დაკისრებით უნდა მიეღო.
ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ წვიმა არ არის ფორსმაჟორული სიტუაცია. ამავე დროს ხელშეკრულების გადავადებას ამინდის შესახებ მეტეოროლოგიური სადგურიდან გაცემული ცნობა უნდა ახლდეს. ზოგ შემთხვევაში ამინდის შესახებ ცნობა მერის წარმომადგენლის მიერაა მომზადებული.
ვარლამ ჭიპაშვილი ასევე ინტერესდება, თუ რა არის იმის მიზეზი, რომ სტიქიის სალიკვიდაციოდ აგვისტოში გამოყოფილი თანხით ზოგიერთი გზის შეკეთებაზე ტენდერი გამოცხადდა, ზოგან კი სამუშაოები ერთ პირთან მოლაპარაკებით შესრულდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ ინდმეწარმესთან, რომელმაც ერთხელ ვერ შეასრულა სამუშაო, თანამშრომლობა საერთოდ უნდა შეწყდეს.
დეპუტატი თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ შესყიდვებისა და ზედამხედველობის მოუწესრიგებლობის გამო ხარაგაულში არაერთი დაუსრულებელი პროექტია.
ზურაბ იჩქიტიძის ინფორმაციით, მათ სატენდერო მოთხოვნაში უწერიათ, რომ დამპროექტებელმა ობიექტი ადგილზე უნდა შეისწავლოს და ამის დამადასტურებელი შესაბამისი ფოტოები შესყიდვების განყოფილებას მიაწოდოს. ამის მიუხედავად, პროექტები შესწორებას მაინც საჭიროებს და ეს ხარვეზები უშუალოდ სამუშაოების მიმდინარეობისას იკვეთება. ეს ხელშეკრულების გადავადებას იწვევს.
რაც შეეხება სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილ თანხებს, ზურაბ იჩქიტიძის ინფორმაციით, პროექტირებაზე ტენდერის გამოცხადების შემდეგ სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი სამ ლოტად გამოაცხადეს.
„ორ შემთხვევაში ტენდერი არ შედგა, – განმარტავს ზურაბ იჩქიტიძე, – ხელახლა მის გამოცხადებას 20-22 დღე დასჭირდა. მივწერეთ შესყიდვების სააგენტოს, რომ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაგვეფორმებია. ზოგზე დაგვთანხდნენ, ზოგი პროექტის შესრულება გადაუდებელ აუცილებლობად არ ჩათვალეს.
რაც შეეხება იმას, რომ ხელშეკრულება გავაფორმეთ ინდმეწარმესთან, რომელმაც წინა წლებში სამუშაო ვადის გადაცილებით შეასრულა, გეტყვით, რომ მოვიწვიეთ ადგილობრივი ინდმეწარმეები, რომელთაც ანალოგიური სამუშაოს შესრულების გამოცდილება ჰქონდათ. რამდენიმემ უარი განაცხადა და ისევ იმ მიმწოდებლებთან მივედით, რომლებთანაც პრეტენზიები გვქონდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. მათ წერილობით რეკომენდაციას მერის წარმომადგენელიც უწევდა.“
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი