
ხარაგაულის საავადმყოფოსა და პოლიკლინიკის ბაზაზე შპს „ადითი“ ხარაგაული ჩამოყალიბდა. 29 ივლისიდან მის დირექტორად დაინიშნა ლარისა დვალი, რომელიც ხარაგაულის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა.
რა გეგმები და როგორი პერსპექტივები აქვს შპს „ადითი“ ხარაგაულს, რა გაუმჯობესდება პაციენტებისთვის და რამდენად უკეთესი სამუშაო პირობები შეექმნება სამედიცინო პერსონალს, ამის გასარკვევად შპს „ადითი“ ხარაგაულის დირექტორს ლარისა დვალს ვესტუმრეთ.-ხარაგაულის საავადმყოფო და პოლიკლინიკა რამდენიმე ხნის წინ შეისყიდა ებრაულმა ფირმამ შპს „ადითი.“ ამ ეტაპისათვის ეს ფირმა საქართველოს მასშტაბით ცხრა მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხარაგაულში, აპირებს საავადმყოფოების განახლება-რეაბილიტაციას იმისდა შესაბამისად, თუ სად რა პოტენციალს დაინახავენ.
ფაქტიურად, ამჟამად ვიმყოფებით ერთთვიან საცდელ პერიოდში. ჩვენ უნდა დავანახოთ ამ ფირმის წარმომადგენლებს, თუ ხარაგაულში რისი გაკეთება იქნება ეფექტური – ახალი საავადმყოფოს აშენების თუ არსებული შენობის გარემონტების; რომელი განყოფილებების ფუნქციონირებაა პერსპექტიული – ქირურგიული განყოფილების, თერაპიულის, ბავშვთა და ა.შ.
3 აგვისტოს შპს „ადითის“ ხელმძღვანელები გელა ჩივიაშვილი და კახა ჩიხრაძე შეხვდნენ ხარაგაულის საავადმყოფოს თანამშრომლებს და ჯერჯერობით, ერთთვიანი ხელშეკრულებები გაფორმდა. ამ ერთი თვის განმავლობაში ყველაფერი, მათ შორის მედპერსონალის ხელფასებიც, დატოვეს ისე, როგორც იყო.
ამ ეტაპზე შპს „ადითი“ ხარაგაული მოიცავს საავადმყოფოსა და პოლიკლინიკას. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, ჯერჯერობით, ცალკეა, მაგრამ უახლოეს მომავალში ყველა მუნიციპალიტეტში შეუერთდება საავადმყოფოებს.
–რაზე ამყარებენ იმედებს შპს „ადითის“ წარმომადგენლები ხარაგაულში?
-ძალიან დიდ პოტენციალს ხედავენ სოციალურად დაუცველი პაციენტების სამედიცინო მომსახურებაში. ასპინძის მაგალითი მოჰყავთ – ასპინძაში რაოდენობრივად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნახევარია და მათგან სოციალურად დაუცველია 4 ათასი ოჯახი. სოციალურად დაუცველი ყველა პაციენტი სამედიცინო დაზღვევით სარგებლობს. ასპინძის საავადმყოფოს ყოველთვიური შემოსავალი, საშუალოდ, 23 ათას ლარს აღწევს. ექიმის ყოველთვიური ანაზღაურება 400-500 ლარი გამოდის. ფიქსირებულ ხელფასს გამომუშავებით მიღებული ემატება – ვინც მეტს მუშაობს, მეტი ანაზღაურება აქვს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 10 ათასზე მეტი ოჯახი სოციალურად დაუცველია და შესაბამისად, სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით. აი, ეს დაზღვეული პაციენტები არ უნდა წავიდნენ ხაშურსა და ზესტაფონში. ხარაგაულის საავადმყოფოში უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, პაციენტებს უნდა შევთავაზოთ ისეთი სერვისი, რომ მოვიდნენ ჩვენთან, ხარაგაულის საავადმყოფოში. აი, ამაში ხედავენ „ადითის“ ხელმძღვანელები ძალიან დიდ პოტენციალს.
სერვისს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ადამიანს მისთვის სასურველი და მისაღები მომსახურება არ შესთავაზე, ისე არ მოვა შენთან. „ადითის“ წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ აქ ყველაფერი გაკეთდება, აშენდება, ინვენტარიც შემოვა; პირველ რიგში, მოვიზიდავთ სპეციალისტებს. თვითონ ეძებენ ქირურგს, ექოსკოპისტს, რომელიც კვირაში ორი-სამი დღე ივლის, სავარაუდოდ, ზესტაფონიდან ან ხაშურიდან.
აუცილებლად უნდა მოვიწვიოთ გინეკოლოგი. არ შეიძლება ამხელა რაიონი მხოლოდ ერთი გინეკოლოგის ამარა.
ახლახან შემოიყვანეს ერთ-ერთი სოფლიდან ბინაზე ნამშობიარები – მკვდრადშობადობა იყო. აღინიშნებოდა ტემპერატურა და ტკივილი მუცლის არეში. ვალიდა ექიმმა რამდენჯერმე გააკეთა რევიზია და თქვა, რომ სავარაუდოდ, იყო სისხლდენა. წნევა ნორმალური ფიქსირდებოდა, მაგრამ არსებობდა საშიშროება ნებისმიერ მომენტში კოლაფსისა და შოკის განვითარების. პაციენტი გადავიყვანეთ ზესტაფონში. ხარაგაულში რომ ყოფილიყო მეორე გინეკოლოგი, არ გადავიყვანდით და აქვე დავაკვირდებოდით. თუ სისხლდენა განვითარდებოდა, ჩატარდებოდა ოპერაცია.
ლაპარაკობდნენ, რომ თითქოს თანამშრომ-ლები შემცირდებოდნენ. ხარაგაულში ვინღა უნდა შემცირდეს? ერთი და იგივე ექიმები მუშაობენ სასწრაფოშიც, საავადმყოფოშიც, პოლიკლინიკაშიც. არსად არავის არ უშვებენ – ეს გარკვევით თქვეს „ადითის“ ხელმძღვანელებმა 3 აგვისტოს თანამშრომლებთან შეხვედრისას.
ხარაგაულში მუშაობს ხუთზე მეტი აფთიაქი. აქაური პაციენტები ხაშურსა და ზესტაფონში თუ იმყოფებოდნენ ექიმთან, წამალსაც იქვე შეიძენდნენ. ანუ ის, ვინც ხარაგაულში სარგებლობს აფთიაქით, ექიმთან მიდის ხარაგაულში. ვიცით, რომ ფარმაცევტებიც იძლევიან დანიშნულებას, მაგრამ ამ გზით მედიკამენტების გაყიდვის წილი აფთიაქის შემოსავლებში იმდენად მცირეა, რომ ამდენ აფთიაქს ვერ ამუშავებდა. შემოსავალი რომ არ ჰქონდეთ, ეს აფთიაქები დაიკეტებოდა, – ასე მსჯელობენ „ადითის“ წარმომადგენლები.
ყველაფერი აღირიცხება საკასო აპარატში. 3 აგვისტოს მოიტანეს დარეგისტრირებული სალარო აპარატი. ყველა პაციენტი, რომელიც შემოვა საავადმყოფოში, გაივლის ერთიან რეგისტრაციას.
პაციენტისთვის შიდა სტანდარტით კატასტროფული ცვლილებები არ არის.
–შპს „ადითი“ ხარაგაულში სამედიცინო მომსახურება სოციალურად დაუცველთათვის უფასო იქნება?
-სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურება დაიფარება მათი სამედიცინო დაზღვევით.
–შიდა სტანდარტით დაწესებული გადასახადი შეიცვალა?
-პაციენტის ექიმთან ვიზიტი ღირს 15 ლარი. აქამდე ღირდა 10 ლარი. ყველა საავადმყოფოში, საქართველოს მასშტაბით, ექიმთან ვიზიტი ათი ლარი არსად აღარ ღირსო და 15 ლარი დააწესეს, არსებულ სტანდარტებს რომ შეესაბამებოდეს. მაგალითად, ვენაში გადასხმა 8 ლარი ეღირება და ა. შ. ამასთან მე მომცეს უფლება, რომ თუ გაჭირვებული პაციენტი, რომელსაც არ აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, მომმართავს განცხადებით, შეგვიძლია, ყველა სერვისზე 10 პროცენტით ფასდაკლება. საჭირო იქნება ექიმის რეკომენდაციაც.
გვპირდებიან, რომ ავადმყოფის ინტერესი იქნება დაცული.
იგეგმება თანამშრომლების დატრენინგება, რასაც თავად ფირმა დააფინანსებს.
ვარაუდობენ ყოფილი ინფექციური განყოფილების შენობის გარემონტებას. ან, შესაძლოა, გაარემონტონ პოლიკლინიკა. თუ ყოფილი ინფექციურის ან პოლიკლინიკის შენობები გარემონტდა, საავადმყოფოს ოთხსართულიანი შენობა, ალბათ, აღარ დაგვჭირდება.
ვითანამშრომლებთ სოფლის ამბულატორიებთან. სოფლის ექიმებიც უნდა დავაინტერესოთ, რომ ავადმყოფები ხარაგაულის საავადმყოფოში გამოაგზავნონ.
ძალიან ძნელია წინასწარ დანამდვილებით საუბარი, მაგრამ სერიოზული გეგმები აქვთ.
მთავარია პაციენტებს მათთვის სასურველი და მისაღები სერვისი შევთავაზოთ.
ლაურა გოგოლაძე
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ