გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის პროექტი goNaec მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს (ასევე ნებისმიერ მსურველს) გამოსაშვები გამოცდების რეპეტიციის გავლას სთავაზობს.
დაინტერესებული მოსწავლე გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე www.naec.gov.ge უნდა დარეგისტრირდეს. ტესტირების გავლა შესაძლებელია ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხო ენა, ისტორია, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა და გეოგრაფია. ერთი საგნის ტესტირებაში მონაწილეობა ერთ მსურველს შეუძლია მაქსიმუმ 3-ჯერ. ტესტირებისას გამოყენებული იქნება ახალი, სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილი დავალებები.
პროექტი 2017 წლის 15 დეკემბერს დაიწყო და 2018 წლის 16 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
არსებული სისტემა საშუალებას აძლევს სკოლებს, რომლებსაც სურთ გამოსაშვები გამოცდების რეპეტიციაში მოსწავლეების ჩართვა, ტესტირება ცენტრალიზებულად ჩაატარონ.
თუმცა, იმის გამო, რომ ტესტირება ფასიანია, ხარაგაულში მოქმედი სკოლების დირექციები გამოსაშვები გამოცდების რეპეტიციის ცენტრალიზებულად ჩატარების ინიციატივას ვერ იჩენენ. გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ეს პროექტი არ ითვალისწინებს გადამხდელთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვებს.
თითოეული საგნისთვის 15 ნიმუშის ნახვა (PDF ფორმატით) ვებგვერდზე naec.gov.ge თანხის გადახდის გარეშეა შესაძლებელი.
კიცხის საჯარო სკოლა, გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, სკოლაში რამდენიმე წელია, გამოცდებს მე-6 და მე-9 კლასელებისათვის ატარებს. რაც შეეხება პროექტს goNaec, კიცხის სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ინფორმირებულები არიან. თუმცა, რამდენიმე დღეში ამ პროექტს მშობლებსაც გააცნობს.
ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გარი ვეფხვაძე ამ პროექტში ჩართვას იმ მიზნით აპირებს, რომ cat-ის გამოცდის ჩატარების პრინციპი კარგად გაიგოს და საატესტატო გამოცდაზე ნაკლებად ინერვიულოს.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე ნინო ლაბაძე საატესტატო გამოცდებისთვის უფასო საიტების დახმარებით ემზადება. მისი თანაკლასელი მარიამ ჭიპაშვილი კი ამბობს, რომ შარშან მე-12 კლასელებს საცდელ ტესტირებასა და საატესტატო გამოცდებზე განსხვავებული სახის მასალები შესთავაზეს. ნონა მაჭავარიანი უპირატესობას გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის კრებულებიდან მეცადინეობას ამჯობინებს.
პროექტის goNaec შესახებ ინფორმაციის მისაღებად გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრს დავუკავშირდით.
„გამოსაშვები გამოცდების რეპეტიცია ასეთი ფორმატით აბიტურიენტების, მათი მშობლების, თხოვნებისა თუ მოლოდინების გათვალისწინებით შეიქმნა. პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მხოლოდ აპლიკანტების სურვილზეა დამოკიდებული, – გვიპასუხეს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრიდან, – პროექტის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ სხვადასხვა სახის ვებგვერდებზე სრულიად არაკორექტულ დავალებებს ვაწყდებოდით, რომლებიც დახმარების ნაცვლად მცდარ გზაზე აყენებდნენ მოსწავლეს.
დავალების შექმნა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. იგი საცდელი ტესტირებების ჩატარებას, ფსიქომეტრულ ანალიზსა და სხვა აუცილებელ პროცედურებს გულისხმობს. შესაბამისად, ნიმუშები, რომლებსაც ზოგიერთი ავტორი თუ ვებგვერდი სთავაზობს მოსწავლეს, არაკვალიფიციურია.
ამ ტიპის გამოცდის რეპეტიციის გავლისას მნიშვნელოვანია თავად სისტემა, საგამოცდო ალგორითმი, რომელსაც სხვა ვებგვერდი, ორგანიზაცია მოსწავლეს ვერანაირად ვერ შესთავაზებს.
ცენტრი ტესტირებას საგამოცდო სისტემის სრული დაცვით ატარებს: პროგრამა აკონტროლებს გამოცდის დროს. CAT-ის ალგორითმით დგინდება მონაწილის შეფასება (შედეგი ეკრანზე გამოჩნდება) – ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისათვის, რომ მსურველმა შეძლოს პროექტის საწყის და ბოლო ეტაპზე მიღებული შედეგის შედარება და ამ პერიოდში მიღწეული პროგრესის შეფასებაც.
პროექტისათვის სპეციალურად იქმნება დავალებები, ხდება მათი გამოცდა და ეს დავალებები გადის შესაბამის ანალიზს. ერთი ტესტირების გავლის რეალური ფასი 10 ლარს აღემატება.
ცენტრმა პროექტისათვის სპონსორების მოზიდვა დაიწყო. მათი მხარდაჭერით ტესტირების საფასური 5 ლარია. ეს თანხა უფრო ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, იმ კრებულების ღირებულება, რომლებშიც არც თუ კორექტული დავალებებია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ პროგრამა ტესტირების მეორედ ან მესამედ გავლისას უზრუნველყოფს მოსწავლის გამოცდას სრულიად სხვა დავალებებით და არა იმავე დავალებებით. ეს სისტემის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.“
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, თინათინ ბოჭორიშვილის შეფასებით, საატესტატო გამოცდების ანალოგიური ტესტები ძალიან კარგი შეთავაზებაა მოსწავლეებისთვის. „მე, როგორც მშობელი, აუცილებლად დავარეგისტრირებ ჩემს შვილს ამ პროექტში,“ – ამბობს თინათინ ბოჭორიშვილი.
მარელისის საჯარო სკოლის დირექტორის, ვერა ოდიკაძის, ინფორმაციით, მისი სკოლის მოსწავლეები ამ პროექტში გასულ წელსაც ჩაერთვნენ და ძალიან გამოადგათ საატესტატო გამოცდების ჩაბარების დროს.
„ოჯახები შეჭირვებულები არიან, მათთვის თითო საგანში თანხის გადახდა ძალიან რთულია, გასულ წელს ჩვენი სკოლის ერთი მოსწავლე სარეპეტიციო გამოცდების ერთ საგანში დარეგისტრირდა, მეორე – მეორეში და გამოცდებზე ჯგუფურად იმუშავეს. ეს მათ დაეხმარათ გაცნობოდნენ გამოცდების სტრუქტურას და არც ფინანსურად დახარჯულიყვნენ.
ჩვენი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები თებერვლიდან ამ პროექტში აუცილებლად ჩაერთვებიან,“ – ამბობს ვერა ოდიკაძე.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი