ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული 17 ააიპ-იდან 2018 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით სრულად ვერც ერთის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა.
შემცირებული დაფინანსების პირობებში რამდენად მოახერხებენ ააიპ-ები საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებას, – ამ საკითხზე დღეს ხარაგაულის საკრებულოში იმსჯელეს.
საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძემ განათლებისა და კულტურის სფეროს ააიპ-ების ხელმძღვანელები მიიწვია.
საკითხის განხილვისას გაირკვა, რომ სამუსიკო სკოლას, ისტორიულ მუზეუმს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს, შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრს 2018 წელს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის თანხა ჰყოფნით.
ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორის, დალი მაღრაძის მიერ დაგეგმილი პროექტები – გასვლითი კონცერტები მუნიციპალიტეტის სოფლებსა და უცხოეთში, ფოლკლორული მასალების მოძიება და ბროშურის სახით გამოცემა, რესპუბლიკურ ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობა, – მხოლოდ სურვილების ჩამონათვალია. ააიპ „ხალხური შემოქმედების სახლის“ დაფინანსება – 40 ათასი ლარი – მხოლოდ თანამშრომელთა ხელფასებსა და კომუნალურ ხარჯებს ჰყოფნის.
სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორი დავით გელაშვილი ამბობს, რომ წარმატებული სპორტსმენების წახალისებისთვის განსაზღვრული თანხა – 10 ათასი ლარი არასაკმარისია. ამიტომ ის დებულებაში ცვლილებას გეგმავს და სპორტსმენებს კონკრეტული შედეგების მიხედვით წაახალისებს და არა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი საქართველოს ნაკრების წევრები არიან.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი ამბობს, რომ წლევანდელი დაფინანსების პირობებში ახალ წიგნებს ვერ შეიძენს და შარშან დაწყებული „უსინათლოთა პროგრამის“ გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.
არასაკმარისია ბიუჯეტიდან ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ერთი მილიონი ლარით დაფინანსება. ამ გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებისა და საბავშვო ბაღებში პრობლემების მოსაგვარებლად წლის განმავლობაში 200 ათასი ლარის დამატება დასჭირდებათ.
კულტურის ცენტრს, როგორც მისი დირექტორი, ვასილ კიკნაძე ამბობს, 2018 წელს ხელფასების გაცემაც გაუჭირდება, რადგან ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია – 262 ათასი ლარი, 61 თანამშრომლის ხელფასებისთვის არასაკმარისია. კულტურის ცენტრს ამ დაფინანსებით, ხელფასის გარდა, თანხა არათუ ღონისძიებების გასამართად, არამედ კომუნალური ხარჯებისთვისაც არ ყოფნის.
კულტურის ცენტრის დირექტორს ვერტყვიჭალის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლენა აბაშიძემ დანაპირების შესრულება – ვერტყვიჭალის კლუბში ერთადერთი, გასულ წელს გაუქმებული, შტატის აღდგენა მოსთხოვა.
„ვერტყვიჭალის კლუბში გამართული ინფრასტრუქტურაა, – ამბობს ლენა აბაშიძე, – მდიდარი კულტურული ტრადიციების გაგრძელებას ვგეგმავთ. ვითხოვ, რომ წარმოგვიდგინოთ სხვა სოფლებში მოქმედი კლუბების მუშაობის შედეგები და შევადაროთ, ვინ არის დაფინანსების ღირსი და ვინ – არა. ჩემი კატეგორიული წინადადებაა, რომ პირველი თებერვლიდან ვერტყვიჭალის კლუბს გაუქმებული შტატი აღუდგინოთ.“
ვასილ კიკნაძის ინფორმაციით, „ამ საკითხზე მუშაობენ.“
ლიტერატურული თეატრის დირექტორის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, 2018 წელს დაგეგმილი ღონისძიებები მის მიერ მოძიებული სპონსორების თანადაფინანსებით გაიმართება. ლიტერატურულ თეატრს ელექტროპიანინო ესაჭიროება, თუმცა მის შესაძენად ფინანსები არ აქვს.
„გამოდის, რომ ააიპ-ებმა სურვილები წარმოგვიდგინეს და მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს რეალური ფინანსური საფუძველი არ აქვს,“ – ამბობს დეპუტატი ქეთევან ზუმბაძე. ის ასევე დაინტერესდა, თუ რა თანხას ხარჯავს ააიპ-ი ლიტერატურული თეატრი თანამშრომელთა ხელფასებსა და ღონისძიებებზე.
იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, 2018 წელს ლიტერატურული თეატრისთვის განსაზღვრული 55 ათასი ლარიდან 48 ათასი ლარი ხელფასებში გაიცემა, დანარჩენი თანხა ღონისძიებებისა და კომუნალური ხარჯებისთვისაა დაგეგმილი.
დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას მერიის დაპირებები გაიხსენა. კერძოდ, ის, რომ ცენტრალური ბიბლიოთეკა უსინათლოთა პროგრამის განხორციელებას შეძლებდა და ვერტყვიჭალაში კლუბის ხელმძღვანელის შტატს აღადგენდნენ.
ვარლამ ჭიპაშვილი ტურიზმის განვითარების მიმართულებით გაწეულ საქმიანობას და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დაფინანსებას უშედეგოს უწოდებს. მისი თქმით, ხარაგაულის ღირსშესანიშნაობებზე ბუკლეტის გამოცემის თაობაზე ამ ააიპ-ის დაფუძნებიდან ხუთი წლის შემდეგ არ უნდა ვსაუბრობდეთ. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ააიპ-ი, რომელიც ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარით ფინანსდება, წელიწადში ერთი ათასლარიანი ინსტრუმენტის შეძენას უნდა ახერხებდეს.
საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე სხდომაზე დაყენებული საკითხების განხილვას მუნიციპალიტეტის მერიასთან გეგმავს.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი