2013 წლის სექტემბრის მეორე ნახევრიდან შპს „ადითი“ ხარაგაული, თანამშრომელთა მოთხოვნის საფუძველზე გამოეყო შპს „ადითს“ და გაერთიანდა „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში.“ სამწუხაროდ, „ადითისაგან“ დარჩა ექვსი თვის სახელფასო დავალიანება, რომელიც დღემდე გაუსტუმრებელია. შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი – ხარაგაულის“ მთავარი ექიმის ქეთევან აბრამიშვილის ინფორმაციით, სახელფასო დავალიანების მისაღებად შეტანილია საჩივარი, მაგრამ შესაბამისი რეაგირება ჯერ არ მომხდარა. „არანაირი სასიკეთო ინფრასტრუქტურული ცვლილება „ადითის“ მხრიდან, არ ყოფილა. ყველაფერი დარჩა ისე, როგორც იყო. ერთადერთი, რაც „ადითის“ სასიკეთოდ უნდა ითქვას, გვქონდა ძალიან კარგი მედიკამენტური მომარაგება. მოთხოვნისთანავე ყველა სახის მედიკამენტს გვაწოდებდნენ,“ – აღნიშნავს ქეთინო აბრამიშვილი.
შპს „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში“ გაერთიანების შემდეგ მდგომარეობა სახელფასო კუთხით გამოსწორდა, თუმცა ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ისევ უმძიმესი მდგომარეობაა საავადმყოფოში. ქეთევან აბრამიშვილი აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად ითხოვენ ინფორმაციას, რა და რამდენი ჭირდებათ მთელი წლის განმავლობაში. ხელფასები, 2013 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, გაცემულია. „აქამდე ვიყავით გლობალურ დაფინანსებაზე, – ამბობს ქეთევან აბრამიშვილი, – ახლა ხელფასები შესრულებული სამუშაოს მიხედვით გაიცემა. ეს ჩვენთვის ნაკლებად ხელსაყრელია, რადგან ვერ ვმუშაობთ დატვირთვით. ავადმყოფებს ჩვენი ინფრასტრუქტურა აშინებთ, თუმცა მუშაობას მაინც ვახერხებთ.“
საუბარია, რომ ხარაგაულში აშენდება სამკურნალო დაწესებულება, მაგრამ რა ტიპის, ეს ჯერჯერობით უცნობია. ქეთევან აბრამიშვილის ინფორმაციით, არც ისაა ცნობილი, თუ რა დროში მოხდება ეს. „ვიმედოვნებ, რომ ახალი სამკურნალო დაწესებულება გაზრდის სამუშაოს, მეტი სამუშაო მეტ დაფინანსებას მოიტანს და ალბათ მოგვეცემა შესაძლებლობა, დავასაქმოთ ისეთი სპეციალისტები, რომელთა მომსახურებაც ამჟამად საავადმყოფოს არ აქვს“, – ამბობს ხარაგაულის საავადმყოფოს მთავარი ექიმი.
ქეთევან აბრამიშვილი საყოველთაო დაზღვევას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ საყოველთაო დაზღვევის მქონე პირები ხარაგაულის საავადმყოფოში მიიღებენ იქ არსებულ ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას. საყოველთაო დაზღვევა მოქმედებს თანადაფინანსებით, ანუ თუ სპეციალისტთან ვიზიტის ღირებულება 15 ლარია, აქედან მხოლოდ 30%-ს, ანუ 4,5 ლარს იხდის ავადმყოფი.
რა პირობებში უწევთ ხარაგაულის საავადმყოფოში მომუშავე მედპერსონალს მუშაობა და რას ელიან მომავალში, ამ კითხვით რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ:
აზა ფურცელაძე, თერაპევტი: -ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ყველაფერი იქნება უკეთესად, მაგრამ ეს არ მოხდება დღეს და ხვალ. ველოდებით გარდატეხას უკეთესობისკენ. მხედველობაში მაქვს ჩვენი მუშაობის დაფასება. ვერ ვიტყვი, რომ ახალ შენობას უახლოეს მომავალში ააშენებენ, მაგრამ იმედი არის. კარგ გარემოში მუშაობას რა ჯობია.
ირინა ბიბიჩაძე, ნევროპათოლოგი, ოკულისტი: -ჩემი სამუშაო გარემო, შეიძლება ითქვას, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, აღარ მოწესრიგებულა არც ერთი მთავრობის დროს. არც სანიტარი მყავს და არც ექთანი. თუმცა პაციენტს, ვინც მოვა, სიხარულით მივიღებ და მოვემსახურები. ვნახოთ, რა იქნება შემდგომში. იმედი ხომ ბოლოს კვდება.
ელზა მაღლაკელიძე, ლაბორანტი: -მუშაობა გვიწევდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. ჩვენ გამოვედით „ადითის“ დაქვემდებარებიდან, – გამგებელმაც, დეპუტატმაც ამაში დიდი ძალისხმევა ჩადეს. ბევრჯერ მოვიდნენ ჩვენთან და იციან ჩვენი მდგომარეობა. ხარაგაულისთვის აუცილებელია ახალი სამედიცინო დაწესებულება. ყველა ვერ წავა სამკურნალოდ სხვაგან.
ახლა შესრულებული სამუშაოს მიხედვით, პროცენტული გამოანგარიშებით, აგვინაზღაურდება ხელფასები, – შეიძლება მოგვიწიოს მაქსიმუმ 20-22 ლარმა თვეში. ასეთ პირობებში მუშაობა არ ღირს, მაგრამ სანამ შემიძლი, უნდა მოვემსახურო პაციენტებს. ვერ ველევი ჩემს სამუშაოს, თორემ ნამდვილად არ ღირს აქ მუშაობა. 40 წელია, ლაბორატორიაში ვმუშაობ. ვფიქრობ, რომ დავანებო თავი. ყველამ ყველაფერი იცის ჩვენი მდგომარეობის შესახებ, – იქნებ გამოსწორდეს. ოღონდ ჯერ ვერაფერს ვატყობ სასიკეთოს. შეიძლება ექიმს მეტი ჰქონდეს ხელფასი, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ყველა ვნატრულობთ ნორმალურ სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებას.
თამთა გოგოლაძე
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ