ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში 28 იანვარს ხარაგაულელ ახალგაზრდებს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ბერძენიშვილი შეხვდა.
შეხვედრა ა/ო „ლიბერალური ხაზის“ პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკის შექმნის პროცესში“ ფარგლებში გაიმართა.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით ვხვდებით და ვესაუბრებით ახალგაზრდებს იმ ღირებულებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ჰუმანური და დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად, – აღნიშნა „ლიბერალური ხაზის“ წარმომადგენელმა და პროექტის ხელმძღვანელმა მარი ბერაძემ, – ვცდილობთ მოვიძიოთ თანამოაზრეები, ნაკლებ თანამოაზრეებს ვესაუბროთ და ჩვენი არგუმენტები გავუზიაროთ.“
ლევან ბერძენიშვილი ხარაგაულელ ახალგაზრდებს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შანსებსა და პერსპექტივებზე ესაუბრა. მან ყურადღება იმ ოთხ მთავარ ღირებულებაზე გაამახვილა, რომლებიც ევროპული დემოკრატიისთვის უმთავრესია.
„სიცოცხლე, თავისუფლება, საკუთრება და ბედნიერება – ამ ღირებულებებიდან ქართველებისთვის ყველაზე მთავარი თავისუფლებაა, ევროპელებისთვის – საკუთრება, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთი და იგივეა, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი, – კავშირი თავისუფლებასა და მატერიალურ კეთილდღეობას შორის გარდაუვალია.
ლიბერალიზმი თავისუფლების იდეოლოგიაა. ამიტომ ჩვენ ლიბერალურ დემოკრატიას ვაშენებთ მთელ მსოფლიოში. ყველა პოლიტიკური ძალა აღიარებს სიტყვის თავისუფლებას.
თქვენთან იმიტომ მოვედით, რომ გითხრათ, – რაც უფრო თავისუფლები ვართ, მით უფრო მრავალფეროვანია ჩვენი არჩევანი. ამისთვის კი მატერიალური ბაზა გჭირდებათ. თითოეულმა თქვენგანმა უნდა შექმნათ საკუთრება. იმის ქადაგებით, რომ – „მე ვიქნები მილიარდელი და თქვენ ხელფასიც გეყოფათ,“ – ქვეყანა ვერ აშენდება. ჩვენ მდიდარი და წარმატებული ახალგაზრდები გვჭირდება.
საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა. საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის ნაწილი. რაც შეხეება სულიერებას, „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“ და „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება,“ – ეს ევროპული ღირებულებებია.
ჩვენი ქვეყნის მთავარი ღირებულება არის ჩვენი მთავარი წიგნი „ვეფხისტყაოსანი.“ ავთანდილის ანდერძი, ფაქტობრივად, არის ევროპის კონსტიტუცია, რომელიც ამბობს, რომ თუ საქმეს არ გააკეთებ, ცოდნა ფუჭია. „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს,“ – ამბობს ავთანდილი.
მთავარია, რომ თქვენი თაობა მრავალი საუკუნის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყანაში დაიბადა. რაც შეგვეძლო, ჩაგაბარეთ, – დამოუკიდებელი და მსოფლიოს მიერ აღიარებული ქვეყანა. ახლა თქვენზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი. თავისუფლებისკენ მიმავალი გზა განათლებაზე გადის, სხვანაირად არ შეიძლება – უვიცი კაცი თავისუფალი ვერ არის. თქვენი მხრიდან თავისუფლების პირველი და მთავარი გამოვლენა იქნება ის, თუ როგორ აირჩევთ პროფესიას.
ქართველებს განათლების მიმართ პატივისცემა გვაქვს. ყველა მშობელი მზადაა, ფული შვილების განათლებაში ჩადოს. განათლება არ არის მარტო დიპლომის მიღება, განათლება მუდმივად კითხვა და კითხვაა,“ – აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა ხარაგაულელ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი