საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის უპირველესი ვალდებულებაა.
რამდენად საკმარისია ფინანსები 2018 წელს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების გამართულად ფუნქციონირებისთვის, – ამის შესახებ გაერთიანების დირექტორს და საკრებულოს წევრებს ვესაუბრეთ.
„2018 წლის ბიუჯეტი 1 200 000 ლარით დავგეგმეთ, – გვიამბობს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, – ხელფასების, კვებისა და სხვა აუცილებელ ხარჯებთან ერთად, ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირება, მცირე სარემონტო სამუშაოები, თანამშრომელთა ხელფასების 10%-ით მატება, ბორის საჯარო სკოლასთან არსებული საბავშვო ბაღის 2018 წლის დასაწყისიდან შემოერთება და ეზოს სათამაშოების შეძენა გვსურდა.
მერიაში განგვიმარტეს, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში ერთ მილიონ ლარზე მეტ თანხას ვერ გამოგვიყოფენ. დაგვპირდნენ, რომ ბიუჯეტი წლის მეორე ნახევარში 0,5 მილიონი ლარით გაიზრდება და, პირველ რიგში, ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.“
2018 წლის პირველი იანვრიდან ერთჯგუფიან ბაღებში დარაჯის შტატი გაუქმდა და ცეცხლფარეშად გადაკეთდა. ცეცხლფარეში სეზონურად იმუშავებს – მხოლოდ თბობის სეზონზე – ნოემბრიდან აპრილამდე.
მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, 2017 წლის ბოლოს საბავშვო ბაღებში მუსიკალური ინსტრუმენტები აიწყო. მუსიკის მასწავლებელი წიფის, ღორეშისა და ნადაბურის საბავშვო ბაღებში არ ჰყავთ. გაერთიანებაში შემავალ ჩვიდმეტივე საბავშვო ბაღში საევაკუაციო გეგმა შედგა და ცეცხლმაქრები გადაიტუმბა.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის შენობის გაზიფიცირება ხელისუფლებისგან დღემდე შეუსრულებელი დაპირებაა. გაერთიანების დირექტორი სამზარეულოს გაზიფიცირებას უახლოეს პერიოდში შეუძლებლად მიიჩნევს, რადგან ტექნიკური პირობის მიხედვით, სამზარეულო ცალკე შენობაში უნდა განთავსდეს. ეს კი, ამ ეტაპზე, ფინანსების სიმწირის გამო, შეუძლებელია.
მამუკა ჭიპაშვილის თქმით, გამოსავალი სამზარეულოსთვის ელექტროღუმელების შეძენაა, რაც ძალიან ძვირი ღირს. მათ შეძენას 2019 წელს გეგმავენ. რაც შეეხება შენობის გაზიფიცირებას, მამუკა ჭიპაშვილი იმედოვნებს, რომ წელს ეს პროცესი დაიწყება და კიდეც დასრულდება.
ბორის საბავშვო ბაღი, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ, გაერთიანებას, სავარაუდოდ, 2018 წლის პირველი სექტემბრიდან შეუერთდება.
2017 წლის მაისში რკინიგზის მშენებლობის შედეგად წარმოქმნილმა მეწყერმა ზვარეს საბავშვო ბაღს საფრთხე შეუქმნა. სექტემბერში საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება ნაქირავებ ბინაში გააგრძელა. მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ ქირის გადახდა გაერთიანებისთვის პრობლემაა და აღსაზრდელები არასტანდარტულ პირობებში არიან. ამიტომ გადასაწყვეტია, სექტემბრიდან როგორ უნდა გაგრძელდეს ზვარეში საბავშვო ბაღის საქმიანობა.
ხარაგაულის საბავშვო ბაღებს ეზოს სათამაშოები არ აქვს. მამუკა ჭიპაშვილს იმედოვნებს, რომ გაზაფხულზე საბავშვო ბაღებში მარტივი სათამაშოების დამონტაჟებას შეძლებენ.
„სასკოლო მზაობის ჯგუფის გახსნას გედსამანიასა და სარგვეშში ითხოვენ, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ამის შესახებ ინფორმაცია ამ სოფლების მაჟორიტარმა დეპუტატებმა მომაწოდეს. ამ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკა“ ახორციელებს. 2017 წლის ბოლოს დასკვნით ღონისძიებაზე მიგვიწვიეს. ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, „კივიტას გეორგიკა“ სასკოლო მზაობის პროექტს გააგრძელებს თუ არა.“
საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ უნდა განსაზღვროს პოლიტიკა, თუ როგორ მოგვარდეს ამ სფეროებში არსებული პრობლემები. კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე ამბობს: „200 ათასი ლარი, რომელიც ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას დააკლდა, ქვეყანაც რომ დაიქცეს, უნდა მოვიძიოთ და საბავშვო ბაღები უნდა დავაფინანსოთ. პრობლემების მოსაგვარებლად მერიასთან და გაერთიანების დირექტორთან ვთანამშრომლობთ.
დასაანგარიშებელია, რამდენად ეფექტური და ფინანსურად მომგებიანი იქნება ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის შენობის გაზიფიცირება. თუმცა ეს უცილებელია და თანამედროვე მოთხოვნაა.“
დავით კიკნაძე საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატია. ის მესამე წელია, საღანძილეში საბავშვო ბაღის გახსნას ითხოვს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოიწონა და საღანძილეში საბავშვო ბაღის მშენებლობა 2018 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაში ჩაისვა.
მარელისში 2017 წლის სექტემბერიდან ამოქმედებული სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელები და სოფლის მოსახლეობა სოფელში საბავშვო ბაღის გახსნას ითხოვენ. საბავშვო ბაღიდან 3-4 კილომეტრის დაშორებით მცხოვრებ ოჯახებს შვილები სასკოლო მზაობის ჯგუფში დღეში ორიოდე საათით ვერ დაჰყავთ. არის კვების პრობლემაც.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ინგა მაღრაძე ამბობს, რომ მერიამ მარელისში საბავშვო ბაღის მშენებლობა არც 2018 წელს და არც მუნიციპალიტეტის განვითარების სამწლიან სამოქმედო გეგმაში არ გაითვალისწინა. მარელისელთა წერილზე, ჯერჯერობით, პასუხი არც საკრებულოს გაუცია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, მანანა ბარბაქაძეს, პირველ რიგში მოსაგვარებელ პრობლემად ხარაგაულის საბავშვო ბაღის გაზიფიცირება მიაჩნია. ის ამბობს, რომ წელს ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის შენობა ან გაზიფიცირდება, ან ენერგოეფექტური ღუმელები დაიდგმება.
როდისთვის გეგმავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია #1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირებას და რა გაკეთდა პრობლემის გადასაწყვეტად, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ თოფურიძეს მივმართეთ.
„ჩვენ მაგ თემაზე ვმუშაობთ და ზუსტად არ ვიცი, როდის გაკეთდება. ბევრი ხელისშემშლელი პირობაა,“ – გვიპასუხა თოფურიძემ.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი