მეხუთე წელია, რაც მთელ საქართველოში და მათ შორის – ხარაგაულის მუნიციპალიტეტშიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები ფუნქციონირებს.
ამ სამსახურებმა შექმნეს და მუდმივად ანახლებენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შესახებ საინფორმაციო ბაზას, ყოველწლიურად საზღვრავენ მუნიციპალიტეტებში არსებული კულტურების მიხედვით სავარაუდო მოსავალს, სისტემატურად ეხმარებიან ფერმერებს სამინისტროს პროგრამების შესახებ ინფორმირებასა და ამ პროექტებში ჩასართავად, მუშაობენ სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემების გამოსავლენად. მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებით დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებს უწევენ. ხელს უწყობენ თანამედროვე აგროტექნიკური მეთოდების პოპულარიზაციასა და დანერგვას და ა.შ.
2014 წლის მაისიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს ბონდო კიკნაველიძე ხელმძღვანელობს. სამსახურის მიერ ბოლო პერიოდში გაწეული მუშაობისა და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ ბატონ ბონდოს მივმართეთ.
-სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამებისა და პროექტების გასაცნობად სისტემატურად ვხვდებით მოსახლეობას. გასულ წელს თითქმის 2-3-ჯერ მოვიცავით თითოეული თემი, ყველა სოფელში მივედით.
შეხვედრებს ვაწყობთ ღია ცის ქვეშ, იუსტიციის სახლებში, მეურნეებთან მივდივართ უშუალოდ მუშაობის დროს. მათ საინფორმაციო მასალებს, ბუკლეტებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაზეთს ვაწვდით. კონკრეტული პროექტით დაინტერესებულ ადამიანებს ბიზნესგეგმის შედგენაში ვეხმარებით.
გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე ძალიან კარგი პროექტი ხარაგაულში ვერ ხორციელდება მცირემიწიანობის გამო. ჩვენი მუნიციპალიტეტი ისედაც მცირემიწიანია და მიწის პრივატიზაციის დროს ეს ნაკვეთები კიდევ უფრო მცირე სეგმენტებად დაიყო.
ისეთი შესანიშნავი პროექტის, როგორიც არის „დანერგე მომავალი“, ხარაგაულში განხორციელება ვერ შევძელით. ამ პროგრამაში ჩასართავად გასულ წლებში 5 ჰა მიწის ფლობა იყო საჭირო. ტერიტორიული სამსახურების თხოვნით სამინისტრომ ეს 5 ჰა ერთ ჰა-მდე დაიყვანა. თუმცა, ეს ერთი ჰექტარი მიწაც კი ვერ მოიძებნა ხარაგაულში, რომ პროექტი „დანერგე მომავალი“ განხორციელებულიყო. 10 ლარი რომ ღირს, დავუშვათ, ნერგი, 7 ლარს პროექტი უფინანსებს, 3 ლარი რჩება გლეხს გადასახდელი.
არის პროექტები, რომლებიც თანამონაწილეობას მოითხოვენ. ჩვენი ფერმერები კი ამას ვერ ახერხებენ.
ხარაგაულში ვერ განხორციელდა აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტი. პროექტის ბიუჯეტის 60% უნდა გადაიხადოს ფერმერმა, ხოლო 40%-ს სახელმწიფო უფინანსებს. ჩვენს ფერმერებს კი თანამონაწილეობის თანხა არ აქვთ.
გასულ წლებში ჩვენთან არაჩვეულებრივად იმუშავა ეკონომიკის სამინისტროს პროექტმა „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში“. ამ პროექტით ორმოცამდე ხარაგაულელის იდეა დაფინანსდა – მაღაზიები, პურის საცხობი, ხილის საშრობი, ავეჯის წარმოება, ფოტოგადაღება, სილამაზის სალონი, ღვინის ჩამოსხმა, მეფრინველეობის ფერმა, საოჯახო სასტუმრო, ქვის საამქრო, შებოლილი ღორის ხორცის წარმოება, თაფლის ჩამოსხმა, საბილიარდო, ავტოტექმომსახურება.
ერთ ადამიანზე 5 ათასი ლარის, 2 ადამიანზე – 10 ათასის, ხოლო 3 ადამიანზე – 15 ათასი ლარი დაფინანსების მიღებაა შესაძლებელი წარმოების დასაწყებად თუ მისი განვითარებისათვის.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით მარელისში 630 კვმ ფართობზე საკალმახე „ლომისმთა“ ამოქმედდა. სამინისტროს დავალებით პერიოდულად ვეცნობით პროექტის მიმდინარეობას. მფლობელი ზაზა სახვაძე კარგად უძღვება დაწყებულ საქმეს.
მინდა ჩვენს ერთ პროექტზე გავამახვილო ყურადღება, რომელსაც მე „საუკუნის პროექტი“ დავარქვი – პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება. თავიდან ამ პროექტს უნდობლად უყურებდნენ. ვინც უკვე ისარგებლა ახლადდანერგილი სერვისით, კმაყოფილია ამ წამოწყებით. არა მარტო ხარაგაულის პრობლემაა, რომ ჩვენი ფურები თხებს დაემსგვასნენ და წველადობაც დაბალია. ვფიქრობ, ხელოვნური განაყოფიერების სადგურის ფუნქციონირება პერსპექტივაში პირუტყვის წველადობას გაზრდის. ადამიანი მაინც უვლის იმ ფურს და როცა კარგ შედეგს დაინახავს, მეტად დაინტერესდება მეცხოველეობის განვითარებით.
არაჩვეულებრივი პროექტი მოქმედებს მეცხოველეობის განვითარებისათვის მაღალმთიან ზონაში. ხუთჯერ ავედით სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად წიფის თემში. ამ პროექტის განსახორციელებლად 200 სული ფურის ან დეკეულის ყოლაა საჭირო. უნდა შექმნილიყო მეცხოველეობის კოოპერატივი, რომელსაც სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემოდა 2-3 ჰა საძოვარი.
ვერ მოვახერხეთ ამ პროექტის განხორციელება იმიტომ, რომ – ჯერ ერთი, ამ ფართობის საძოვრები და სათიბები არაა, ყველგან გატყევიანებულია და თუ სადმე საძოვარია, ეკუთვნის ეროვნულ პარკს. მეორეც, – წიფაში ვერც 200 სული პირუტყვი შევაგროვეთ. თუ ამას გავაკეთებდით, კოოპერატივი უნდა შექმნილიყო, – გადაეცემოდა ეს სათიბ-საძოვრები, უსასყიდლოდ – მანქანა-ტრაქტორები, შეიქმნებოდა რძის შემკრები პუნქტი, შემდეგ – რძის გადამამუშავებელი საწარმო, მაგრამ ეს ყველაფერი ვერ მოხდა და პროექტი არ განხორციელდა. თანაც, მოგეხსენებათ, მუშახელის პრობლემაცაა ჩვენს სოფლებში. მოხუცები დარჩნენ, უმეტესად, სოფლები დაცლილია ახალგაზრდებისგან.
კოოპერატივების მხრივ მივიწევთ წინ. არაჩვეულებრივი თანამშრომლები მყავს, ყველა განათლებულია, მონდომებული და თავისი საქმის სპეციალისტი. ჩვენ ერთობლივად შევძელით, რომ 2014 წლიდან ხარაგაულში ოთხი კოოპერატივის შექმნისთვის შეგვეწყო ხელი: „მეღვინეობა-კიცხი“, მეფუტკრეობის კოოპერატივი ვარძიაში „იმერეთის ნატურალური პროდუქტები“, რძის გადამამუშავებელი კოოპერატივი „სარგო“ და სოფ. ჯაფარეულში ახლახან დაფუძნებული მეფუტკრეობის კიდევ ერთი კოოპერატივი „თაფლი მარგებელი“ (თავმჯდომარე ზვიად ორჯონიკიძე).
მეფუტკრეობის კოოპერატივის „იმერეთის ნატურალური პროდუქტები“ თავმჯდომარემ ბადრი ხიჯაკაძემ საინტერესო შედეგებს მიაღწია. ჰამლეტ ბერაძეც კარგად უძღვება მეღვინეობის განვითარების საქმეს. ძალიან კარგად მუშაობდა კოოპერატივი „სარგო“ და ახლა ცოტა შეფერხება აქვს.
სოფლებში ადამიანებს ვესაუბრებით, რომ მოვა დრო და მათი ყველი დღევანდელივით აღარ გაიყიდება ბაზარზე. კოოპერატივებმა სტანდარტის დაცვით უნდა აწარმოონ რძის პროდუქტები. ამას მოითხოვს სურსათის უვნებლობაც.
ბევრს ვმუშაობთ ხარაგაულში მევენახეობის ასაღორძინებლად. ოთხმოცი დაინტერესებული ადამიანი წავიყვანეთ ჯიღაურას მეურნეობაში, სადაც 40 ჰა ვენახს უჭირავს, ხოლო 40 ჰა – ხეხილს. დავათვალიერეთ უმაღლეს დონეზე მოწყობილ-მოვლილი ვენახი, სადაც ვაზის ორი ჩვენებური ჯიშიცაა წარმოდგენილი – ბაზალეთის ცოლიკაური და ვერტყვიჭალის შავი.
დაინტერესებულ მეურნეებს ხშირად ვრთავთ მაღალტექნოლოგიური მეურნეობების აგროტურებში. ადამიანებს კი ვესაუბრებით, მაგრამ ნაამბობს საკუთარი თვალით ნანახი ჯობია. შარშან აგროტური, ჯიღაურას მეურნეობის გარდა, მოვაწყვეთ რაჭაში – „ბლაუენშტაინ საქართველო“, სადაც არის მეცხოველეობის ფერმა და ხორცის გადამამუშავებელი საწარმო. აგროტურები იმისთვის ეწყობა, რომ ადამიანები საუკეთესო გამოცდილებას გაეცნონ და საკუთარი იდეები უკეთესად განახორციელონ. ჩვენ მზად ვართ მათ მხარდასაჭერად.
აგროტურების ორგანიზებაში ძალიან დაგვეხმარა საკრებულო და მერია – მონაწილეთა ტრანსპორტირება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
მევენახეობის განვითარების ხელშემწყობის სახელმწიფო პროგრამებს ხარაგაულში ვერ ვახორციელებთ, რადგან ამისთვის კოოპერატივის შექმნა და ოცი ჰექტარი ვენახის ფლობაა აუცილებელი. ოცი ჰა ვენახი კი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არავის აქვს.
-ბატონო ბონდო, როგორია თქვენი სამსახურის უახლოესი გეგმები?
-სოფლის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს ვაგრძელებთ. აგროტურებიც გაგრძელდება. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩამოყვანას ვგეგმავთ დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგის ჩასატარებლად მეფუტკრეობის, მეცხოველეობის და სოფლის მეურნეობის სხვა დარგებში, მოთხოვნისა და ინტერესების შესაბამისად.
10 ათასი ლარია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის განსაზღვრული. ადგილობრივ ხელისუფლებას წარვუდგინეთ 6 ათას ლარამდე ღირებულების პროექტი, რომლითაც გვინდა, რომ მიწის ნაკვეთების ნიადაგის ქიმიური ანალიზი ჩავატაროთ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ოცი ადმინისტრაციული ერთეულია და ოც დაინტერესებულ მეურნეს, ვისაც კუთვნილ ნიადაგზე რაიმეს გაშენება სურთ, დავეხმარებით ნიადაგის კვლევაში.
ტრენინგები, აგროტურები და ნიადაგის კვლევა – ამ სამი პროექტის განხორციელება გვსურს. ვიმედოვნებთ, რომ ამ პროექტებსაც დიდი ყურადღებით მოეკიდება ადგილობრივი მთავრობა და მოგვეხმარება.
ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით უფრო მეტი გაკეთდეს მიმდინარე სამეურნეო წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.
-ბატონო ბონდო, ნიადაგის კვლევა წინა წლებშიც განხორციელდა. მაშინდელი კვლევის შედეგები როგორია?
-დიახ, დაახლოებით ასი მეურნის ნიადაგი გამოვიკვლიეთ ზესტაფონის ლაბორატორიაში. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, თუ რომელი ნიადაგი რომელი სასუქით გამდიდრებას საჭიროებს. ამჟამად ანასეულის სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში გვინდა გამოკვლევა, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. როგორც ექიმი სვამს დიაგნოზს, ასეთ ანალიზს აკეთებენ ანასეულში. იქედან მიღებული დასკვნით ფერმერი მიიღებს ინფორმაციას, თუ რომელი კულტურის გაშენება იქნება მის კონკრეტულ ნიადაგზე რეკომენდირებული.
-დღემდე თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხარაგაულში რომელი კულტურების გაშენებას უნდა მიანიჭოს უპირატესობა მეურნემ?
-ამჟამად ხელსაყრელია და ხარაგაულში ბუმია თხილის გაშენებაზე. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენთან სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგი მევენახეობა და მესიმინდეობა იყო. გლეხმა, საიდანაც მეტი შემოსავალი მიიღო, ბუნებრივია, იმ კულტურის გაშენებაზე იფიქრა – თხილი გააშენა.
ძირულას ხეობის სოფლებში – ხევი, გედსამანია, ვერტყვიჭალა კენკროვანი კულტურების, კერძოდ, ჟოლოს გაშენებასა და მოყვანაზე გადავიდნენ. მე და ჩემი თანამშრომლები თავად შევესწარით ჟოლოს კრეფას. როგორც კი დაამთავრეს, ავტომანქანა მოვიდა თბილისიდან, ჩააწყო და წაიღო. 5 ლარი გადაუხადეს ერთ კილოგრამში.
კომუნისტების მმართველობის პერიოდში ხარაგაულში შვიდი მარანი ყოფილა. 7 ათას ტონას თუ არა, რეალურად, 3 ათას ტონა ყურძენს ხომ აბარებდნენ ხარაგაულელი გლეხები. ჩვენთვის ვაზი ტრადიციულია და ამ კულტურის მოსპობა არ შეიძლება. ძალიან კარგია, რომ ვაზი შენდება. ახლახან ხუნევში ვიყავით. მეურნეებს შესაბამის ინსტრუქციას ვაძლევთ ახალშენი ვაზის მოვლასა და წამლობებზე.
იგივე უნდა ითქვას სიმინდის კულტურაზეც, რაც ასევე ტრადიციულია ჩვენთვის. ფური და ქათამი რომ ჰყავს ოჯახს, სიმინდის კულტურა, თავისთავად, უნდა იყოს. თუმცა სიმინდის ძალიან მცირე მოსავალია. სოფელი მაქვს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, – როდინაულში ადამიანი ბოლო ქათამს გაყიდის და მიწას დაფარცხავს. ხარაგაულში კი პირდაპირ დაუხნავ მიწაზე აყრიან თესლს. ალბათ, ეს მიწაც თავისებურად მუშაობს. მაინც მოდის მოსავალი, ოღონდ – ნაკლები; რომ დაფარცხნონ, უკეთესია.
-ეს, ალბათ, არასაკმარისი ცოდნის ბრალია?
-ნაწილობრივ, აგროგანათლების დონეზე, თორემ ხარაგაულელ ხალხს განათლებას ვერ დაუწუნებ. თუმცა არა მხოლოდ აგროგანათლებასთან, ყველაფერი ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული.
ძალიან კარგი იყო მთავრობის პროგრამა, სასოფლო-სამეურნეო ბარათებით რომ ვუხნავდით ადამიანებს მიწას, რაც დღეს აღარ არის. ზოგიერთ ოჯახს 400-500 ლარი სჭირდება დასახნავად და დასათესად. ნიადაგის დაფარცხვა კიდევ მეტი დაუჯდება.
მეურნეს შხამ-ქიმიკატების მოხმარებისას, სასურველი შედეგის მისაღებად, კვალიფიციური კონსულტაცია სჭირდება. არის ვენახის შესაწამლი პრეპარატები, რომელიც წვიმიანი ამინდების შემდეგ ვერ მოქმედებს და მხოლოდ მშრალ ამინდებშია ეფექტური. ბაზარზე შემოსულია ახალი წამლებიც, რომელიც ძვირი ღირს და ხარაგაულში, ჯერჯერობით, არ იყიდება.
-ბატონო ბონდო, რომ შევაჯამოთ, ხარაგაულში სოფლის მეურნეობის კუთხით ყველაზე დიდი პრობლემა რა არის?
-მცირემიწიანობა, ადამიანებს ძალიან უჭირთ მექანიზაციასთან ურთიერთობა – ტრაქტორი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის და ცოცხალი გამწევი ძალით უწევთ ნიადაგის დამუშავება. სოფლებში ძველი ტრაქტორებია დარჩენილი. ამჟამად ვადგენთ, რამდენი ტრაქტორი იმუშავებს ამ გაზაფხულზე.
ერთწლიანი კულტურების თესვისთვის, მაგალითად, სიმინდის უხვი მოსავლის მიღებისათვის უმჯობესია, რომ ახალი ჯიშები დაითესოს, მაღალტექნოლოგიური პროცესებით წარიმართოს ხვნა-თესვა.
როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ძალიან დიდია დაინტერესება კენკროვანი კულტურებისადმი. ხარაგაულში ძირითადი ყურადღება უნდა დაეთმოს მევენახეობის, მესიმინდეობის, მეფუტკრეობისა და მეცხოველეობის დარგების განვითარებას.
ლაურა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი