ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში ფარისებრ ჯირკვალზე სამასამდე ბავშვის გამოკვლევას გეგმავს. ამასთან ერთად, ცენტრის თანამშრომლები სოფლებში იმ პირებს, რომელთაც გადაადგილება არ შეუძლიათ, საკუთარ ოჯახებშივე უფასოდ ჩაუტარებენ გამოკვლევებს. ამ და სხვა სიახლეებზე ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის უფროსს შმაგი ხიჯაკაძეს ვესაუბრეთ.
„ფარისებრი ჯირკვალის დაავადებები ჩვენს ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული. ამიტომ აქტუალურია, ამ დაავადების გამოვლენა და მკურნალობა სკოლის ასაკიდან დავიწყოთ, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე, – შევეცდებით ყველა მოსწავლე გამოვიკვლიოთ, ან ავირჩევთ იმ ასაკობრივ ჯგუფს, რომლებშიც უფრო ხშირად ვლინდება ჩიყვის დაავადება.
პროექტში ჩავრთავთ სპეციალისტებს, რომლებიც მოსწავლეებს შეამოწმებენ ვიზუალურად, პალპაციით, სიმპტომებითა და ჩივილებით. ვისაც ეს სპეციალისტები ჩათვლიან, რომ ესაჭიროებათ ექოსკოპიური გამოკვლევა და სისხლის ანალიზი, ამ მოსწავლეებს ჩვენ უფასოდ გამოვიკვლევთ (ცნობისთვის, – ექოსკოპია და სისხლის ანალიზი ჩიყვზე 80 ლარი ღირს).
თუ აღმოჩნდა, რომ ჩვენს მიერ გამოკვლეულ მოსწავლეებში ჩიყვის დაავადება ხშირია, ოფიციალურად მივმართავთ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩიყვთან ბრძოლის პროექტის დასაფინანსებლად“.
შმაგი ხიჯაკაძე ამბობს, რომ ის პროექტები, რომლებსაც 2017 წელს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებდა, წელსაც გაგრძელდება. გასულ წელს ქუთაისში, სკრინინგ ცენტრში, ბენეფიციარებს ჩაუტარდათ გამოკვლევა – ქალბატონებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის, ხოლო მამაკაცებს – პროსტატის ჯირკვლის სიმსივნეზე. სულ 270 პიროვნება შემოწმდა. აქედან 140 ადამიანს ესაჭიროებოდა კონსულტაცია. 5 ქალბატონისა და 2 მამაკაცის შემთხვევაში სკრინინგის პასუხი დადებითი იყო. პაციენტები საჭიროებენ დამატებით გამოკვლევებს საბოლოო დიაგნოზის დასადგენად.
შმაგი ხიჯაკაძე ამბობს, რომ სკრინინგ გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია: „იმ ადამიანებს, რომელთაც პირველი ან მეორე სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდათ, უკვე გაიკეთეს ოპერაცია და თავს კარგად გრძნობენ. რაც უფრო ადრეულ სტადიაზე დაისმება დიაგნოზი, დაავადების მკურნალობა მით უფრო ეფექტურია“.
2017 წელს ესპანური წარმოების სადეზინფექციო საშუალება „კლორმედი“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას შესთავაზა. ხარაგაულის საბავშვო ბაღები ამ პრეპარატს თავიანთ საქმიანობაში უკვე იყენებენ.
„მოგეხსენებათ ზამთრის პერიოდში გრიპისა და მწვავე რესპირატორული ინფექსიების გავრცელების რისკი მაღალია, ამიტომ ერთ-ერთ პროფილაქტიკურ ღონისძიებად ითვლება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების (სკოლები, საბავშვო ბაღები) დეზინფექცია. „კლორმედი“ ეფექტურია როგორც ვირუსის, ასევე ბაქტერიების გასანადგურებლად.
ზამთრის არდადეგების დაწყებამდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების წარმომადგენლებს შევხვდი. მათ აღნიშნული საშუალების სკოლებში გამოყენება შევთავაზე. სკოლების დირექციებისგან გამოხმაურებას ველოდები, – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე, – რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სკოლებში დეზინფექციას კერძო ინდმეწარმეები სამ თვეში ერთხელ 40 ლარად ატარებენ.
10 აბი „კლორმედის“ შესაძენად 25 ლარია საჭირო. ერთი აბი 5-10 ლიტრ წყალში იხსნება (დაბინძურების მიხედვით). 10 ლიტრი ხსნარი კი მთელი სკოლის სადეზინფექციოდაა საკმარისი, 10 ტაბლეტით ათჯერ შეიძლება დეზინფექციის გაკეთება. „კლორმედს“ არ აქვს სუნი, არ ტოვებს ზედაპირზე ლაქას და უსაფრთხოა ბავშვებისათვის.“
იანვარში ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები სოფელ საღანძილეში იმ ადამიანებს ესტუმრნენ, რომელთაც გადაადგილება არ შეუძლიათ. მათ ადგილზევე უფასოდ ჩაუტარდათ სისხლისა და შარდის ანალიზები, შეამოწმეს სისხლში კრეატინისა და შაქრის დონე, გადაუღეს ელექტროკარდიოგრამა. გამოკვლევები საღანძილეში სულ 9 ბენეფიციარს ჩაუტარდა.
„ცხრა ადამიანიდან ერთს შაქრიანი დიაბეტი გამოუვლინდა და ამის შესახებ მანამდე არაფერი იცოდა. ანალიზის შედეგები გადავუგზავნეთ უბნის ექიმს, რომელიც მკურნალობას გამოკვლევის შედეგების მიხედვით დააკორექტირებს. პროექტის ფარგლებში უახლოეს მომავალში სოფელ ხიდარს ვეწვევით. წლის განმავლობაში მთელი მუნიციპალიტეტის სოფლებში მისვლას ვგეგმავთ“.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი