ჩუმათელეთი-ხევის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი დამტკიცებულია. უახლოეს ხანში საავტომობილო გზების დეპარტამენტი განსახლების გეგმასაც დაამტკიცებს.
გარემოზე ზემოქმედების კონსულტანტი ირაკლი კავილაძე ამბობს, რომ ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის 11-კილომეტრიანი მონაკვეთი, რელიეფის გამო, საქართველოში ყველაზე რთულია მშენებლობის თვალსაზრისით.
„მოსახლეობას უფრო მეტად სოციალური და განსახლების საკითხები აღელვებს, მაგრამ ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის გავლენა გარემოზე ძალიან მნიშვნელოვანია, – ამბობს ირაკლი კავილაძე, – პროექტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, ხევში საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობები უნდა აღებულიყო. პროექტი შეიცვალა და გზა საბავშვო ბაღის მიმართულებით ფართოვდება.
უკვე გადაწყვეტილია, რომ ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო ხევის საბავშვო ბაღის შენობა დაინგრევა. სკოლის ბედი ჯერ ზუსტად არ არის გადაწყვეტილი, საჭიროა დამატებითი კვლევა. ჩქაროსნულ მაგისტრალზე ვიბრაცია და ხმაური იზრდება. დღევანდელი ინფორმაციით, სკოლის შენობა ისევ ძველ ადგილზე რჩება.
ჩქაროსნულ მაგისტრალს, სიკეთესთან ერთად, უარყოფითი მხარეებიც აქვს. ამჟამად ხევის გზაზე 11 გადასახვევია. ამდენს აღარ დატოვებენ და სადაც საგზაო კვანძები გაკეთდება, გადასახვევებიც იქ მოეწყობა. ერთ-ერთი კვანძი, საბავშვო ბაღის მიმდებარედ რომ მაღაზიებია, იქ გაკეთდება.
ჩვენი მოთხოვნა, რომ საგზაო კვანძები კიდევ რამდენიმე ადგილას მოეწყოს როგორც ცხოველების გადასარეკად, ისე ფეხით მოსიარულეებისთვის, რომ სოფელი ორად არ გაიყოს. ფეხით მოსიარულეებისთვის სამი მიწისქვეშა გადასასვლელი იქნება საჭირო. სოფელი ხევი საკმაოდ დიდია – პირველი მოსახლიდან ბოლო მოსახლემდე სამი კილომეტრია. ამიტომ ერთი გადასასვლელი საკმარისი არ არის. ეს ჩვენ დოკუმენტში ავსახეთ.
რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედებას, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისას ხევის ტერიტორიაზე 12 ათასი ძირი ხე მოიჭრება. საკომპენსაციო გეგმის მიხედვით, 12 ათასი ხის მაგივრად 36 ათასი ძირი ხე დაირგვება. მოიჭრება წითელ წიგნში შეტანილი ხეები – კაკალი და წაბლი. ამ შემთხვევაში ერთი ხის მაგივრად ათი ძირი ხე დაირგვება.
ჩუმათელეთი-ხევის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობისას დიდი რაოდენობით მიწის ნაყარი წარმოიქმნება – დაახლოებით 750 კმ. დიდხანს ვმსჯელობდით, თუ სად უნდა განთავსებულიყო ეს მასა. ბოლოს ვიპოვეთ ახალსოფელსა და ოსიაურს შორის ქვიშის კარიერები, რომელთაც შესავსებად 1 მლნ კბმ ნაყარი სჭირდება. მიწის ნაყარის ტრანსპორტირება ძვირი ჯდება. 30 კილომეტრის დაშორებით ამ მასის გასატანად 4 მილიონი ლარია საჭირო. მსოფლიო ბანკმა საავტომობილო გზების დეპარტამენტს კატეგორიულად მოსთხოვა, რომ მიწის ნაყარი სწორედ იმ ქვიშის კარიერებზე გაეტანათ.
განსახლების საკითხების კონსულტატი მედგარ ჭელიძე განმარტავს, რომ განსახლების გეგმის მიხედვით, ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დაწყებამდე ხევის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის უნდა შეიქმნას უკეთესი თუ არა, იგივე პირობები მაინც, რა პირობებშიც ამჟამად საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. მისივე ინფორმაციით, საბავშვო ბაღის შენობა გზის მშენებლობის არეალში ხვდება, საჯარო სკოლის შენობა – არა.
მედგარ ჭელიძე ამბობს, რომ ის მოქალაქეები, რომელთა საცხოვრებელი სახლები, მიწის ნაკვეთები თუ ბიზნესობიექტები განსახლების არეალში მოხვდება, საკომპენსაციო თანხით კმაყოფილი დარჩებიან.
ხევი-ჩუმათელეთის მონაკვეთის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობის გაზრდას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას და მგზავრობის დროის შემცირებას. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი