გასულ წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების მუნიციპალური პროგრამა ამოქმედდა. ამ პროგრამისა და ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის გზებსა და მეთოდებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნათია ბერაძე გვესაუბრება:
-ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების პროექტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც კი შეიძლება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის გაკეთდეს. დღეს ცხოველთა გენეტიკურ გადარჩევას არასწორად აკეთებს ფერმერი. ამიტომ წლების განმავლობაში ცხოველებში პროდუქტიულობამ იკლო.
თუ საქართველოში საშუალო წლიური წველადობა 1000-1200 ლიტრია, ხარაგაულში ეს მაჩვენებელი 900-1000 ლიტრამდეა. პირუტყვის წველადობა რეგიონალურ მაჩვენებლებს რომ შევადაროთ, თავის მხრივ საქართველოშიც კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელია. 4 000 ლიტრი და მეტია საშუალო წველადობა სომხეთში, უკრაინაში, რუსეთში. ამის მიზეზი ისაა, რომ წლების განმავლობაში, საქართველოში მეცხოველეობის კუთხით სანაშენე საქმიანობა არ მიმდინარეობდა.
პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება 55-დან 60 ლარამდე ჯდება. ხარაგაულში ფერმერი მხოლოდ 20 ლარს იხდის, დანარჩენი უფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
ეს არის სამომავლოდ ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამით ვერ მივიღებთ პროდუქტიულობის გაუმჯობესებას, – პირუტყვს ჭირდება სრულფასოვანი კვება, ჯანმრთელობის კუთხით ჩასატარებელი კომპლექსური ღონისძიებები – თუმცა პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს სწორედ ჯიშის გაუმჯობესებით.
ვფიქრობ, ამ პროგრამის განსახორციელებლად უმჯობესი იყო ახალი ააიპ-ის შექმნა, მაგრამ რადგან ეს მეტ ხარჯთან იყო დაკავშირებული, ამიტომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მიაკუთვნეს.
ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მაღალპროდუქტიული ჯიშის ფური შევიძინოთ და ამ გზით გავზარდოთ ჩვენი წარმოება მერძევეობის მიმართულებით. ამიტომ ერთადერთი სწორი და იაფი გზა ისაა, რომ ჩვენივე საკუთარ პირუტყვში დავნერგოთ ხელოვნური განაყოფიერება, მივიღოთ თაობები, რომელთა პროდუქტიულობა წინამორბედებზე გაცილებით მაღალი იქნება.
პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების ჩასატარებლად თბილისში გადამზადდა სპეციალისტი. გასული წლის სექტემბრიდან დღემდე 17 ფურია განაყოფიერებული.
უმნიშვნელოვანესია პირუტყვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამაზე ჩვენი ფერმერი მხოლოდ მაშინ ფიქრობს, როცა ცხოველს ავადობის კონკრეტულ ნიშნებს შეატყობს. ვეტერინალური მომსახურება და პრეპარატები მას პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე გაცილებით ძვირი უჯდება.
პირუტყვი ავადობის პერიოდში არაპროდუქტიულია, მიღებული მცირე პროდუქტის გამოყენებაც არ შეიძლება, რადგან გარკვეული პრეპარატები ხვდება რძეში და ის აღარ არის უვნებელი.
-ქალბატონო ნათია, როგორ უნდა მიხედოს პირუტყვის ჯანმრთელობას ფერმერმა?
-წლის დასაწყისში, კვალიფიციურ ვეტერინართან ერთად, ფერმერმა უნდა დაგეგმოს მთელი წლის განმავლობაში საკუთარ მეურნეობაში ჩასატარებელი პროფილაქტიკური ღონისძიებები. ჩვენთან ყველაზე მეტად გავრცელებულია ჰელმინთები ანუ პარაზიტები.
კლინიკურად პირუტყვი შეიძლება არ ამჟღავნებს დაავადების ნიშნებს, მაგრამ ფერმერმა ჰელმინთებზე აუცილებლად წელიწადში ორჯერ და ორჯერადად უნდა უმკურნალოს. არ არსებობს პირუტყვი ჰელმინთების გარეშე და ეს ისეთი ორგანიზმებია, რომლებიც ტოქსინებს გამოიმუშავებენ. ეს ტოქსინები ანგრევს მთლიანად ორგანიზმს, პირუტყვი ვერ იმატებს წონაში და ამავდროულად პროდუქტიულობას ამცირებს 20%-მდე.
ჩვენი პირუტყვი ჯიშობრივად დაკნინებულია, კვება არ არის შესაბამისი, დამატებით კიდევ გარკვეული დაავადება, რომელსაც 20%-მდე შეუძლია პროდუქტიულობის შემცირება – ეს არის ის, რასაც ჩვენ შედეგად ვიღებთ. ვიღებთ იმას, რომ ფერმერი თავისი შრომის საფასურს ვერ ანაზღაურებს. ფარავს მხოლოდ გარკვეულ ხარჯს, რომელიც ამ პირუტყვისთვის გასწია.
ხარაგაულში ბაზარზე გატანილი რძის პროდუქტი უმეტეს შემთხვევაში ხომ ჭარბი პროდუქცია არ არის. ფერმერი იკლებს საკუთარი მოხმარებისთვის და ყიდის, რომ მიღებული შემოსავლები მოახმაროს ოჯახის სხვა საჭიროებებს.
თუნდაც 3-4 ლიტრითაც რომ გაიზარდოს დღიურად პროდუქტიულობა, ეს არ არის დაბალი მაჩვენებელი. თუ ფერმერი შემდგომ თაობებშიც მიზნობრივად დანერგავს ხელოვნურ განაყოფიერებას, ეს ნიშნავს იმას, რომ საუკეთესო თვისებებს, რაც მის ფურს აქვს, შეინარჩუნებს და ამავდროულად გაზრდის სარძეო პროდუქტიულობას. ხარაგაული გეოგრაფიულად რთული რეგიონია და საძოვრების სიმცირეა. ჩვენს პირუტყვს ისეთ ადგილებში უხდება საკვების მოპოვება, სადაც ჯიშიანი პირუტყვი რომ გაუშვა, ვერ მოიპოვებს საკვებს.
-ჰელმინთების გარდა კიდევ რაზე უნდა უმკურნალონ მსხილფეხა რქოსან პირუტყვს ფერმერებმა?
-არა ერთი დაავადებაა, რომელთაც პირუტყვისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამ დაავადებებიდან ერთ-ერთია ბრუცელოზი. კარგია, რომ ხარაგაულში, ბოლო წლებში, ბრუცელოზი არ ფიქსირდება. სრულად ყველა მსხვილფეხა რქოსანი არ გამოკვლეულა, მაგრამ ლაბორატორიაში რაც გადაიგზავნა, ეს დაავადება არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.
გარკვეული დაავადებები, მათ შორის ბრუცელოზი, ჯილეხი, ცოფი, თურქული, რომლებიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ცხოველებს, არამედ ადამიანსაც. ამ დაავადებებზე ვაქცინაციას სურსათის ეროვნული სააგენტო სრულიად უსასყიდლოდ ატარებს. ერთადერთი, რაც ფერმერს რჩება ისაა, რომ ასეთ ღონისძიებებზე ინფორმაციის მიღების დროს გამოყვანოს პირუტყვი და აცრას.
ხარაგაულში მთის საძოვრებზე ყოველწლიურად გაჰყავთ საქონელი. ფერმერთა უმეტესობამ იცის, რომ საძოვარზე გაშვებამდე ემკარსა და ჰემორაგიულზე აუცილებლად უნდა დაამუშაონ პირუტყვი.
საყურადღებოა, რომ მაინც აქვს ადგილი ერთეულ შემთხვევებში პირუტყვის უკონტროლოდ გადაყვანას, რის გამოც შესაძლებელია სხვა მუნიციპალიტეტიდან, სადაც ფიქსირდება ბრუცელოზი, დაავადებული პირუტყვი მოხვდეს ხარაგაულში. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო.
ყველა ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ პირუტყვის აცრა მნიშვნელოვანია მათივე ჯანმრთელობისა და ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც მათ ოჯახში დამზადებულ პროდუქტს მოიხმარს. იმერული ყველის დამზადებისთვის ხომ რძის ადუღება არ ხდება. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს პირუტყვის ჯანმრთელობას.
გასულ წელს ძალიან ბევრ სოფელში ნოდულარულმა დერმატიტმა იჩინა თავი და მთელ მუნიციპალიტეტში სრულად აიცრა პირუტყვი. როცა კონკრეტული პრობლემის წინაშე დგებიან, აცრაზე მოთხოვნა მოსახლეობაში იზრდება. სასურველია, ამის შესახებ წინასწარ იცოდეს ფერმერმა და პროფილაქტიკურ აცრაზე უარი არ თქვას.
დაავადებას არ უნდა დაველოდოთ. პრობლემის წინაშე არ უნდა დავიყენოთ თავი. როდესაც სახელმწიფო საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს და ფერმერისთვის აცრა უფასოა, ეს იმას ნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია.
ხარაგაულში 13670 სული მსხვილფეხა რქოსანია და დაახლოებით 7161 არის ფური. თუ გავითვალისწინებთ მოზარდი დეკეულების რაოდენობასაც, მაშინ ახალი მუნიციპალური პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე 17 ფურის ხელოვნურად განაყოფიერება არ არის დიდი მაჩვენებელი. თუმცა, მიმაჩნია, რომ დასაწყის ეტაპზე მაინც კარგია.
ზოგჯერ ფერმერები შეცდომით ფიქრობენ, რომ ხელოვნური განაყოფიერება გენურ მოდიფიკაციასთან არის კავშირში, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ხელოვნური განაყოფიერების დროს გამოიყენება მაღალპროდუქტული ბუღა მწარმოებლის ბიოლოგიური მასალა. ძალიან კარგია ის, რომ ტექნიკოსის მიერ ჩატარებული განაყოფიერების შედეგად არ ყოფილა შემთხვევა, რომ მაკეობა არ დამდგარიყოს. ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – ტექნიკოსის პროფესიონალიზმზე. გარდა ამისა ჯიშიანი ბუღა მწარმოებლის მოძიება სოფლებში დღეს პრობლემაა. ის არის პროდუქტიულობის განმსაზღვრელი.
ხშირად ფერმერებს ერევათ და რატომღაც ფიქრობენ, რომ თუ ფური მაღალპროდუქტიულია, მისგან მიღებული საფურეც აუცილებლად მაღალპროდუქტიული იქნება. ეს ასე არ არის. ჭკვიანმა მეურნემ იცის, რომ სწორედ ბუღა მწარმოებელი უნდა აარჩიოს კარგი.
პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება ჩატარდა დაბა ხარაგაულში, ისლარსა და ბორითში.
ვეტერინარებმა ყველაზე მეტად იციან მისი მნიშვნელობა. ის ვეტექიმი, რომელიც დათანხმდა პირუტყვის ხელოვნურ განაყოფიერებას, სტაბილურ ხელფასს არ იღებს. ანაზღაურება ეძლევა თითოეული ჩატარებული განაყოფიერების მიხედვით. საკუთარი ავტომანქანით სარგებლობს. მუშაობს იმიტომ, რომ თვითონაც კარგად იცის ამ პროექტის მნიშვნელობა და დარწმუნებულია, რომ გავა რამდენიმე წელი და ეს სერვისი გახდება მოთხოვნადი.
ფერმერებს შეუძლიათ კონსულტაციისთვის მომმართოთ ტელეფონზე 599 85 26 01.
ესაუბრა
ლაურა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი