ხვალ, 24 იანვარს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე ევროკავშირის დაფინანსებული 12 მილიონიანი პროექტის შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და ხელშეწყობა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მესამე ეტაპის ფარგლებში განხორციელდება.

პროექტი ითვალისწინებს FAO-ს მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერას ეფექტური პოლიტიკის შემუშავებასა და „სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის (2015-2020)“ განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის საპილოტე სასოფლო-სამეურნეო პროგრამა, მათ შორის, განხორციელდება გრანტების გაცემა ფერმერების, კოოპერატივებისა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

პროექტის შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან ევროკავშირის დელეგაციის ატაშე ქრისთინა ქასელა და გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს.

პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge