„ჩემი იმერეთის“ რედაქციამ განაახლა რუბრიკა „სოფლის შენებას რა უნდა“. ამ რუბრიკაში პერიოდულად გაგაცნობთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის პრობლემებს, ხელისუფლების წარმომადგენელთაგან მათი გადაჭრის ხედვებსა და მცდელობებს.

ხარაგაულელთა შეფასებით, დ. ხარაგაული ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის ერთგვარი „სავიზიტო ბარათია“. ამიტომ ამ რუბრიკის განახლება სწორედ დაბა ხარაგაულის მოსახლეობის პრობლემებზე ყურადღების გამახვილებით გადავწყვიტეთ.

წყალმომარაგება, დასუფთავება და კეთილმოწყობა, – ეს საკითხები აწუხებთ ჩვენგან გამოკითხულ ხარაგაულელებს.

პატარა ხარაგაულში მცხოვრები ელვარდი გიორგიძე თავის უბანში ყველაზე დიდ პრობლემად გრიშაშვილის ქუჩიდან ახალ საავადმყოფომდე მისასვლელი გზის მოუწესრიგებლობას ასახელებს. ამ ქუჩაზე მცხოვრებთა მეორე პრობლემა გაუწმენდელი სანიაღვრე არხებია. ელვარდი გიორგიძე საკუთარი სახლის წინ და მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხებს თავად წმენდს. ის კმაყოფილია, რომ ქუჩაზე გარე განათება აქვთ და საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც დროულად გააქვთ.

რკინიგზის უბანში, ანზორ კიკნაძის ქუჩაზე მცხოვრები ვენერა კიკნაძე წუხს, რომ ხარაგაულში საკანალიზაციო სისტემა გაუმართავია. ამის გამო გარემო ბინძურდება. წყარო, რომლითაც უბანში ექვსი ოჯახი მარაგდება, გასასუფთავებელია. ანზორ კიკნაძის ქუჩის ჩიხებში გზები მოუწესრიგებელია, არ აქვთ გარე განათება და ნარჩენებისთვის – ურნა.

უგზოობაა ღომეეთის უბნის მოსახლეობისთვის ყველაზე მწვავე პრობლემა. მარინა კვირიკაშვილი ამბობს, რომ უბანში გზა ორი მხრიდან შედის, მაგრამ ორივე მხარეს სავალალო მდგომარეობაშია. გზაზე სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ ადის.

პირველ რიგში ეზოს მოწესრიგება სურს რ. დეკანოსიძის ქ. #3-ში, გიმნაზიის მიმდებარედ მრავალბინიან კორპუსში მცხოვრებ მაკა შველიძეს. ის ამბობს, რომ ეზოში ხეები გადასაბელია. სადარბაზოების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს – არ არის განათება. ფანჯრებში მინები თუ არ ჩაისმება, სქელი პარკები მაინც უნდა აიკრას, თორემ სადარბაზოში ხშირად ორპირი ქარია. შესაცვლელია კიბეები. კორპუსის მაცხოვრებლებს სურთ, რომ სადარბაზოებს შესასვლელი კარები დაუმონტაჟდეს.

მაკა შველიძე მიიჩნევს, რომ ახალი ეკლესიის ამოქმედების შემდეგ კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ხარაგაულში ერთ-ერთ ცენტრად იქცევა. ამიტომ შენობის ფასადი უნდა გალამაზდეს.

კოპიტნარის უბანში მწყობრიდან გამოსული ცენტრალური საავტომობილო გზა საფრთხეს უქმნის ავტომანქანების მძღოლებისა და ქვეითების უსაფრთხოებას. კოპიტნარში მცხოვრები თამარ ნებიერიძე ამბობს, რომ გზა ისეთ მძიმე მდგომაროებაშია, რომ მანქანები ერთმანეთს გვერდს ვერ უვლიან. მოსახლეობა სამი წელია, გზაზე ავტომანქანების სიჩქარის შემამცირებელი, ე. წ. „მწოლიარე პოლიციელის“ დამონტაჟებას ორ ადგილზე უშედეგოდ ითხოვს. კოპიტნარის უბანში მოსაწესრიგებელია საყრდენი კედელი და საკანალიზაციო სისტემა.

რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მანანა ტაბაშიძე ამბობს, რომ მის საცხოვრებელ სახლთან ჩიხში წვიმიან ამინდში გავლა შეუძლებელია. ისლარის მხრიდან რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მუდმივად მოედინება წყალი. უამინდობისას კი რამდენიმე ოჯახს ეზო და სახლი დაეტბორა. მანანა ტაბაშიძეს მოსწონს, რომ ხარაგაული სუფთავდება, მაგრამ უკმაყოფილოა იმით, რომ საყრდენი კედლის მშენებლობისას წარმოქმნილი სამშენებლო ნარჩენები რეზო თაბუკაშვილის ქუჩიდან დღემდე არ გააქვთ. საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გარდა, ის „ხარაგაულდასუფთავებისგან“ ამ ქუჩის დასუფთავებას ითხოვს.

9 აპრილის ქუჩის დასაწყისში მცხოვრებთა პრობლემა ბავშვებისთვის სათამაშო ადგილის არქონაა. ამ ქუჩის მცხოვრები ქეთევან ზუმბაძე თვლის, რომ ქუჩაზე უსაფრთხოება არ არის დაცული. ის 9 აპრილის ქუჩაზე ე. წ. „მწოლიარე პოლიციელის“ დამონტაჟებას, წლებია, ითხოვს. ქეთევან ზუმბაძე ამბობს, რომ 9 აპრილის ქუჩის ჩიხებში გზები სავალალო მდგომარეობაშია. მას მუნიციპალიტეტის მერიამ აცნობა, რომ ინდმეწარმე, რომელსაც ჩიხებში ბეტონი უნდა დაეგო, გაუჩინარდა. გზის დაუმთავრებელი სამშენებლო სამუშაოები კი მოსახლეობას გადაადგილებაში ხელს უშლის.

ქეთევან ზუმბაძე ერთ-ერთ პრობლემად მოუწესრიგებელ სკვერებს ასახელებს. ის ფიქრობს, რომ დაბა ხარაგაულის იერსახე მთელი მუნიციპალიტეტის მდგომაროებაზე მეტყველებს და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყოფილი სავაჭრო ცენტრის შენობის მოწესრიგებაზეც უნდა იზრუნოს. ქეთევან ზუმბაძის ინფორმაციით, დაბა ხარაგაულში სოციალურად დაუცველი ოჯახების შეშით უზრუნველყოფა დღემდე ვერ მოხერხდა.

სოლომონ მეფის ქუჩაზე მცხოვრები თემური ფცქიალაძე შეშფოთებულია, რომ ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შემდეგ დაბა ხარაგაულში გადაადგილება ადამიანთა სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო იქნება.

ის მიიჩნევს, რომ უნდა მოეწყოს დაბა ხარაგაულზე შემოვლითი საავტომობილო გზა – აგრარული ბაზრიდან ხანდებამდე – ეს საკითხი სასწრაფოდ გადასაწყვეტია, თუ უკვე დაგვიანებული არ არის. თემურ ფცქიალაძე ამბობს, რომ ამ პრობლემის წინაშე მარტოც რომ დარჩეს, მაინც იბრძოლებს.

ის დაბის ელექტროენერგიით მომარაგების ალტერნატიულ გზაზე საუბრობს და ამბობს, რომ დაბა ხარაგაულს დენის მომარაგების დამოუკიდებელი წყარო უნდა ჰქონდეს.

უსამართლობაა, რომ უხარისხო წყლის მიწოდებისთვის მოსახლეობას მაღალი ტარიფი დაუწესეს, ერთ ტონა წყალში – 42 თეთრი. თემურ ფცქიალაძე თვლის, რომ წყალმომარაგების სისტემა სამართავად ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა გადმოეცეს. თვითმმართველობის უფლებამოსილებას სცდება, მაგრამ ის აუცილებლად მიიჩნევს, რომ საკრებულო და მერია ყოფილი რაიკავშირის ქონების ბედით უნდა დაინტერესდეს.

დაბა ხარაგაულის მოსახლეობის პრობლემები კარგად იცის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა გოგოლაძემ. ის უმთავრეს პრობლემად ხარაგაულში კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემების გაუმართაობას ასახელებს.

პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ წყალმომარაგების საკითხებს, ბოლო თვეების განმავლობაში, სიღრმისეულად გაეცნო. მისთვის პრიორიტეტია, რომ მოსახლეობამ ხარისხიანი წყალი მიიღოს. ტარიფი კი, მისი თქმით, მოსახლეობას მძიმე ტვირთად არ დააწვება.

„ბიუჯეტში არის საშუალება, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას წყლის გადასახადი დავუფინანსოთ, – ამბობს პაატა გოგოლაძე, – ჩემი ოჯახი თითქმის იგივე თანხას ვიხდით მრიცხველით, რასაც სულადობის მიხედვით ვიხდიდით. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ წყლის ტარიფი ხარაგაულში განსაკუთრებულად დიდია.

პაატა გოგოლაძის ინფორმაციით, 2018 წელს დაბა ხარაგაულში მობეტონდება ყველა ქუჩა და ჩიხი. განსაკუთრებული ყურადღება კი სამუშაოების ხარისხს მიექცევა.

მან კარგად იცის, რომ რკინიგზის უბანში, ცხოვრებაძის სახლთან მისვლა არა მხოლოდ ავტომანქანით, არამედ ფეხითაც შეუძლებელია. იქ ხიდ-ბოგირია მოსაწესრიგებელი.

დაბა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ გარე განათების მოსაწესრიგებლად ბიუჯეტიდან საკმარისი თანხით ფინანსდება „ხარაგაულკეთილმოწყობა.“

რაც შეეხება მრავალბინიანი კორპუსების ეზოების, სადარბაზოებისა და ფასადების მოწესრიგებას, პაატა გოგოლაძის ინფორმაციით, ამ მიზნით 2018 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებულია, თუმცა კონკრეტულად რომელი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მრავალბიანიანი სახლების მოწესრიგებას, დაბა ხარაგაულის გარდა, დიდვაკისა და მოლითის მოსახლეობაც ითხოვს.

ე. წ. „მწოლიარე პოლიციელის“ გზებზე დამონტაჟებისთვის სიტყვიერი შეთანხმება ადგილობრივ ხელისუფლებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის განყოფილებას შორის გასულ წელს არსებობდა. პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ ამ პრობლემის მოგვარებით დაინტერესდება.

დ. ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, 2018 წელს დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებული ყველა სკვერი და პარკი კეთილმოეწყობა. რაც შეეხება კულტურისა და დასვენების პარკს, ის ინფორმირებულია, რომ მერია მუნიციპალური განვითარების ფონდთან ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ხარაგაულში ყველა უბანში მოსახლეობას უნდა შევხვდე, – ამბობს პაატა გოგოლაძე, – ეს პროცესი, ფაქტობრივად, უკვე დავიწყე. მოსახლეობისგან მიღებულ ინფორმაციებს დავაჯგუფებ და მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით მათ აღმოსაფხვრელად კონკრეტულ გეგმას დავსახავთ.

ძალიან მაღელვებს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის საკითხი დღემდე რომ ვერ მოგვარდა. ვიცი, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას ძალისხმევა არ დაუკლია. ამ მიზნით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობის დროს გაჩეხილი მერქანი ხარაგაულში, ყოფილი გამთიშველების ქარხნის ტერიტორიაზე, გროვდება. სამწუხაროდ, ამ დრომდე ეს მერქანი მუნიციპალიტეტს ვერ გადმოეცა.

მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შემდეგ ხარაგაულში მოძრაობა. დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილის მოძებნა ახლაც კი ძნელია. სამი სკოლა ქუჩის პირასაა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ავტომანქანებმა შემოვლითი გზით – აგრარული ბაზრიდან ხანდებამდე იმოძრაონ. ვფიქრობ, რომ მოსახლეობის ინტერესებს გაითვალისწინებენ. მუნიციპალიტეტის მერია მხარს მოსახლეობის პოზიციას უჭერს და ყველა შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს დაბა ხარაგაულის შემოვლითი გზის სარეაბილიტაციოდ,“ – ამბობს პაატა გოგოლაძე.

ნინო კაპანაძე