ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას დეპუტატმა მიხეილ ჭიპაშვილმა ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით მიმართა.
კომისიამ, დეპუტატის წერილის საფუძველზე, 2016 წლის პირველი ნოემბრიდან 2017 წლის 20 დეკემბრამდე ააიპ-ის სარგებლობაში არსებულ ავტომანქანებზე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები გამოითხოვა.
მიხეილ ჭიპაშვილმა დოკუმენტები შეისწავლა. ის მანქანებზე გაწეულ ხარჯს არაეფექტურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ააიპ-ის ხელმძღვანელის მხრიდან კერძო ფინანსური ინტერესები იკვეთება. დეპუტატი მიხეილ ჭიპაშვილი ამბობს, რომ „სპეცმანქანის შეკეთებაზე თერთმეტ თვეში 15 595 ლარია დახარჯული.
თანხები ერთ პირთან მოლაპარაკების გზითაა განკარგული, ტენდერის გამოცხადების ნაცვლად. ხელშეკრულებები არასწორადაა დადებული და არ ჩანს მომწოდებლის პასუხისმგებლობა. დეფექტური აქტები კი არაპროფესიონალების მიერაა შედგენილი. საწვავი მანქანაზე გამოწერილია იმ დროს, როცა ის გაფუჭებული იყო.“
„11 დეკემბერს მანქანის ძრავის შეკეთებაზე 6 040 ლარი დაიხარჯა და ერთ თვეში მწყობრიდან გამოვიდა, -ამბობს მიხეილ ჭიპაშვილი, – 20 იანვარს ტექნიკური მომსახურებისთვის 1000 ლარია გადახდილი. 6 თებერვალს კიდევ ახალი საჭიროებები გაჩნდა. ჩემი მიზანი ვინმეს ჩასაფრება არ არის.
ჩემი მიზანია გავარკვიო, რატომ დაიხარჯა 15 595 ლარი ავტომანქანაზე, რომელიც ისევ გაფუჭებულია. რატომ განიკარგებოდა საბიუჯეტო თანხები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ტენდერის გამოცხადების ნაცვლად.
მიხეილ ჭიპაშვილის მიერ ჩამოთვლილ დარღვევებზე საუბარია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დასკვნაში.
„გამოვლინდა ფინანსური, კანონშესაბამისობის მართვისა და შიდა კონტროლის რისკები,“ – ნათქვამია აუდიტორულ დასკვნაში.
„ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორის, დავით ლაცაბიძის ინფორმაციით, 2016 წლის სექტემბერში, როცა ის ორგანიზაციის დირექტორად დაინიშნა, ავტომანქანა ამორტიზებული დახვდა. ამის შესახებ მან გამგეობას აცნობა.
„ფორსმჟორში გვიხდებოდა მუშაობა, – ამბობს დავით ლაცაბიძე, – ახალი წელი მოდიოდა და მანქანა სასწრაფოდ უნდა შემეკეთებია. შესყიდვის შესაბამისი კოდი მაძლევდა საშუალებას, რომ თანხები გადამენაწილებია და ტენდერი არ გამომეცხადებია. მიმაჩნია, რომ დეფექტური აქტები კომპეტენტურმა სპეციალისტებმა შეადგინეს. გარანტიას კი არავინ გვაძლევდა, რამდენ ხანს იმუშავებდა ავტომანქანა.“
დეპუტატი ქეთევან ზუმბაძე ამბობს, რომ ძნელია, ერთ წელიწადში ააიპ-ის ხელმძღვანელი ხუთჯერ შეიცვალოს. ეს მისივე თქმით, არაჯანსაღ სამუშაო გარემოს ქმნის და თანამშრომლები მუდმივად დაძაბულები არიან.
„ვერავინ დამარწმუნებს, რომ დათო ლაცაბიძემ ან ფული გაფლანფა ან სახლში წაიღო, – ამბობს ქეთევან ზუმბაძე, – მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაცდომები არ აქვს. რეაგირება უნდა მოხდეს. გავაფრთხილოთ და არა დავემუქროთ. ჩემი თხოვნა და სურვილია, რომ ადამიანებს მივცეთ მშვიდად მუშაობის საშუალება.
ააიპ-ის ხელმძღვანელმა ზემდგომთან ანგარიშვალდებულება უნდა იგრძნოს. როდესაც მუნიციპალიტეტის მერი შენთვის ზიხარ და არავის არაფერზე პასუხს არ თხოვ, ასეთ შედეგს მივიღებთ. მოვთხოვოთ მეტი ხელმძღვანელებს, შევამოწმოთ და გავაკონტროლოთ.“
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის წინადადებით, საბიუჯეტო ორგანიზაციის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს აუდიტის რეკომენდაციების შესრულებას და საფინანსო დოკუმენტაციის სრულყოფას.
„ხარაგაულკეთილმოწყობაში“ ნაწილობრივ იკვეთება ფინანსების არაეფექტური ხარჯვის პრობლემა, რაც მომავალში აღარ უნდა არსებობდეს, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეფექტურად და კანონშესაბამისად დაიხარჯოს საბიუჯეტო სახსრები.“
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი