განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის, ინიციატივით, პედაგოგებთან შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მასწავლებლებს“ დაიწყო.
პირველი შეხვედრა 8 იანვარს მინისტრმა საქართველოს სკოლების იმ წარმატებულ პედაგოგებთან გამართა, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს გამორჩეულად აქტიურები იყვნენ, ზრუნავდნენ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და მოსწავლეებთან მუშაობაში ხელშესახებ შედეგებს მიაღწიეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მინისტრთან შეხვედრაზე ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ალექსანდრა ჭიპაშვილი და მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე იმყოფებოდნენ. შთაბეჭდილებების გასაზიარებლად ქალბატონ ალექსანდრა ჭიპაშვილს დავუკავშირდით.
-მინისტრთან შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებიდან 2-2 წარმომადგენელი მიგვიწვიეს, – გვიამბობს ალექსანდრა მასწავლებელი, – ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი თაობის ბედი მთლიანად მასწავლებლებისა და სკოლის ხელშია. ის დაგვპირდა, რომ მაქსიმუმს გააკეთებს ყველა საფეხურის მასწავლებლების ხელფასების მოსამატებლად, რადგან მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებასთან ერთად ანაზღაურებაც უნდა გაიზარდოს.
ალექსანდრე ჩხენკელი გვესაუბრა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში დაგეგმილ სიახლეებზე. ტრენინგები მხოლოდ ზაფხულზე ჩატარდება. აღინიშნა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ბიუროკრატიული ელემენტებისაგან უნდა განთავისუფლდეს.
მინისტრის ინიციატივით სკოლებში პროექტი „ევრიკა“ დაინერგება. პროექტის ფარგლებში გამოცდილი პედაგოგები და უნივერსიტეტის ლექტორები სპეციალურ პროგრამებს მოამზადებენ. ონლაინრეჟიმში მასწავლებლებთან ერთად დასხდებიან მოსწავლეები და „სახალისო მათემატიკის,“ „სახალისო ფიზიკისა“ და „სახალისო ქიმიის“ ამოცანებზე იმუშავებენ. ცნობილი პედაგოგები და პროფესორები გვეტყვიან, რატომ აირჩიეს კონკრეტული სპეციალობა და წარმატებას როგორ მიაღწიეს.
განათლების მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება სკოლაში ბულინგის თემაზე გაამახვილა. მინისტრი მიიჩნევს, რომ თუ სკოლებში ეს პრობლემა არ გადაიჭრა, სწავლება-სწავლის გაუმჯობესებაზე საუბარი ზედმეტია.
ძალისმიერი მეთოდებით ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია. მის დასაძლევად მასწავლებლის, მშობლისა და თავად ბავშვის აზრი უნდა გავითვალისწინოთ. მინისტრმა მოგვიწოდა, რომ ბულინგის დასაძლევად ახალგაზრდებს მოვუსმინოთ. სამინისტროს უპირველესი ამოცანა უსაფრთხო სკოლაა.
„გონება არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა ავავსოთ, არამედ არის ცეცხლი, რომელიც უნდა ავანთოთ.“ ბავშვებს უნდა გავუძლიეროთ სწავლის სურვილი. როგორ, – ეს ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ. სხვა გამოსავალი არ არის.
მინისტრს შეკითხვები, ძირითადად, cat-ისა და ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დავუსვით. რატომ ცდება სასკოლო და ეროვნული გამოცდების პროგრამები ერთმანეთს, რატომ სჭირდება მოსწავლეს დამატებით მომზადება? იმიტომ, რომ პროგრამული ცოდნა, რასაც ბავშვებს სკოლაში ვაძლევთ, ვერ უზრუნველყოფს cat-ისა და ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სქემა მოსწავლეზე ორიენტირებული არ არის. ამ მოსაზრებას შეხვედრაზე მყოფი მასწავლებლების 80% დაეთანხმა. მეც ასე ვფიქრობ. რატომ არ უნდა მოხდეს მასწავლებლის შეფასება სემესტრულად, რატომ უნდა ელოდოს ექვსი თვე, როდის უღიარდება მას წამყვანი ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი? ეს ხომ მასწავლებლის გაჩერებას იწვევს. ის აღარ ცდილობს კრედიტების მოგროვებას იმიტომ, რომ ის კრედიტები, შეეცვლება თუ არა სტატუსი, მისთვის დაკარგულია.
ამიტომ თუ რაიმე კარგი იდეა აქვს მასწავლებელს, ინახავს სტატუსის აღიარებამდე და იმ დღიდან დაიწყებს ახალი კრედიტების მოგროვებას, რაც აუცილებლად სჭირდება მიღწეული სტატუსის შესანარჩუნებლად. სქემის თაობაზე ბევრი ვიმსჯელეთ. მინისტრმა გვითხრა, – სქემა არის შუქურა, რომელიც დასახვეწია.
განათლების მინისტრმა ყურადღება ინკლუზიურ განათლებაზე გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ ყველა სკოლაში უნდა იყოს ფსიქოლოგი.
ალექსანდრა ჭიპაშვილი წამყვანი მასწავლებლის სტატუსს უახლოეს ხანში ოფიციალურად მიიღებს. მან ოთხივე გაკვეთილი – ორი სტანდარტული და ორი სამოდელო – უმაღლეს დონეზე ჩაატარა.
ალექსანდრა მასწავლებელი ამბობს, რომ თითოეული გაკვეთილი მოსწავლეზე ორიენტირებული, სწავლის შეძენის, აზროვნებისა და ძიების უნდა იყოს.
„მინისტრთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მასწავლებელმა შედეგი უნდა აჩვენოს, თუ რა ასწავლა მოსწავლეს, – ამბობს ქალბატონი ალექსანდრა, – ამავე შეხვედრაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის ორი საუკეთესო მასწავლებლიდან ერთ-ერთი ჩემი ნამოწაფარი, დღეს სურამის #2 საჯარო სკოლის მათემატიკის სერტიფიცირებული მასწავლებელი ნატო გოგოლაძე იმყოფებოდა.
ასევე ძალიან მეამაყება ჩვენი სკოლის შარშანდელი კურსდამთავრებული, დღეს ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი ალექსანდრე ციცქიშვილი, რომელმაც შარშან მათემატიკაში cat-ის გამოცდაზე 9,57 ქულა აიღო. მასწავლებლის შრომა დაუყოვნებლივ არ ჩანს, ეს თანდათან გამოჩნდება.
ჩვენი მოსწავლეების წარმატება, ათეული წლების მანძილზე, მთლიანად ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პედკოლექტივისა და დირექტორის, ლენა აბაშიძის, დამსახურებაა.
ლაურა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი