მას შემდეგ, რაც ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს, რესურსცენტრის უფროსის მოვალეობას თინათინ ბოჭორიშვილი ასრულებს.
თინათინ ბოჭორიშვილი 1981 წლის 20 იანვარს ხარაგაულში დაიბადა. ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 2003 წლიდან ბაზალეთის საჯარო სკოლასა და საბიბლიოთეკო სისტემაში მუშაობდა. არის სერტიფიცირებული მასწავლებელი ქართულ ენასა და ლიტარატურაში როგორც დაწყებით, ასევე საშუალო საფეხურზე.
2013 წლიდან ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პედაგოგია. ამჟამად, განათლების მინისტრის ბრძანებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობას ასრულებს.
ჩვენს შეკითხვაზე, აპირებს თუ არა რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში ჩაბმას, თინათინ ბოჭორიშვილმა გვიპასუხა, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და ხარაგაულის საგანმანათლებლო სფეროში არსებულ მდგომარეობაზე სასაუბროდ ქალბატონ თინათინს რესურსცენტრში ვესტუმრეთ.
-ქალბატონო თინათინ, რა არის დღევანდელი განათლების სისტემის ყველაზე აქტუალური გამოწვევა?
-დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პედაგოგთა სერტიფიცირებაა, რაც ბუნებრივია, აისახება მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ მიღწევებში. სქემაში ჩართულმა სერთიფიცირებულმა მასწავლებლებმა სტატუსის შესანარჩუნებლად გარკვეული კრედიტქულები უნდა დააგროვონ და უფროსი მასწავლებლის წოდება მიიღონ. თუ სქემაში შემდეგ საფეხურზე გადასვლა სურთ, შესაბამისი აქტივობები უნდა განახორციელონ.
დღევანდელი სკოლის ერთ-ერთი პრობლემა ახალგაზრდა მასწავლებლების დეფიციტია. იმას კი არ ვამბობ, რომ ხანდაზმული მასწავლებლები შესაბამისად კვალიფიცირებულები არ არიან, პედაგოგის პროფესია ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი უნდა გახდეს. ისინი ხომ პროფესიას პრესტიჟულობისა და ანაზღაურების მიხედვით ირჩევენ. თუმცა, ჩვენს პროფესიაში უმთავრესია მოსწავლეების სიყვარული.
მასწავლებლად რომ შედგე, მომავალი თაობა და პედაგოგობა აუცილებლად უნდა გიყვარდეს. მასწავლებლისთვის ენთუზიაზმიც საჭიროა. იყო წლები, როდესაც პედაგოგები ძალიან მცირე ხელფასზე, სწორედ იმ სიყვარულის გამო ემსახურებოდნენ ამ პროფესიას, რომელიც მომავალი თაობის მიმართ ჰქონდათ და დღემდე აქვთ.
-სასწავლო გეგმებთან დაკავშირებით რას ამბობენ ჩვენი მასწავლებლები?
-პირველი-მეექვსე კლასების სასწავლო გეგმა იცვლება. შესაბამისად, მომავალი წლიდან შეიცვლება სახელმძღვანელოები. მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ სასწავლო გეგმებთან დაკავშირებით შენიშვნები გამოხატონ. ამჟამად სკოლებში გაგზავნილია ინფორმაცია და ველოდები მასწავლებელთა მოსაზრებებს, სამინისტროში მისაწოდებლად. ჩვენი სამინისტრო იკვლევს პედაგოგების აზრს, მათი გათვალისწინების მიზნით.
-რამდენად არის დაცული უსაფრთხოება ჩვენს სკოლებში?
-ხარაგაულის საჯარო სკოლებში არც ფსიქოლოგია და არც მანდატური. ქალაქის მრავალრიცხოვან სკოლებში ამ მხრივ სხვა მდგომარეობაა, – მანდატურიც და ფსიქოლოგიც ემსახურებათ. უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ყველა საჯარო სკოლაში ჩავატარეთ საუბრები ძალადობის საწინააღმდეგ. გარდა ამისა, სამინისტროს ინიციატივით გამოვკითხეთ თავად ბავშვები, – როგორ თვლიან, რა არის ძალადობის გამომწვევი მიზეზები და რა გზით შეიძლება აღმოიფხვრას იგი.
ზოგიერთი ბავშვი თვლის, რომ ძალადობა ოჯახიდან მოდის. ზოგს მიაჩნია, რომ სკოლაში ხდება მისი პროვოცირება. თუმცა აღნიშნავენ, რომ ძალადობის ფაქტი უეცრად არ ხდება და მას გარკვეული წინაპირობები უძღვის. ბავშვები, შესაძლოა, მასწავლებლებთან, მშობლებთან, ვერც მეგობართან სათანადოდ ვერ არიან გახსნილები. ფსიქოლოგი კი ფლობს მეთოდებს, რომელიც უბიძგებს ბავშვებს, რომ ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე. მოსწავლეებს ნამდვილად სჭირდებათ ფსიქოლოგი ყველა სკოლაში.
-ხარაგაულის #2, #3 და ხევის საჯარო სკოლებში ექიმის კაბინეტი ფუნქციონირებს. ბორითის სკოლაში მზადაა ექიმის კაბინეტი, თუმცა ჯერჯერობით ექიმი არ ჰყავთ.
-რამდენჯერაც გამოცხადდა კონკურსი, იმდენჯერ ჩაიშალა, რადგან არავინ გამოთქვა ბორითის სკოლაში ექიმად მუშაობის სურვილი. ამიტომ დღემდე ვერ ფუნქციონირებს ამ სკოლაში ექიმის კაბინეტი.
-თუ შეიძლება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესახებ განგვიმარტეთ.
-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ითვალისწინებს პედაგოგთა რანჟირებას ოთხ კატეგორიად – პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებელი. პრაქტიკოსი მასწავლებელი ის პედაგოგია, რომელიც სერთიფიცირებული არ არის, მაგრამ შესაბამისი კრედიტქულების დაგროვებით გახდება სერტიფიცირებული.
უფროსი მასწავლებელი სერტიფიცირებული პედაგოგია და ამ სტატუსის შესანარჩუნებლად გარკვეული რაოდენობის კრედიტქულების დაგროვება მოეთხოვება. თუ უფროს მასწავლებელს სქემაში წინ წასვლა სურს, ამისთვის შესაბამისი კრედიტქულები უნდა დააგროვოს, გარე დაკვირვება გაიაროს და შემდეგ საფეხურზე გადაინაცვლებს, – წამყვანი მასწავლებლის სტატუსს მიიღებს.
გარე დაკვირვებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ატარებს. გარე დაკვირვება უკვე გაიარეს ვერტყვიჭალის, კიცხისა და ბაზალეთის საჯარო სკოლების მასწავლებლებმა ალექსანდრა ჭიპაშვილმა, ეკატერინე მელქაძემ და ნინო გურეშიძემ.
დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლასა და ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიაში 2 177 მოსწავლეს 584 მასწავლებელი ასწავლის. მათგან 143 უფროსი მასწავლებელია, ორი – წამყვანი მასწავლებელი.
პედაგოგთა ანაზღაურება სქემაში მათი სტატუსის ამაღლების მიხედვით იზრდება. ამიტომ, ბუნებრივია, მასწავლებელს სქემაში კარიერული წინსვლის მოტივაცია უძლიერდება. გართულებულია სკოლებში ახალი კადრების შესვლის წესები. მასწავლებლობის მსურველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საგნის გამოცდა ჩაბარებული ან სამოცკრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა განვლილი. თუ ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და სხვა კადრი არ არის, შესაძლოა, სამინისტრომ, გამონაკლისის სახით, დაუშვას, ახალი კადრის სკოლაში დანიშვნა.
-წლებია, ხარაგაულში პროფესიული სასწავლებლის შექმნაზეა საუბარი. ახლა რა ეტაპზეა ამ იდეის განხორციელება, როგორია თქვენი ხედვა ამ მიმართულებით?
-ეს საკითხი მინისტრთან უნდა შეთანხმდეს. ხარაგაულში პროფესიული სასწავლებლის შექმნა ძალიან კარგი იქნება, რადგან არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელება არ სურთ. თუმცა იმის გამო, რომ ხარაგაულიდან ვერსად მიდიან, კვლავ სკოლაში რჩებიან. სკოლაში კი ეს ბავშვები დიდი წარმატებით ვერ გამოირჩევიან. მათთვის კარგი იქნება აქვე ახლოს პროფესიული სასწავლებელი, – ხელობის დაუფლების შესაძლებლობა რომ მიეცეთ.
-რა მდგომარეობაშია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების ინფრასტრუქტურა?
-შესაძლოა, ზოგიერთ სკოლაში კოსმეტიკური რემონტი იყოს საჭირო, მაგრამ სახურავიდან რომ წყალი ჩამოდიოდეს, ასეთი პრობლემა აღარსად გვაქვს. სადაც იჩენს ინფრასტრუქტურული პრობლემები თავს, განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს ვაწვდით ინფორმაციას, სპეციალისტები ჩამოდიან, სააგენტოს წარმომადგენლები ამოწმებენ და შესაბამის ზომებს იღებენ.
კიცხის სკოლას ახალი შენობა სჭირდება. ჯერჯერობით, არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენად მოხვდება კიცხის ახალი სკოლის მშენებლობა 2018 წელს სარეაბილიტაციო და ასაშენებელი სკოლების ნუსხაში, რომელიც ამჟამად დგება.
ხიდარში დაწყებითი კლასებისათვის ახალი კორპუსი შენდება იმავე ადგილას, სადაც დღეს დაწყებითი სკოლა ფუნციონირებს. ახალი შენობის აგებამდე დაწყებითი კლასების 17 მოსწავლე ძირითად სკოლაში ისწავლის. მათთვის ხიდრის სკოლის დირექტორმა სასკოლო ავტობუსის დამატებითი მარშრუტი მოითხოვა. სულ ამჟამად სკოლების დირექციებისგან 106 მარშრუტია მოთხოვნილი. ველოდებით ახალი ტენდერის გამოცხადებას. სასკოლო ავტობუსი ყველა სკოლას ემსახურება. ყოველი ახალი სემესტრის დასაწყისში მიმართულებები იცვლება საჭიროებიდან გამომდინარე.
ხარაგაულის განათლების სფეროს მნიშვნელოვანი პრობლემაა მცირეკონტინგენიანი სკოლები. მათგან სარგვეშის, უბისისა და წყალაფორეთის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა იმდენად მცირე რაოდენობაა, რომ შემცირებულია ფინანსური კლასები.
ამჟამად სარგვეშში არ ფუნქციონირებს პირველი და მესამე, უბისაში – მეხუთე და მეცხრე, ხოლო წყალაფორეთში – მესამე, მეხუთე და მეთორმეტე კლასები. ეს, ბუნებრივია, ამ სკოლებში მომუშავე პედაგოგთა საათების რაოდენობასა და, შესაბამისად, ანაზღაურებაზეც აისახება.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი 15 იანვრამდე სკოლებისგან სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციისთვის მოსწავლეთა ნამუშევრებს ელოდება. ნაშრომებს რესურსცენტრი თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლეში კონფერენციის დასკვნით ტურში მონაწილეობისთვის გადააგზავნის.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს სწავლა-სწავლების რთულ და საინტერესო პროცესში.
ლაურა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი