სამეცნიერო კვლევებით დადასტურდა, რომ მეღვინეობა მთელ მსოფლიოში საქართველოდან გავრცელდა.

მსოფლიო მნიშვნელობის ამ ფაქტის ძიებაში უდიდესი წვლილი ჩვენს თანამემამულეს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მეცნიერს, საქართველოს მევენახეობის დარგის პროფესორს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორს – დავით მაღრაძემიუძღვის.

ბატონი დავითი „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის“ სახელმწიფო სამეცნიერო პროექტის კოორდინატორია.

„საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, ამის შესახებ უცხოელი მეცნიერები მეცხრამეტე საუკუნეშიც წერდნენ, – გვიამბობს დავით მაღრაძე, – ეს მოსაზრება არსებული აგრონომიული, ისტორიული და არქეოლოგური მასალით დადასტურდა. ფაქტი, რომ საქართველოში მეღვინეობას 8 000 წლის წინ მისდევდნენ, გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.

„ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის“ სახელმწიფო სამეცნიერო პროექტის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვიტა, რომ სამეცნიერო მუშაობა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კუთხითაც გაგვეაქტიურებინა. პროექტში უცხო ქვეყნების წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებები ჩავრთეთ, რომლებიც მევენახეობა-მეღვინეობის დარგის კვლევით იყვნენ დაინტერესებულნი.

პროექტი მრავალდისციპლინალურია, რადგან მასალებს არქეოლოგები, არქეობოტანიკოსები, მოლეკულური გენეტიკის სპეციალისტები, ეთნოგრაფები და ისტორიკოსები იკვლევდნენ. საერთაშორისო წრე შეიქმნა, – ქართველ მეცნიერებთან ერთად სამეცნიერო კვლევებში პელსილვანიისა და დანიის უნივერსიტეტები, საფრანგეთის აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტი, იტალიიდან მილანის, ისრაელიდან ვეისმანის, კანადიდან ტორონტოს უნივერსიტეტები ჩაერთვნენ. მათ საერთო თემა – ქართული ვაზი და ღვინო აერთიანებდათ. არქელოგიური კვლევების შემდეგ მასალები პელსილვანიისა და ნასას ლაბორატორიებში შემოწმდა.

პენსილვანიის უნივერსიტეტის ბიომოლეკულარული კვლევების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე „გადაჭრილი გორისა“ და „შულავერის გორის“ თიხის ჭურჭლის კედლებზე ღვინისათვის დამახასიათებელი ორგანული მჟავების (ღვინის მჟავა, ვაშლმჟავა, ქარვამჟავა და ლიმონმჟავა) არსებობა დადასტურდა. ეროვნული მუზეუმის მეცნიერების მიერ მუზეუმში ჩატარებულმა პალეობოტანიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ამ რეგიონში ვაზის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული.

მილანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ძვ.წ. VI ათასწლეულის კლიმატი აღადგინეს და დაადასტურეს, რომ ქვემო ქართლში 8 000 წლის წინ ვაზის კულტივირებისთვის შესაბამისი პირობები არსებობდა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია საქართველოსთვის. ერთია, როდესაც ქართველები ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყანაში მეღვინეობის ისტორიის სიძველეზე და მეორეა, როცა ეს უცხოელმა რეიტინგულმა უნივერსიტეტებმა დაადასტურეს.

პირადად მე მილანის უნივერსიტეტთან 2003 წლიდან ვთანამშრომლობ. ერთად ვიკვლევთ ვაზის ქართულ ჯიშებს. საქართველო ვაზის მრავალფეროვანი ჯიშებით გამორჩეულია. ეს ევროპელებისთვის ძალიან საინტერესოა. ურთიერთთანამშრომლობით გამოვეცით წიგნები, ვატარებთ ერთობლივ კონფერენციებს.

-ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, ხარაგაულში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომელი პროგრამების განხორცილება იქნება მომგებიანი?

-რთული შეკითხვაა. ამ საკითხს კომპლექსური მიდგომა და ანალიზი სჭირდება. სამწუხაროდ, მეღვინეობის წილი ხარაგაულის სოფლის მეურნეობის განვითარებაში ძალიან შემცირდა. მეღვინეობა და მევენახეობა ყველგან სიმდიდრეს ქმნის. შარშან ბრაზილიაში ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესზე ვიმყოფებოდი. ეს ქვეყანა მაღალგანვითარებული არ არის, მაგრამ რიუ-გრანდი-დუ სული, სადაც მეღვინეობას მისდევენ, ბევრად უსწრებს წინ ბრაზილიის დანარჩენ მხარეებს.

ხარაგაულს მეღვინეობის დარგში დიდი ტრადიციები აქვს. ლაშესა და ბაზალეთში საშამპანურე ყურძენი მოდის, ლეღვანში – საკონიაკე. ხარაგაულში შეიძლება მეცხოველეობის განვითარება. გამორჩეული და ძალიან საინტერესო ბუნებრივი რესურსები გვაქვს სოფლის მეურნეობის და აგროტურიზმის განვითარებისთვის. ჩხერის ციხე რომ ავიღოთ, იქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მარშრუტის დაგეგმვა შეიძლება. ქვეყნის სიმდიდრე ასე სათითაოდ იკრიბება.

ღვინის სექტორს როცა გაუჭირდა, 2006 წელს რომ რუსეთმა ემბარგო დაგვიწესა, საერთაშორისო არენაზე ღვინის პოპულარიზაციაში ტურიზმის კომპონენტი ჩაერთო. აგროტურიზმი ევროპაში ძალიან პოპულარულია. შეიძლება ამ მიმართლებით ვიფიქროთ. ესპანეთში, ხერესის ღვინის მარანში, სპეციალურად ტურისტებისთვის ელექტრომატარებელი დადის. სწორად თუ დაიგეგმება და განხორციელდება პრიორიტეტები, ხარაგაულს არ უნდა გაუჭირდეს. ორი დიდი მაგისტრალი გადის ხარაგაულზე – სატრანსპორტო და სარკინიგზო, ბორჯომ-ხარაგაულის უნიკალური ეროვნული პარკი გვაქვს. ხარაგაულელთა სტუმართმოყვარეობითა და ბუნებით ყველა მოხიბლულია. უფრო კომპლექსური მიდგომა და პროგრამაა საჭირო, ყველაფერს შრომა სჭირდება.

-ბატონო დავით, თქვენ „ჩემი იმერეთის“ საახალწლო სტუმარი ბრძანდებით. რას უსურვებთ ხარაგაულსა და ხარაგაულელებს?

-ხარაგაულში დავიბადე და გავიზარდე. მშობლებმა – ნოე მაღრაძემ და ნელი შარიქაძემ – სამი შვილი აღგვზარდეს. ჩემი ფესვები ხარაგაულშია. #1 საშუალო სკოლა დავამთავრე. ხარაგაულში გატარებულ წლებს, ბავშვობის გახსენებას ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო და დადებითი ემოციები მოაქვს. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ ხშირად ვეღარ ჩამოვდივარ. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ადამიანი მშობლიურ სახლს არ ტოვებ. ვისურვებდი, რომ სადაც დავიბადე და გავიზარდე, იქ ვიცხოვრო. ამასწინათ სრულიად უცხო ადამიანს ტელეფონით ვესაუბრებოდი. რომ გაიგო, ხარაგაულელი ვიყავი, მითხრა, ყველა ხარაგაულელი კარგები არიანო. ასეთი შეფასება ბევრისგან მსმენია. ხარაგაული საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა, გეოგრაფიულად ჩვენი ქვეყნის ცენტრია. ყველა ხარაგაულელს ბედნიერ ახალ წელს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. პირმცინარენი და გახარებულები ყოფილიყავით მუდამ. ჩემთვის ხარაგაული ყველაზე ღირებულია.

ნინო კაპანაძე