გამომცემლობა „ჩემი იმერეთი“ ახალ რუბრიკას გთავაზობთ. რუბრიკაში – „ხარაგაულელი უხუცესის მოგონებები“ ყველა თქვენგანისთვის ცნობილი ხარაგაულელები ძველი ხარაგაულის ამბებს გაიხსენებენ და მოგვიყვებიან.
ეს ისტორიები შეიძლება ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობი აღმოჩნდეს, ბევრმა კი, შესაძლოა, ახლა შეიტყოს.
რუბრიკის პირველი სტუმარი ხარაგაულის საპატიო მოქალაქე გიორგი (ჟორა) ბლუაშვილია. ის წლების მანძილზე ხარაგაულის კინოფიკაციას ედგა სათავეში. სწორედ ამიტომ მას ხარაგაულში კინოს ისტორიის გახსენება ვთხოვეთ.
„ხარაგაულში კინოჩვენება პირველად რკინიგზის კლუბში 1928 წელს გაიმართა. ფილმი, რა თქმა უნდა, „მუნჯი“ იყო. შემდეგ მოიფიქრეს და კლუბში პიანინო დადგეს. ფილმს მუსიკის ფონზე აჩვენებდნენ.
ელექტროენერგია თუ გაითიშებოდა, აპარატურა ვეღარ მუშაობდა. ამიტომ ხელის პატარა გენერატორი შეიძინეს; ფილმის ჩვენებისას ძელსკამზე დადებდნენ, აქეთ-იქით ბიჭები მიუსხდებოდნენ და ხელით ატრიალებდნენ. ეს იყო ძალიან პრიმიტიული კინომოწყობილობა.
ფილმის ჩვენება რკინიგზის კლუბის დარბაზში იმართებოდა, შემდეგ ფანჯარა გამოჭრეს, ეზოში „სკამეიკები“ დადგეს და ფილმს ღია ცის ქვეშ გვაჩვენებდნენ.
ისლარის დასაწყისში ცხოვრობდა მაღლაფერიძე, რომელმაც, არ ვიცი საიდან, ურმით მოიტანა კინოს აპარატურა და საჭაპანო კინო ჩვენებებს მართავდა სხვადასხვა სოფლებში.
ახლანდელი სასტუმროს ადგილას ადრე კულტურის სახლი იყო, პირველი ხმოვანი კინოს დანადგარიც იქ მოიტანეს. კინოფიკაციას მაშინ ხარაგაულში ზესტაფონელი ჩაფიძე ხელმძღვანელობდა.
ხარაგაულელი მოსამართლე ილია მეტრეველი ყველა კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლის დროს, აღნიშნავდა, რომ ხარაგაულში კინოთეატრის შენობა გვჭირდებოდა. რკინიგზის სადგურის ხიდის მიმდებარედ თაღებიანი შენობის მეორე ნახევარი (დერეფნის ქვედა მხარე) კინოს დაუთმეს. სწორედ აქ მივედი 1952 წელს და ხარაგაულის კინოფიკაციის დირექტორად დავინიშნე (ჩემმა წინამორბედებმა ცუდი საქმე გააკეთეს და დაიჭირეს). კინომექანიკოსი მაშინ კუკური შერგელაშვილი იყო.
ნელ-ნელა ხარაგაულში კინო გაძლიერდა, უკვე ელექტოენერგიაც იყო და კინოდანადგარები ხარაგაულის რაიონის 20 სოფელში გავმართეთ, – კიცხში, თეთრაწყაროში, ლაშეში, საღანძილეში, ფარცხნალში, ღორეშაში, ნადაბურში, ხევში, ხუნევში, ვერტყვიჭალაში, უბისაში, წიფაში, ზვარეში, ნუნისში, ნებოძირში, ვახანში და სხვ. ამ მხრივ რესპუბლიკაში მოწინავეები ვიყავით.
ჩემი კოლეგები სხვა რაიონებიდან მეუბნებოდნენ: „გაფართოებას თავი დაანებე და ფული ჯიბეში ჩაიდევიო, ეს ვოლგა, ეს სახლი მაგ ფულით ვიყიდეთო“, მე მაგას ვერ ვიზამდი. საქართველოში კინოფიკაციის დარგში მხოლოდ ერთი ორდენი გაიცა და ისიც მე ავიღე.
1958 წელს აშენდა ხარაგაულის კინოთეატრი და იქ გადმოვედით. ძალიან კარგი მოწყობილი იყო და ჩვენც აქტიურად ვმუშაობდით. ხარაგაულის თითოეული სკოლისთვის კინოში ერთი დღე გვქონდა გამოყოფილი. კინო ჩვენებების ბილეთებს წინასწარ ვყიდდით სკოლებში. ბილეთი ძალიან იაფი – 10 კაპიკი ღირდა, სოფლებში – 5 კაპიკი.
შემდეგ შემოვიდა ფართოფორმატიანი კინო ფირი, რომელსაც სპეციალური ობიექტივები ჭირდებოდა. ვერსად ვიშოვე ობიექტივი, – სად არ ვიყავი ჭიათურაში, ზესტაფონში, სამტრედიაში… მითხრეს, რომ ობიექტივის შეძენა ვანში შეიძლებოდა. ვანში ჩემი მეგობარი შოთა ჯოგლიძე ცხოვრობდა. მე და იაშა ჭიპაშვილი წავედით. იქაურმა კინომექანიკოსმა არაფრით არ მომცა ობიექტივი. შოთა ჯოგლიძეს დავურეკე და ჩემი ამბავი ვუამბე. შოთამ კარგი სუფრა გაშალა, კინომექანიკოსი, კოლმეურნეობის თავმჯდომარე და კინოფიკაციის დირექტორიც აქეიფა და ობიექტივები თვითონ კოლმეურნეობის იქაურმა თავმჯდომარემ ჩამომიტანა ხარაგაულში.
იმ დროს, როგორც ყველგან, კინოფიკაციაშიც არსებობდა შესრულების გეგმა. გეგმის მიხედვით წინასწარ იყო გათვლილი, რამდენი სეანსი უნდა გამართულიყო, რამდენი მაყურებელი, რამდენი საბავშვო ფილმი, რამდენი ჩვენება სოფლებში, ყველაფერს თავისი გეგმა ჰქონდა და ჩვენც ამ გეგმას გადაჭარბებით ვასრულებდით. ეს ჩვენთვის მოგება იყო.
კინომექანიკოსები ფულს იპარავდნენ ხოლმე, დავიბარე ყველა და ავუხსენი, რომ თუ გეგმას გადააჭარბებდნენ, დამატებით ანაზღაურებას მიიღებდნენ, ამიტომ თავი დაანებეს თანხის მითვისებას.
ხარაგაულის კინოფიკაციას 1952 წლიდან 1995 წლამდე ვხელმძღვანელობდი. მოადგილე იყო ტორაძე, მდივანი ბექტურაშვილი, კინომექანიკოსები კუკური შერგელაშვილ, რობიზონ (კუწუ) ლომსაძე. სოფლებშიც გვყავდა კინომექანიკოსები და მათი თანაშემწეები, ოთხი ავტომობილი გვემსახურებოდა.
ფილმებს ერთხანს მატარებლით გვიგზავნიდნენ. შემდეგ თავად ჩავდიოდი ქუთაისსა და გორში. ვარჩევდი ახალ რეპერტუარს და ოცამდე კინოფირი მომქონდა. უკან დაბრუნების შემდეგ ახალი მოგვქონდა. კინოჩვენებებზე ბევრი მაყურებელი გვყავდა. შეყვარებული წყვილები წინასწარ მითანხმდებოდნენ და ადგილებს ვუნახავდი, ხშირად ვხუმრობდი, რამდენი შეყვარებული დავაქორწინე აღრიცხვა უნდა ვაწარმოო-მეთქი.
ხარაგაულელები ზურია ბუხნიკაშვილი და „არტაშა“ მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ „დღეს ფილმში სროლა არის?“ თუ ვეტყოდი, რომ სროლა არ იყო, მიდიოდნენ. თუ სროლა იყო, დიდი გატაცებით უყურებდნენ.
გასული საუკუნის 90-იანი წლების მძიმე პერიოდი კინოსაც დაეტყო და საქმე უკან-უკან წავიდა.
ახლა ქართულ ჟურნალ-გაზეთებსა და ტელევიზიაში ამბობენ, რომ საქართველოში კინო მოკვდა, რაზეც ძალიან მწყდება გული. თბილისში არის მხოლოდ რამდენიმე კინოთეატრი. ჩემს შვილს, რომელიც ხანდახან რუსეთიდან მსტუმრობს, ვეკითხები, იქ როგორაა კინოს საქმე. სრული ანშლაგია ყველა ჩვენებაზეო, – ამბობს. რუსებს ძალიან უყვართ კინო. ყველა თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კინო. რომ არა მისი ესოდენ დიდი მნიშვნელობა, წითელი ხალიჩები და ასეთი დაჯილდოებები არ იქნებოდა. ვერ ამიხსნია, რატომ გაქრა საქართველოში ფართო ეკრანზე ფილმის ჩვენების კულტურა“.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი